"ქართველი ქურდების ბანდა, რომელიც მთელ ესპანეთს შიშის ზარს სცემდა... განა ქართველს პანდემია შეაშინებს" - რას წერს გერმანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ქართველი ქურდების ბანდა, რომელიც მთელ ესპანეთს შიშის ზარს სცემდა... განა ქართველს პანდემია შეაშინებს" - რას წერს გერმანული გამოცემა?

გერმანული რადიო "დოიჩე ველე" (Deutsche Welle) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "კორონავირუსმა ესპანეთში ქართველი ქურდების აქტიურობა ვერ დააქვეითა", რომელშიც პირენეის ნახევარკუნძულზე მყოფი ქართველი კრიმინალების ყოველდღიური "საქმენი საგმირონი" არის გადმოცემული.

"პანდემიასთან დაკავშირებულმა საკარანტინო შეზღუდვებმა ესპანეთში ქართველი მძარცველების აქტიურობა ვერ შეამცირა: ისინი ძველებურად ლიდერობენ ქვეყანაში მომხდარი საცხოვრებელი ბინების ძარცვის სტატისტიკაში", - იუწყება გერმანული რადიო.

"მაისის დასაწყისი ესპანეთში მძაფრი პოლიტიკური მოვლენებით აღინიშნა, რაც მადრიდში რეგიონული არჩევნებით იყო განპირობებული. მაგრამ არჩევნების სიმწვავე, ადგილობრივი პრესის აღიარებით, სხვა მოვლენამ დაჩრდილა, რომელიც საზოგადოებას კრიმინალურმა სამყარომ "შესთავაზა". ხმის მიცემის დღეს - 4 მაისს საქართველოს 31 წლის მოქალაქემ, ვინმე კონსტანტინე ფ.-მ გაბედული თავდასხმა განახორციელა მადრიდის "ერმიტაჟზე" - ცნობილ საიუველირო მაღაზიაზე, რომელიც ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს.

თავდასხმამ, რომელიც მძევლების აყვანით, შეხლა-შემოხლითა და ვიტრინების ჩამტვრევით აღინიშნა, პანიკა და ქუჩაში მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. პოლიცია იძულებული გახდა, იარაღი გამოეყენებინა. საბოლოოდ, ეს ისტორია თავდამსხმელის დაპატიმრებით დასრულდა. ამასთანავე, ინციდენტმა პრესას საბაბი მისცა, კონსტანტინე ფ.-ს თანამემამულეთა სხვა "გმირობებიც" გაეხსენებინა - რაც ქართველებს მანამდე ჰქონდათ ჩადენილი ესპანეთში.

ატიპური შემთხვევა ქართველი ქურდებისათვის

როგორც "დოიჩე ველეს" ესპანეთის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურიდან შეატყობინეს, კონსტანტინე ფ. ბოლო წლებში სასჯელს  წინა პერიოდში ჩადენილი ძარცვებისათვის იხდიდა. "ერმიტაჟის" გასაძარცვავად მან იმ შვებულებით ისარგებლა, რომელიც მას სასჯელის ნახევარი ვადის მოხდის შემდეგ მისცეს. პოლიციის განცხადებით, ქართველ მძარცველს საიუველირო მაღაზიაზე თავდასხმა შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს, იმდენად, რამდენადაც ახალი დანაშაული "განსაკუთრებით საშიში შეიარაღებული თავდასხმის" კატეგორიაში გადის. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ სამართალდამრღვევი მხოლოდ პისტოლეტისა და ავტომატის პლასტმასის მულიაჟით იყო "შეიარაღებული".

როგორც მადრიდის ადვოკატთა კოლეგიის წევრმა - ხოსე იგნასიო ფლორესმა "დოიჩე ველესთან" საუბარში აღნიშნა, კონსტანტინე ფ.-ს საპყრობილეში საკმაოდ დიდი დროის გატარება მოუწევს. იურისტმა, რომელსაც არაერთგზის ყოფილა ქართველი მოქალაქეების დამცველი სასამართლოში, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოცემული შემთხვევა "ატიპურია", იმიტომ, რომ ადრე ქართველი სამართალდამრღვევები ესპანეთში, ძირითადად, საცხოვრებელი ბინების ძარცვაში იყვნენ დაოსტატებულები და, როგორც წესი, თავს არიდებდნენ ძალადობას.

ბინის ძარცვები ესპანეთში

იურისტის მონაცემებით, რასაც პოლიციაც ადასტურებს, საქართველოდან ესპანეთში ჩასულმა კრიმინალებმა ბოლო წლებში მომხდარი ბინის ყველა ძარცვის 60% ჩაიდინეს. ეს ძარცვები ხორციელდებოდა, როგორც წესი, ქალაქის გარეუბნებში, სადაც ძირითადად მუშები ცხოვრობენ და, შესაბამისად, მათ სახლებში კონსიერჟები (მოსამსახურეები) არ ჰყავთ. მძარცველებს მიჰქონდათ ფული, საათები და ოქროულობა.

