გაუჩინარებულ გოგონას 53 წლის განმავლობაში ეძებდნენ - გახმაურებული საქმე, რომელსაც ბრიტანელი სამართალდამცავები თავიდან იძიებენ - კვირის პალიტრა

გაუჩინარებულ გოგონას 53 წლის განმავლობაში ეძებდნენ - გახმაურებული საქმე, რომელსაც ბრიტანელი სამართალდამცავები თავიდან იძიებენ

ბრიტანელი სამართალდამცავები წლების წინ გაუჩინარებული სკოლის მოსწავლის საქმეს თავიდან იძიებენ. აღნიშნულ ფაქტზე ვრცელ მასალას BBC აქვეყნებს, რომლის ცნობითაც 1968 წელს ბრიტანეთის ქალაქ გლოსტერში სკოლის მოსწავლე მერი ბალსტომი მოულოდნელად დაიკარგა. ფიქრობენ, რომ გოგონა ბრიტანეთში მე-20 საუკუნეში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელის ფრედ უესტის მსხვერპლი გახდა.

ძალადობით სავსე ცხოვრება

ფრედ უესტზე საუბრისას, ყველა აღნიშნავს, რომ მისი ცხოვრება სავსეა ძალადობით, სისასტიკითა და მკვლელობებით.

უესტი 1941 წელს ბირმინგემთან ახლოს პატარა სოფელში დაიბადა, როგორც ის შემდეგ ამტკიცებდა, 12 წლის ასაკში მასზე დედა სექსუალურად ძალადობდა, თუმცა, მამამისი ძალადობას ხელს არ უშლიდა. ეს ამბავი წლების შემდეგ უესტის ძმებმა უარყვეს.

15 წლის ასაკში მან სკოლაში სწავლა მიატოვა, 17 წლის მოტოციკლიდან გადმოვარდა და თავის ტრამვა მიიღო. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ ის საზოგადოების მიმართ აგრესიული გახდა. 18 წლისამ კიდევ ერთხელ მიიღო თავის ტრამვა და დღე-ღამის გონდაკარგული იყო.

24 წლის ასაკში ქალაქ გლაზგოში მანქანით მოზარდს დაეჯახა, რომელიც გარდაიცვალა. ამბობენ, რომ ეს მან გაუაზრებლად გააკეთა. სასამართლომ უესტი გაამართლა, თუმცა გარდაცვლილი ბავშვის მშობლებისა და მეგობრების მუქარის გამო, მან შოტლანდია დატოვა და ინგლისში ქალაქ გლოსტერში გადავიდა საცხოვრებლად.

მისი პირველი მეუღლე პროსტიტუციით იყო დაკავებული, უესტი მას ამ საქმეში მხარს უჭერდა, მათ შვილიც ჰყავდათ. საბოლოოდ, უესტი ცოლმა მიატოვა და მცირეწლოვანი გოგონა ჰეიზერ ენიც გასაზრდელად მამას დაუტოვა.

1968 წელს, როცა უესტი 27 წლის იყო, მშობლების სახლიდან გაქცეული 15 წლის როზმარი უეტსი გაიცნო, მათ ურთიერთობა დაიწყეს, ხოლო როცა გოგონა 16 წლის გახდა, დაქორწინდნენ. ის მეუღლესთან ერთად 1968-69 წლებში ციხეშიც მოხვდა. 1970 წელს მათ პირველი შვილი შეეძინათ.

ისინი ქალაქ გლოსტერში დასახლდნენ და როგორც ამბობენ, 1970-80 წლებში მათ მინიმუმ 13 მკვლელობა და გაუპატიურება ჩაიდინეს. მათი მსხვერპლი ძირითადად არასრულწლოვანი გოგონები იყვნენ.

როზმარი და ფრედი

ქალაქის მთავრობა იმდენად შოკირებული იყო მათ სახლში მომხდარი ამბებით, მათი საცხოვრებელი სახლი დაანგრიეს და იმ ადგილად გადასასვლელი ქუჩა გააკეთეს.

როგორც აღმოჩნდა, 1972 წელს ისინი 15 წლის გოგონაზე თითქმის 2 დღე სექსუალურად ძალადობდნენ. არასრულწლოვანი გოგონა, დროებით მათი შვილების ძიძად ჰყავდათ დაქირავებული. გოგონამ გაქცევა შეძლო და სამართალდამცავებს მიმართა, თუმცა მოგვიანებით, სექსუალური ძალადობის ფაქტი უარყო, უესტები ამ საქმეზე მხოლოდ 50 ფუნტით დააჯარიმეს.

