"ჩვენ მხარს ვუჭერდით ებრაელებს ჰიტლერის წინააღმდეგ, ახლა კი - პალესტინელების მხარეს ვართ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ" - რას წერს თურქული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ჩვენ მხარს ვუჭერდით ებრაელებს ჰიტლერის წინააღმდეგ, ახლა კი - პალესტინელების მხარეს ვართ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ" - რას წერს თურქული გამოცემა?

ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს გასულ დღეებში გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ისრაელის ქმედებები არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს და ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.

"თურქეთი მოითხოვს ალ-აქსას მეჩეთსა და მუსლიმებზე საზიზღარი თავდასხმები დაუყოვნებლივ შეჩერდეს. თითოეული მუსლიმის მოვალეობაა, დაიცვას წმინდა ქალაქის, იერუსალიმის პატივი, დიდება და ღირსება", - დაწერა ერდოღანმა "ტვიტერზე".

თუ ისტორიას გადავხედავთ, ახლო აღმოსავლეთის მთავარ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს - თურქეთს და ისრაელს ერთმანეთში, შეიძლება ითქვას, პერმანენტული დაპირისპირება აქვთ, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს რეგიონის სტაბილურობაზე.

ბუნებრივია, თურქული პრესა დიდ ყურადღებას უთმობს ისრაელ-პალესტინის დაპირისპირების ამჟამინდელ გამწვავებას. პრესაში ყოველდღიურად ქვეყნდება სტატიები, ინტერვიუები, კომენტარები ბოლო დღეებში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით.

გაზეთი "საბაჰი" (Sabah) სტატიაში - "ჩვენ მხარს ვუჭერდით ებრაელებს ჰიტლერის წინააღმდეგ, ახლა კი - პალესტინელების მხარეს ვართ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ" (ავტორი - მეჰმეთ ბარლასი) ყურადღებას ამახვილებს, რომ ისრაელის ადმინისტრაციამ პალესტინელების ჩაგვრა ურაზა-ბაირამის ზეიმის დღეებშიც კი გააგრძელა.

"ჩვენ, თურქები, ებრაელების მტრები არ ვართ. არსებობს ფაქტები, რომლებიც ებრაელებმა უნდა იცოდნენ: როცა ესპანეთის მეფე ფერდინანდმა და დედოფალმა იზაბელამ ებრაელები ესპანეთიდან გააძევეს (1492 წელს ესპანეთში ებრაელებს ულტიმატუმი წაუყენეს - ან გაქრიტიანება, ან ქვეყნიდან გაძევება - ს.კ.), ჩვენ ისინი ხელგაშლით მივიღეთ. იმ დროს, როცა ევროპულ ქვეყნებში ანტისემიტიზმს და ებრაელებისადმი სიძულვილს აღვივებდნენ, ოსმალეთის მიწებზე ებრაელებს უფლებები არ შეუზღუდავთ, მათ ყველასთან თანაბარი უფლებები ჰქონდათ. როცა ადოლფ ჰიტლერმა ებრაელებს გენოციდი მოუწყო, თურქეთმა ებრაელი მეცნიერები გულთბილად მიიღო... 1948 წელს, როცა გაერომ გადაწყვეტილება მიიღო ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოების შექმნის თაობაზე, თურქეთმა პირველმა აღიარა ისრაელის დამოუკიდებლობა.

ასე რომ, უგუნურმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ვიდრე, ვთქვათ და, თურქეთზე თავდასხმას გადაწყვეტს, პირი და ტვინი უნდა გამოირეცხოს, რომ სამართლიანად ილაპარაკოს. თურქეთი და მისი პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი გმობს იმ ფაქტს, რომ ისრაელი ნეთანიაჰუს აგრესიული პოლიტიკის მძევალია. მისი მთავრობა პალესტინელებს ჰიტლერული გერმანიის მსგავსად ექცევა და ჩაგრავს. როცა იცხაკ რაბინმა (ისრაელის პრემიერმა) და იასირ არაფატმა (პალესტინის ლიდერმა) 1993 წელს ოსლოში ხელი სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს, თურქეთმა მათ მხარი დაუჭირა; როცა 1995 წელს ებრაელმა ფანატიკოსმა იცხაკ რაბინი მოკლა, ჩვენ დავგმეთ მკვლელობის ფაქტი ანუ თურქეთს ყოველთვის ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა უსამართლობაზე, ვის წინააღმდეგაც უნდა ყოფილიყო ის მიმართული - ებრაელების თუ პალეტინელების.

მსოფლიოში ბევრი რამ ხდება, როგორც სწორად და სამართლიანად, ასევე - მცდარად და უსამართლოდ. ყურადღება მივაქციოთ დიდ ბრიტანეთს: ლონდონის მერად მეორე ვადით ირჩევენ მუსლიმ სადიკ ხანს. მაგრამ, იმავდროულად, საფრანგეთში პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ოპოზიციონერი მარი ლე პენი ფანატიკური ისლამოფობები არიან. ასევე, თვით ისრაელშიც იაირ ლაპიდი ძალიან განსხვავდება ბენიამინ ნეთანიაჰუსაგან. ჩვენ, თურქები, უკანონობის, ძალადობის, ჩაგვრის, ფანატიკური დისკრიმინაციის მოწინააღმდეგეები ვართ. როცა ებრაელებს ჩაგვრავდნენ, ჩვენ მათ მხარეზე ვიყავით, ახლა როცა პალესტინელები ბენიამინ ნეთანიაჰუს ტირანიას განიცდიან, ჩვენ პალესტინის მხარეზე ვართ". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