აშშ-მა „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა - კვირის პალიტრა

აშშ-მა „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა

შეერთებული შტატების "საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ" "ფაიზერის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი კოვიდ 19-ის ვაქცინაა, რომელიც აშშ-ში ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირების ვაქცინაციისთვის დაამტკიცეს.

"დღევანდელი ქმედება ახალგაზრდა მოსახლეობა კოვიდ-19– ისგან დაცვის შესაძლებლობას იძლევა, რაც გვაახლოებს ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნების განცდასა და პანდემიის დასრულებასთან. მშობლებსა და მეურვეებს შეუძლიათ დარწმუნდნენ, რომ სააგენტომ ყველა არსებული მონაცემის მკაცრი და საფუძვლიანი განხილვა განახორციელა," - განაცხადა აშშ-ის "საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის" კომისრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯანეტ ვუდკოკმა.

კომპანიებმა "ფაიზერმა" და "ბიოტექმა" მარტში განაცხადეს, რომ კლინიკურმა კვლევებმა მათი ვაქცინის 12- დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა აჩვენა.

კვლევის დროს, რომელშიც ამ ასაკის 2 260 მოზარდი მონაწილეობდა, დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა ბავშვების იმ ჯგუფში, რომელიც ვაქცინით აცრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინამ დაავადების პრევენციის კუთხით 100 %-იანი ეფექტურობა აჩვენა.

კომპანიებმა შეერთებული შტატების "საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას" ვაქცინის ამ ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვის გაცემის თხოვნით აპრილის დასაწყისში მიმართეს.

"ინტერპრესნიუსი"