ფრედის და როუზის მსხვერპლი ფრედის პირველი შვილი ჰეიზერ ენიც გახდა. ისინი გოგონაზე წლების მანძილზე სექსუალურად ძალადობდნენ, გოგონა სახლიდან გაიქცა, თუმცა 20 წლის ასაკში ის მამამ და დედინაცვალმა მოკლა. მისი გვამი სახლის ეზოში დამარხეს.

ქუჩა, სადაც ადრე ფრედ უესტის სახლი იდგა

1992 წელს უესტმა მეუღლის თანდასწრებით მათი 13 წლის გოგონა გააუპატიურა. გოგონამ ეს ამბავი მეგობარს უამბო, მეგობარმა კი სასტიკი შემთხვევა დედას გაანდო და მათ პოლიციას მიმართეს.

გამოძიება საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა, ოჯახში 7 ბავშვი ცხოვრობდა, ისინი დაშინებულები იყვნენ და სამართალდამცავებთან ლაპარაკზე უარს ამბობდნენ. გაუპატიურებული არასრულწლოვანი გოგონებიც ჩვენების მიცემაზე არ თანხმდებოდნენ. საბოლოოდ, ერთ-ერთი ბავშვი ალაპარაკდა. მისი თქმით, მშობლები მათ ემუქრებოდნენ, თუ ცუდად მოიქცეოდნენ და ამბავს სხვებს მოუყვებოდნენ ეზოში მათაც ისე დამარხავდნენ, როგორც პირველი შვილი ჰეიზერ ენი დამარხეს. პოლიციამ ეზოში მართლაც აღმოაჩინა გოგონას ცხედარი.

სასამართლომ ფრედ უესტი 13 საქმეში დაადანაშაულა, მისი მეუღლე კი 10 საქმეში. მათ ბრალი სექსუალურ ძალადობასა და მკვლელობაში ედებოდათ.

1995 წელს ფრედ უესტმა საკანში თავი მოიკლა, ხოლო მისი მეუღლე ამ დრომდე დაკავებულია.

გაუჩინარებული გოგონა

1968 წლის 6 იანვარს 15 წლის მერი ბალსტომი შეყვარებულთან შესახვედრად წავიდა და მას შემდეგ სახლში აღარ დაბრუნებულა. გოგონა ბოლოს სახლთან ახლოს ავტობუსის გაჩერებასთან დაინახეს, მას ხელში სამაგიდო თამაში "მონოპოლია“ ჰქონდა, როგორც აღმოჩნდა, სამაგიდო თამაშის ნივთები შეყვარებულმა ათხოვა და მის დასაბრუნებლად მიდიოდა. გაუჩინარებულ გოგონას 53 წლის განმავლობაში ეძებდნენ.

მერი ბალსტომ

2021 წლის მაისში ერთ-ერთმა ტელევიზიამ ფრედ უესტის მკვლელობების შესაღებ გადაიღო დოკუმენტური ფილმი, სადაც უესტის შვილი ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ მამამისმა არა 13, არამედ 30-მდე მკვლელობა ჩაიდინა. სტივენ უესტის განცხადებით, მათ შორის იყო მერი ბალსტომიც.

უესტის შვილის განცხადებით, სამართალდამცავები გოგონას გვამს იმ კაფეს ტერიტორიაზე ნახავენ, სადან მერი იმ პერიოდში მუშაობდა. ცნობილი გახდა, რომ 1970-იან წლებში კაფეს The Pop-In ერქვა. მერი მაშინ ოფოციანტად მუშაობდა. კაფე ფრედ უესტის სახლთან ახლოს იყო, ფრედი კაფეში ხშირად დადიოდა და მეტიც, როცა გოგონა დაიკარგა, იმ პერიოდში კაფეში სარემონტო სამუშაოს, მათ შორის, ბეტონის იატაკს აკეთებდა. ფიქრობენ, რომ შესაძლოა მოკლული მერის ცხედარი მკვლელმა ამ ადგილას დამარხა.

ქალაქის პოლიციამ გაითვალისწინა მკვლელის შვილის ეს განცხადება და ამჟამად ის ადგილი, სადაც ადრე კაფე The Pop-In იყო, გადაკეტეს. გამოძიება თავიდა დაიწყეს და მოკლული გოგონას ცხედარს დღემდე ეძებენ. (წყარო)