"მშობლებს შიგნით არ უშვებდნენ, ისინი ყვიროდნენ - დაგვიბრუნეთ ჩვენი შვილები! ირგვლივ ყველა პანიკაში იყო"
"მშობლებს შიგნით არ უშვებდნენ, ისინი ყვიროდნენ - დაგვიბრუნეთ ჩვენი შვილები! ირგვლივ ყველა პანიკაში იყო"
11 მაისს რუსეთის ქალაქ ყაზანში, 175-ე გიმნაზიაში ერთი პირი შეიჭრა. თავდასხმის შედეგად გაირდაიცვალა 9 ადამიანი - 2 მასწავლებელი და 7 მოსწავლე. თავდასხმა ამავე სკოლის ყოფილმა მოსწავლემ მოაწყო. სამართალდამცავებმა ის მალევე დააკავეს. დაკითხვისას ბრალდებულმა განაცხადა, რომ საკუთავი თავი "ღმერთი" ჰგონია.
11 მაისის დილას, მაშინ, როცა ალისა ზ. და სხვა მოსწავლეები საკლასო ოთახებში გაკვეთილის დაწყებას ელოდებოდნენ, 175-ე გიმნაზიის დერეფანში უცნაური ხმები გაისმა, რომელსაც გასროლის ხმაც მოჰყვა.

ალისას თანაკლასელებმა მეორე სართულზე, საკლასო ოთახის
ფანჯრებთან მიირბინეს, ალისამ ფანჯარასთან მისვლა ვერ მოასწრო...

"საკლასო ოთახის დატოვებისას სხვა ოთახებში შევირბინე და დავიყვირე, რომ იარაღით ისროდნენ, ამ დროს დერეფანში დირექტორის ხმაც გავიგეთ, რომელიც აცხადებდა, რომ ოთახებში უნდა ჩავიკეტოთ. ჩვენ ჩუმად ვისხედით ფანჯრებთან. გვესმოდა აფეთქებები, იარაღის გასროლა და ყვირილი", - ამბობს 17 წლის მოსწავლე
ბი-ბი-სისთან საუბრისას.

ალისა ყველა გარდაცვლილს იცნობდა: "ყველას ვიცნობდი, ისინი ძალიან კეთილი და კარგი ბავშვები იყვნენ".
გარკვეული პერიოდის შემდეგ ოთახის კარი "ომონის" წევრებმა შეამტვრიეს და გადარჩენილი ბავშვები სხვა გასასვლელიდან გაიყვანეს.

სკოლაში განვითარებულ ამბებს შემთხვევით შეესწრო ადგილობრივი ჟურნალისტი რენატ სადიკოვი, მან სკოლისკენ მიმავალი სასწრაფო დახმარების მანქანები დაინახა. ცოტა ხანში სკოლის მხარეს მშობლებიც გარბოდნენ.

"მშობლებს შიგნით არ უშვებდნენ, ისინი ყვიროდნენ - დაგვიბრუნეთ ჩვენი შვილები! ირგვლივ ყველა პანიკაში იყო".

ბავშვების თქმით, თავდაპირველად, განგაშის ხმის გაგონებისას, მათ იფიქრეს, რომ სკოლაში კიდევ ერთი შემოწმება ტარდებოდა, თუმცა როცა სკოლაში ფანჯრები ჩაიმსხვრა, აფეთქებისა და გასროლის ხმა გაიგეს, ეზოში კი სისხლით დასვრილი ხალხი ჩანდა, სახალისო შემოწმება პანიკად გადაიქცა.

სკოლაში შეჭრის შედეგად დაშავდა 20 ადამიანი, გარდაიცვალა 9, მათ შორის - სკოლის 7 მოსწავლე. 8 ადამიანი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულთა შორის არის 7 წლის ბიჭი და 8 წლის გოგონა. ზოგიერთი საინფორმაციო სააგენტო, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, აცხადებდა, რომ გარდაცვლილი 11 ადამიანი იყო.

ვინ არის თავდამსხმელი?

საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელებული ინფორმაციით, 175-ე სკოლას 19 წლის ილნაზ გალიავიევი დაესხა თავს. 4 წლის წინ ილნაზმა სწორედ ის სკოლა დაამთავრა, რომელშიც 11 მაისს სანადირო თოფით - Hatsan Escort-ით მივიდა. ცნობილი გახდა ისიც, რომ გალიავიევმა იარაღის ტარების ლიცენზია სკოლაზე თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე - 28 აპრილს აიღო. მაღაზიის გამყიდველის თქმით, მან იარაღთან ერთად ათასამდე ტყვია შეიძინა, შეძენისას კი ლიცენზია წარადგინა.

საინფორმაციო სააგენტოებსა და "ტელეგრამში" გავრცელებული ინფორმაციით, გალიავიევი ქუჩაში იარაღით გადაადგილდებოდა და სკოლამდეც თავისუფლად მივიდა, ისე, რომ არავის გაუჩერებია. მას შავი პირბადე ეკეთა.

