სეიშელის კუნძულებზე ეპიდაფეთქებაა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 70-%-ზე მეტი სრულყოფილად არის უკვე აცრილი - დააყენებს თუ არა ეს შემთხვევა "სინოფარმის" ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ? - კვირის პალიტრა

სეიშელის კუნძულებზე ეპიდაფეთქებაა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 70-%-ზე მეტი სრულყოფილად არის უკვე აცრილი - დააყენებს თუ არა ეს შემთხვევა "სინოფარმის" ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ?

სეიშელის კუნძულებზე არსებული ეპიდსიტუაცია მსოფლიო მედიიის ყურადღების ცენტრშია. ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 70-% ზე მეტი სრულყოფილად არის ვაქცინირებული, ხელახალ კოვიდ-აფეთქებას ვერ გადაურჩა. ქვეყანაში ჩოვიდ-19 სიმპტომური ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 300-ს სცდება, საერთო ჯამმა კი 8,172 შეადგინა. ეს ციფრი , შესაძლოა, ერთი შეხედვით საგანგაშო არ ჩანდეს, თუმცა, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ კუნძულზე სულ 100,000 ადამიანი ცხოვრობს, ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე კრიტიკულად მაღალია და ინდოეთში არსებულ მაჩვენებელსაც კი აღემატება.

ეპიდვითარების ამგვარმა დამძიმებამ ახალი შეზღუდვების დაწესების საჭიროება გააჩინა. რეგულაციები გამკაცრდა - მაღაზიები, ბარები და კაზინოები ჩვეულებრივზე ადრე იკეტება. ტურისტებს კი სანაპიროზე დიდ ჯგუფად შეკრება ეკრძალებათ - ნებადართულია მხოლოდ 4 ადამიანი. გადაიდო სასწავლო სემესტრის დაწყებაც. იმ ფაქტმა, რომ ქვეყანამ მასშტაბური ვაქცინაციის საპასუხოდ ეპიდსიტუაციის დამძიმება მიიღო, ვაქცინების ეფექტურობის მიმართ გარკვეული კითხვები გააჩინა.

სეიშელის კუნძულებზე მოსახლეობის მასობრივი აცრა ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო, რამაც მძიმე ეკონომიკური ვითარების განმუხტვა და ტურიზმის გააქტიურება შესაძლებელი გახადა. თუმცა გასული თვიდან ეპიდსიტუაცია ისევ დაიძაბა და ქვეყანა ინფექციის გავრცელების პიკურ ნიშნულს დაუბრუნდა. ცნობილია, რომ სეიშელზე ვაქცინაციაა "სინოფარმითა" და "კოვიშილდით" (ასე ეწოდება ინდოეთში წარმოებულ ბრიტანულიOxford/AstraZeneca-ს ვაქცინას) ჩატარდა, თუმცა მეტი წილი - 60 %, "სინოფარმზე" მოდის. რას უკავშირდება სეიშელზე ხელახალი კოვიდაფეთქება და მასშტაბური ვაქცინაციის შემდეგ, ვითარების გაუმჯობესების მაგივრად პირიქით რატომ მოხდა? - ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჯერ არ არსებობს. თუმცა, როგორც სეიშელის ჯანდაცვის სამინისტრო, ისე ჯანმო, ვაქცინების ეფექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ვერ ხედავს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ახალი აქტიური შემთხვევების უმრავლესობა იმ პირებში გამოვლინდა, რომლებიც აცრილები არ იყვნენ ან მხოლოდ ერთი დოზა ჰქონდათ ჩატარებული. უწყების ცნობით, სრულყოფილად აცრილები ინფიცირებულთა მესამედს შეადგენენ. სეიშელის მთავრობას ამ მომენტისათვის არ უთქვამს, რამდენი შემთხვევა მოდის ჩინური "სინოფარმით" ვაქცინირებულ ადამიანებზე. "შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქია", - ასე განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის პროგრამის დირექტორმა ქეით ო"ბრაიენმა. განაგრძეთ კითხვა