"როგორი იქნება მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ? მომავალი პანდემიის შემდგომ" - რას წერს გერმანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"როგორი იქნება მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ? მომავალი პანდემიის შემდგომ" - რას წერს გერმანული გამოცემა

როგორი იქნება მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ? გერმანული გაზეთის "დი ცეიტსისთვის" (Die Zeit) მიცემულ ინტერვიუში სათაურით - "მომავალი პანდემიის შემდგომ: "ჩვენ პირადი შეხვედრების აუცილებლობაზე ვიფიქრებთ", ფუტუროლოგებმა თავიანთი თვალსაზრისი გამოხატეს იმაზე, თუ როგორ შეიცვლება ქალაქები, სამსახურის რეჟიმი, კვება და საერთოდ, ადამიანებს შორის ურთიერთობა.

"ჩვენ ბოლო წლებში ციფრულ ემპათიას მივეჩვიეთ - თანაგრძნობას, ემოციებს შორიდან გამოვხატავდით, მაგრამ მალე, ალბათ, სამგანზომილებიანი ფორმატიდან ორიანზე გადავალთ. უფრო ყურადღებიანი ვიქნებით ერთმანეთისადმი, ხშირად პირადად შევხვდებით ჩვენს ახლობელ ადამიანებს. კორონავირუსის პანდემიამ ბიძგი მისცა ადამიანებს ჩაფიქრდნენ შეხვედრების აუცილებლობაზე - არა მარტო პროფესიული, არამედ - პირადული კონტაქტითაც", - ამბობს აქსელ ცვეკი, ფუტუროლოგიის ლექტორი ახენის რეინ-ვესტფალიის უნივერსიტეტიდან.

"პანდემიის შედეგად, სხვა ტრანსპორტთან შედარებით, ველოსიპედი აბსოლუტურად გამარჯვებული გამოვა", - ამბობს ბერლინელი ფუტუროლოგი შტეფან კარსტენი, - "ბევრ ქვეყანაში უკვე შეიმჩნევა ველოსიპედებზე გადასვლის ტენდენცია. პანდემია ხომ ადამიანის ჯანმრთელობის კრიზისია, შესაბამისად, ადამიანები თავიანთ ფიზიკურ მდგომარეობას, ფიზიკურ აქტიურობას სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ - მით უმეტეს, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი რისკის ზონა გახდა (...), ველოსიპედი ამ მხრივ საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს, ავტომობილი მალე ადგილს სწორედ მას დაუთმობს".

"დღეს კვების ახალი პროდუქტების მოხმარების ბუმის პერიოდში ვართ, რაც პანდემიის შემდეგაც გაგრძელდება", - ამბობს კვების ექსპერტი ჰანა რიუტცერი, - "სასადილოებში, კაფე-რესტორნებში კვების ნაცვლად ბევრმა კერძების სახლში მომზადება დაიწყო. მნიშვნელოვნად გაიზარდა სამზარეულოში და ბინაში ყოფნის დრო, პარალელურად კი, იმის გაცნობიერებამ, თუ რას ვჭამთ. ასე რომ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს უფრო მეტი მნიშვნელობა მიეცემა, ვიდრე ეს ადრე იყო... ასევე, გაგრძელდება ინტერნეტით საჭმელების დაკვეთის გაფართოების ტენდენცია. პანდემიამ საჭმლის მიღების პირობებიც შეცვალა: ბევრ ადამიანს ისევ გაუჩნდა შესაძლებლობა, მთელ ოჯახთან ერთად ისაუზმოს, ისადილოს და ივახშმოს. ზოგს ამის დრო 10-20 და 30 წლის განმავლობაშიც კი არ ჰქონია. კვების აუცილებლობამ პანდემიის პირობებში ოჯახის წევრების დაახლოება გამოიწვია, ფიზიკურადაც და ემოციურადაც".

"გამოკვლევები გვაჩვენებს, რომ საოფისო მუშაობის დრო მინიმუმ 20-30%-ით შემცირდა. ასევე, მნიშვნელოვნად მოიკლო მივლინებების რაოდენობამაც. თუმცა, რასაკვირველია, სამომავლოდ სამუშაოს მხოლოდ ციფრული ხასიათი არ ექნება, მე ამას არარეალურად ვთვლი. ბევრ პროფესიაში დისტანციური მუშაობა შეუძლებელია. სავარაუდოდ, სამუშაო ადგილებს წარმოებაში და საცალო ვაჭრობის სფეროში, ალბათ, რობოტები დაიკავებენ", - აცხადებს ფუტუროლოგიისა და ტრანსფორმაციის ექსპერტი სვენ გეთი. მისი თქმით, "პანდემიის დროს გაიზარდა თანამშრომელთა "გამოწვის" დონე: სახლში მუშაობის დროს ჩვენ ზოგჯერ ზედმეტად ვიხარჯებით. ამიტომაც მოგვიწევს პასუხის გაცემა კითხვებზე: როგორ მივაღწიოთ მუშაობის ბალანსს? ეს დასაქმებულმა უნდა გააკეთოს თუ დამსაქმებელმა? სამომავლოდ უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება ისეთ მუშაობას, სადაც ერთმანეთს უთავსდება დასვენება და სამუშაო, სტრუქტურა და დამოუკიდებლობა".

"პანდემიის პირობებში მოხმარების სფერომ ახალი მნიშვნელობა შეიძინა", - ამბობს სოციოლოგი და ფუტუროლოგი ქრისტიან შულდტი, - "მომხმარებელს მეტი დრო აქვს და ის უფრო გაცნობიერებული გახდა, რაც რაოდენობიდან ხარისხზე გადასვლას ნიშნავს. იგი სულ უფრო მეტს ფიქრობს სისტემურად: სად არის წარმოებული საქონელი, როგორ პირობებში? ესე იგი, შესაბამისად, იზრდება ყურადღება ადგილობრივი პროდუქციისა და მისი მწარმოებლების მიმართ. პანდემიამ თვალსაჩინოდ გვაჩვენა, თუ რამდენად მყიფეა წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვი, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზე - მომხმარებლებზე. გაძლიერდება კონკურენცია ონლაინ-შოპინგის სფეროში, რაც ტრადიციული ქსელური მაღაზიების ტრანსფორმაციას გამოიწვევს". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