ბრძოლა ტრაქტორით, საუნით, თამბაქოს აკრძალვით - რა უცნაურ მეთოდებს იყენებენ მსოფლიო ქვეყნები კორონავირუსის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

ბრძოლა ტრაქტორით, საუნით, თამბაქოს აკრძალვით - რა უცნაურ მეთოდებს იყენებენ მსოფლიო ქვეყნები კორონავირუსის წინააღმდეგ

რიგი ქვეყნები, პანამიდან დაწყებული თურქმენეთამდე, კორონოვარისულ პანდემიას საკმაოდ არატრადიციული მეთოდებით ებრძვიან და პირბადესთან, ჯარიმებთან და კომენდანტის საათთან ერთად გარკვეული ახალი, თავისებურ შეზღუდვებსაც მიმართავენ.

ტაილანდსა და პანამაში თამბაქოს მოწევა აკრძალეს, ქუჩაშიც კი, სუფთა ჰაერზე. როგორც ამბობენ, სიგარეტის კვამლით ვირუსით დაავადების რისკი მატულობს.

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უპილოტო საფრენი აპარატებით (დრონებით) ავტომაგისტრალების დეზინფექციას ახდენენ, თუმცა ბოლო მონაცემებით, შედეგები მაინცდამაინც დამაიმედებელი არ არის.

თურქმენეთის ავტორიტარულ ხელისუფლებას არ სურს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის არსებობა აღიაროს და ამიტომ მოსახლეობას პირბადეების გაკეთებას მხოლოდ იმიტომ ურჩევს, რომ ჰაერში მომატებული მტვერია და თავს გაუფრთხილდითო. ამ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის "კორონავირუსი" გამოყენება აიკრძალა, თუმცა მოგვიანებით ეს ოფიციალურმა უწყებებმა კატეგორიულად უარყვეს.

ავტორიტარული თურქმენეთის ლიდერი, განათლებით სტომატოლოგი გურბანგული ბერდიმუხამედოვი, მაგალითად, დარწმუნებულია, რომ ჰამალას სახელწოდებით ცნობილი ბალახის დაწვა კორონავირუსისგან დაცვის უძველესი საშუალებაა.

ბელარუსში კორონავირუსის საწინააღმდეგო რჩევებს არ იშურებს ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც, მოგეხსენებათ, ამ ქვეყანას ოც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავს.

მაგალითად, ლუკაშენკომ მოსახლეობას ურჩია, რომ ხშირად დაიბანონ ხელები, თავის დროზე მიიღონ საკვები და იმუშაონ მინდორში. "სასიამოვნოა ტელევიზორით იმის ყურება, თუ როგორ მუშაობს ხალხი ტრაქტორზე. ტრაქტორი ყველას განკურნავს, მინდორში მუშაობა ყველას მოარჩენს", - განაცხადა მან.

ერთხელ კი, თავის მინისტრებს ბელარუსის პრეზიდენტმა ურჩია, რომ ოფლის მოსადენად იარონ მშრალ საუნაში, რადგან, მისი აზრით, 60 გრადუს ცელსიუსზე კორონავირუსი კვდება. გააგრძელეთ კითხვა