ისრაელის უსაფრთხოების ძალები ალ-აქსას მეჩეთში შეიჭრნენ, დაშავებულია ასობით ადამიანი - კვირის პალიტრა

ისრაელის უსაფრთხოების ძალები ალ-აქსას მეჩეთში შეიჭრნენ, დაშავებულია ასობით ადამიანი

ისრაელის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები დღეს დილით ალ-აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, დაშავებულია ასობით ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას "ალ-ჯაზირა" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამართალდამცავებმა პალესტინელების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს.

პალესტინის "წითელი ნახევარმთვარის" ინფორმაციით, მათი სამედიცინო გუნდი დაპირისპირების ადგილზე არ შეუშვეს.

"შეტაკებების შედეგად დაშავებულია ასობით ადამიანი,"- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ისრაელი დღეს "იერუსალიმის დღეს" აღნიშნავს, რის გამოც ქალაქში დაძაბულობამ იმატა. ამ დღეს, ტრადიციულად, ისრაელის დროშებით ხელში ებრაელი ახალგაზრდები მსვლელობას აწყობენ. სამართალდამცავების ინფორმაციით, მშვიდობის შესანარჩუნებლად იერუსალიმის ქუჩებში ათასობით პოლიციელია მობილიზებული.