საქმე ეხება ორგანიზებულ დაჯგუფებებს, - ამბობს ხოსე იგნასიო ფლორესი. ესპანეთში მხოლოდ მათი მეთაურები და ნაძარცვის შემსყიდველები ცხოვრობენ. კრიმინალური ფრონტის რიგითი მებრძოლები ქვეყანაში მხოლოდ დროებით, ტურისტების სტატუსით ჩამოდიან, აქ მათ კერძო ბინებში ასახლებენ, ამარაგებენ პროდუქტებით და სახარჯო ფულით, მათ შორის - ადვოკატის მომსახურებისთვის - იმ შემთხვევაში, თუ ქურდი პოლიციის ხელში აღმოჩნდება.

ქართველების ბანდა, რომელიც მთელ ესპანეთს შიშის ზარს სცემდა

ესპანეთის ეროვნული პოლიციის მონაცემებით, მხოლოდ აპრილის ბოლოს დაკავებული იქნა საქართველოს 8 მოქალაქე - სევილიაში და ხიხონში. მათ ბრალად ედებათ 28 ბინის გაქურდვა. მანამდე კი დაპატიმრებები განხორციელდა ბარსელონაში, სარაგოსაში და მადრიდში. გასული წელი კი აღინიშნა ვინმე, ზვიად დარსაძის ხმაურიანი სასამართლო პროცესით, რომელსაც ესპანელები "კანონიერ ქურდად" და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელად თვლიან. მისი დაჯგუფება, რომლის 125 წევრი 2019 წელს იქნა დაკავებული, პოლიციის მტკიცებით, მთელ ესპანეთს აწიოკებდა და მოსახლეობას შიშის ზარს სცემდა.

სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ზვიადისა და მისი რაზმის დაკავება და მათთვის გამოტანილი განაჩენი მთლიანობაში ძარცვების რაოდენობაზე არ ასახულა, - ამბობს ადვოკატი ხოსე იგნასიო ფლორესი. ზვიად დარსაძე სხვა ავტორიტეტმა შეცვალა - ზუსტად იმავენაირად, როგორც მან შეცვალა თავის დროზე ესპანეთიდან დეპორტირებული "კანონიერი ქურდი" კახაბერ შუშანაშვილი. ამ მხრივ პრობლემა არც დაჯგუფების რიგით წევრებთან მიმართებით გაჩენილა - ისინიც ახლებმა შეცვალეს.

პანდემია? განა ქართველს ვირუსი შეაშინებს?

პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა მკაცრმა კარანტინმა, რომლის დროსაც ესპანეთში გადაადგილებაც კი იკრძალებოდა, ეროვნული პოლიციის პრესსამსახურის ცნობით, ქართველი ბინის მძარცველების ("დომუშნიკების") აქტიურობა ვერ შეამცირა. ამის მიზეზი რამდენიმე გარემოებაა.

პირველი - ავიარეისების გაუქმების გამო, ხელისუფლებამ უცხოელებს ქვეყანაში გაურკვეველი ვადით დარჩენის ნება მისცა - შეიძლება ითქვას, ქართველები ესპანეთში "გაიჭედნენ", მაგრამ სიტუაცია თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს - მათ ქურდების კადრები შეავსეს. "გარდა ამისა, მართალია შეზღუდვები საქართველოშიც არსებობს, მაგრამ ქართველები ესპანეთში მესამე ქვეყნის გავლით მაინც ჩამოდიან, რადგან მათ ვიზა არ სჭირდებათ", - განმარტავს ადვოკატი.

მეორე - პოლიცია ბოლო დროს, ძირითადად, საკარანტინო ზომების დაცვით არის დაკავებული და, აქედან გამომდინარე, მისთვის ბინის მძარცველების - "დომუშნიკების" პრობლემა მეორეხარისხოვანი გახდა;

მესამე - ბევრმა ესპანელმა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ქალაქის ბინები დროებით დატოვა და სოფლებს მიაშურა. "ჰოდა, ასეთი ბინების გასუფთავება ძვირფასი ნივთებისაგან განსაკუთრებულ შრომას არ მოითხოვს", - ასკვნის ადვოკატი.

ესპანეთში მუდმივად საქართველოდან წამოსული 20,4 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ეროვნულ პოლიციაში ხაზს უსვამენ, რომ მათ უმრავლესობას კრიმინალურ სამყაროსთან კავშირები არ აქვს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