დაახლოებით, დილის 09:18 წუთზე გაისმა პირველი გასროლა. ჩამოიმსხვრა სკოლაში შესასვლელი კარის ფანჯრები. 62 წლის მულანურ მუსტაფინი, რომელიც ადრე ბავშვებს მათემატიკას ასწავლიდა, შემდეგ კი სკოლაში სხვა პოზიციაზე მუშაობდა, გასროლის ხმაზე გარეთ გამოვიდა. პირველი ტყვია სწორედ მას მოხვდა... ბიჭმა ყოფილ მასწავლებელს რამდენჯერმე ესროლა, მას ტყვია თავშიც მოხვდა, თუმცა ცოცხალი გადარჩა.
ილნაზ გალიავიევი
გასროლის ხმაზე შესასვლელში მჯდომი მორიგე ქალი მაგიდის ქვემოთ დაიმალა, ბრალდებულმა ის ვერ შეამჩნია და გვერდით ჩაუარა. დამალულმა ქალმა მოახერხა და განგაშის ღილაკით სკოლაში დასახმარებლად რუსული გვარდია გამოიძახა.

დღის განმავლობაში საინფორმაციო საშუალებებში უამრავი გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ამბობდნენ, დამნაშავე კიდევ ერთ თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა, თუმცა ეს არ დადასტურდა. სამართალდამცავთა განცხადებით, გიმნაზიაში შეჭრისას ბრალდებულმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.

სკოლაში შესვლისას გალიავიევი "8-ა" კლასის ოთახისკენ გაემართა. ის ყველა მიმართულებით ისვროდა, შემდეგ სხვა მოსწავლეებთან შესაღწევად, დერეფანში დადიოდა და ჩაკეტილი საკლასო ოთახების გაღებას ცდილობდა.

მისი ერთ-ერთი მსხვერპლი 25 წლის ინგლისური ენის მასწავლებელი ელვირა ეგნატევა გახდა. თავდასხმისას ის გაკვეთილს მეხუთე კლასელებს უტარებდა და გასროლის ხმაზე დერეფანში გამოვიდა. თვითმხილველთა თქმით, მასწავლებელი ბავშვებს გადაეფარა და სწორედ ასე დაიღუპა.

გასროლისას დაიღუპა კიდევ ერთი მასწავლებელი - ვენერა აიზატოვა.

სამართალდამცავები სკოლაში თავდასხმიდან 7-8 წუთში მივიდნენ. მათ ბრალდებული მაშინვე დააკავეს. სკოლიდან ბავშვები "ომონის" წევრებმა გამოიყვანეს.

"მას ყველა ეზიზღებოდა"

როგორც ცნობილია, 19 წლის ბრალდებული ერთ-ერთ ინსტიტუტში, მეოთხე კურსზე სწავლობდა, თუმცა სასწავლებლიდან გამორიცხეს. ამბობენ, ილნაზი "წყნარი და არაკონფლიქტური სტუდენტი იყო", თუმცა იანვრიდან ის აღარ ესწრებოდა ლექციებს, არც გამოცდები ჩააბარა და სასწავლებლიდან გარიცხეს.

როგორც აღმოჩნდა, სოციალურ ქსელ "ტელეგრამში" ის უცნაურ პოსტებს აქვეყნებდა:

"მსოფლიოში არ უნდა დარჩეს არაფერი ცოცხალი, ეს სამყაროს შეცდომაა" - დაწერა მან სოციალურ ქსელში. სკოლაზე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე კი დაწერა, რომ ის ბევრ ადამიანს მოკლავდა.

დაკითხვის ვიდეო ერთ-ერთმა ტელევიზიამ გამოაქვეყნა, სადაც ამბობს:

"მე ღმერთად დავიბადე, ეს 2 თვის წინ გავიაზრე. ზაფხულში კი ჩემში ურჩხულმა გაიღვიძა. ვერავის ვიტანდი, თუმცა ახლა უფრო მეტად შევიძულე ყველა", - ამბობს ბრალდებული, რომელმაც რამდენიმე მასწავლებელი და მოსწავლე მოკლა.

ამავე დაკითხვაში საზოგადოებამ გაიგო, რომ რამდენიმე თვით ადრე, ბიჭმა დედას განუცხადა, რომ ის "ღმერთი" იყო.

საინფორმაციო სააგენტო Life-ის ცნობით, ფსიქიატრმა, რომელმაც იარაღის ლიცენზიის გაცემამდე ბრალდებული შეამოწმა, ის სრულიად ჯანმრთელად ჩათვალა.

სკოლასთან, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, მოქალაქეებმა ყვავილები მიიტანეს და დაღუპულებს იხსენებენ. 12 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

"დილით მშობლებმა შვილები სკოლაში გამოუშვეს და მათ ვეღარასდროს ნახავენ", - ამბობენ სკოლასთან სამძიმარზე მისული მოქალაქეები.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყაზანის სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ იარაღის გამოყენების შესახებ წესების გამკაცრების განკარგულება გასცა. (წყარო)

ლელა ტეფნაძე
14 მაისი 2021 20:59
თანაგრძნობა დაღუპულების, ოჯახებს და ახლობლებს, დამნაშავე მკვლელი კი უნდა სათანადოდ დაისაჯოს....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები