"თუ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, დიდი ომი ატყდება" - კვირის პალიტრა

"თუ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, დიდი ომი ატყდება"

"თუ ისლამური თეოლოგები დაასკვნიან, რომ ეს ყოველივე მეორედ მოსვლის ნიშანია, ეს ომი აღარ დამთავრდება და მთელ მსოფლიოს მოედება"

ერთი კვირაა, რაც პალესტინა ისრაელის ქალაქებს სარაკეტო დარტყმებს აყენებს. არაბებმა ქვეყნის ტერიტორიას უკვე 2000-მდე რაკეტა ესროლეს. მათი დიდი ნაწილი ისრაელის საჰაერო თავდაცვითმა სისტემა "რკინის გუმბათმა" გაანადგურა. სარაკეტო თავდასხმის სამიზნედ იქცა თელ-ავივიც. იერიშებისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს პალესტინის რადიკალურმა დაჯგუფებებმა "ჰამასმა" და "ისლამურმა ჯიჰადმა". მოვლენების განვითარებამ ცხადყო, რომ მხოლოდ საჰაერო თავდაცვა საკმარისი აღარ არის და ისრაელი მზადაა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს.

ექსპერტ იოსებ ზაალიშვილის აზრით, თუ საერთაშორისო თანამეგობრობამ კონფლიქტი არ შეაჩერა, მოსალოდნელია სახმელეთო ოპერაციების დაწყება და შეიძლება დაძაბულობამ მთელი ახლო აღმოსავლეთი მოიცვას.

- ისრაელში სარაკეტო ომის დაწყება ორ ფაქტორს უკავშირდება: აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილებასა და ისრაელში ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას.

1948 წლის შემდეგ, რაც ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა, პალესტინელ არაბებს სურთ ასეთი სახელმწიფო არ არსებობდეს. ეს არის ერთადერთი მიზეზი დაპირისპირების, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ისრაელი დემოკრატიული სახელმწიფოა ახლო აღმოსავლეთში, არაბულ სამყაროში. მას გარს ერტყმის სახელმწიფოები, რომელთაც დემოკრატიულს ვერ დავარქმევთ - მათი დიდი ნაწილი სუნიტურია, მაგრამ არიან შიიტური ჯგუფების დაფინანსებული ორგანიზაციებიც. ომის დაწყების საბაბი რა იქნება, პალესტინისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს.

ამჯერად სარაკეტო თავდასხმების საბაბი ვითომ იერუსალიმიდან რამდენიმე არაბული ოჯახის გამოსახლება იყო, რომლებიც ტერორისტებთან იყვნენ კავშირში. არაბებმა ლამის მთლიანად გადაწვეს ქალაქი ლოდი, სადაც წმინდა გიორგის საფლავია. ყველგან არაბთა გამოსვლებია. პრაქტიკულად, ეს მესამე ინტიფადაა.

ისიც გავითვალისწინოთ, რომ ამერიკაში ადმინისტრაცია შეიცვალა, ირანელები გადიდგულდნენ, თურქეთი ისედაც გადიდგულებულია და სულ ემუქრება ისრაელს. ამასთან, ხელი მოეწერა "აბრაამის შეთანხმებას", რაც ტრამპის ადმინისტრაციისა და კუშნერის უდიდესი მიღწევაა - რამდენიმე არაბულმა ქვეყანამ ცნო ისრაელი.

სახმელეთო ოპერაციას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ იქადნება, ჩემი აზრით, ვერ ჩაატარებენ, ვინაიდან ამერიკა არ დაუჭერს მხარს. აქედან გამომდინარე, სიტუაცია რთულია, თან მოსალოდნელია მთავრობის ცვლილება ისრაელში. შესაძლოა სათავეში მოვიდეს გარდაქმნების მთავრობა, სადაც როტაციის სახით ორი პრემიერ-მინისტრი იქნება: ნაფტალი ბენეტი, რომელიც ნეთანიაჰუს მთავრობაში ყოფილი თავდაცვის და განათლების მინისტრი იყო და ის მოძრაობა "ლიკუდიდან" არის, ანუ მემარჯვენე ძალებიდან; და ლატიბი ცენტრისტული პარტიიდან - ცოტა მარცხნივ გადახრილი და ცოტა ლიბერალი, არარელიგიური სახელმწიფოს მომხრე. ლიბერალი ლიდერი ისრაელში ცოტა სხვანაირად აღიქმება. თუ გადავხედავთ ისრაელის ისტორიას, წარმატებული სამხედრო ოპერაციები უმეტესად მემარცხენე მთავრობის დროსაა ჩატარებული, ხოლო წარუმატებელი - მემარჯვენების მთავრობის დროს.

არაბებს ისლამური სამყაროს ძლიერი მხარდაჭერა აქვთ, ბაიდენის ადმინისტრაციაშიც არიან ასეთი ძალები დემოკრატების სახით. არიან ქვეყნები, რომელთაც სძულთ ისრაელი, მაგალითად, თურქეთს, ირანს, იორდანიას, აღარაფერს ვამბობ სირიაზე.

- "ჰამასსა"და "ისლამურ ჯიჰადს" რომელი ქვეყნები აფინანსებენ? - "ისლამურ ჯიჰადს" ირანი აფინანსებს, "ჰამასს" - თურქეთი, ძირითადად IHH, რომელიც ისლამურ ჰუმანიტარულ ორგანიზაციად ითვლება, სინამდვილეში კი ტერორისტული ორგანიზაციაა. სხვათა შორის, ეს ორგანიზაცია საქართველოშიც ოპერირებს. მედრესეებში რომ მიჰყავთ ხალხი აჭარიდან და პანკისის ხეობიდან, ძირითადად, ისინი არიან. მეტიც, ეს ორგანიზაცია პირდაპირ "ჰამასთანა" არის კავშირში და მხარს უჭერს ერდოღანს, რომელსაც სუნიტური ისლამური სამყაროს ლიდერობა სწადია. ეს ორგანიზაცია პანკისში "საქველმოქმედო ღონისძიებებს" ატარებს.

ტერორისტული ორგანიზაციის ქველმოქმედება გსმენიათ? შემოდიან როგორც ბიზნესმენები, აქ სახლდებიან, იღებენ მოქალაქეობას, იცვლიან გვარებს ა.შ. მერე მოვა არჩევნები და ეს ხალხი იმას მისცემს ხმას, ვინც თურქეთს სურს.

- ისრაელის არმია მობილიზებულია და არ გამორიცხავენ სახმელეთო ოპერაციებს.

- თუ საერთაშორისო თანამეგობრობა არ ჩაერია, მოსალოდნელია სახმელეთო ოპერაციების დაწყება. როგორც ვიცი,

თელ-ავივში ჩასული არიან ეგვიპტელი მომლაპარაკებლები, რომლებმაც ისრაელის ხელისუფლებას წარუდგინეს "ჰამასის" მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ებრაელები უარს ამბობენ. "ჰამასის" პოლიტბიუროს თავმჯდომარე, ისმაილ ხანიას მოადგილე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ელაპარაკა, დაგვეხმარეთ, ისრაელი გააჩერეთო. არაბებმა მიმართეს მოკავშირე ერდოღანსაც, რათა მან მოახდინოს ზეწოლა, ასევე ირანს, რათა სარაკეტო საწვავი მისცეს "ჰამასს".

თუ ისრაელმა ღაზის სექტორში "ჰამასის" განადგურება გადაწყვიტა, სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს, მაგრამ ამას წინა პირობები სჭირდება - უნდა აილაგმოს არაბული ბანდები ლოდში, იერუსალიმში, იაფაში, აკოში, რამლაში... თუ ღაზაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო და ამ დროს იერუსალიმში აბუნტდნენ არაბები, რაღა გამოვა? სახმელეთო ოპერაცია დაიწყება, მაგრამ ამას მომზადება სჭირდება.

ებრაელებს აქვთ საბრძოლო ხელოვნური ინტელექტი "ქიმერა", რომლის საშუალებითაც "ჰამასის" მებრძოლებს ეძებენ - როცა ადამიანი მიდის, მას თანამგზავრიდან იღებენ და "ქიმერა" გამოთვლის, არის თუ არა ის მებრძოლი მიხრა-მოხრით და სხვა დეტალებით.

- დაძაბულობა შესაძლოა ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდოს და მთელი ახლო აღმოსავლეთი მოიცვას? - თუ ეს ოპერაცია სწრაფად დასრულდა, ნეთანიაჰუს პოლიტიკური კარიერაც დასრულდება, თან მასზე რამდენიმე საქმეა აღძრული, ხოლო თუ არ დასრულდა, ჩათვალეთ, რომ მასში ჩაერთვება თურქეთი. ერდოღანი ამბობს, რომ დაეხმარება მუსლიმან ძმებს ღაზის სექტორში და ისრაელში მცხოვრებ არაბებსაც.

თუ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, ომში ჩაერთვებიან ირანი, იორდანია, ეგვიპტე, ყატარი, სირია, ერაყის შიიტური ნაწილი. ასეთ შემთხვევაში ამერიკა იძულებული იქნება ჩაერიოს - უნდა დაბომბოს სირია, ერაყი... ვფიქრობ, პროცესში "ჰეზბოლაც" ჩაერთვება.

ლიბანიდან ისრაელს სამი რაკეტა უკვე ესროლეს. ასე რომ, თუ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, დიდი ომი ატყდება. მართალია, არაბული სამყარო არ არის ერთიანი, მაგრამ ისლამური სამყარო არ არის არაბული. ის სამ ნაწილად იყოფა: სუნიტური თურქეთი, სუნიტური არაბეთი და შიიტური ირანი. ამას დაუმატეთ პაკისტანი, ინდონეზია და სხვები, ასევე, ევროპაში მცხოვრები მუსლიმანები, რაც ჯამში მილიარდნახევრიანი ისლამური ერია. გერმანიასა და საფრანგეთში არაბებმა სინაგოგების დაწვა დაიწყეს. დაპირისპირება გარდაუვალია და ვიღას ემახსოვრება უკრაინა? რუსეთიც დროს იხელთებს და თავის საქმეს გააკეთებს. პუტინი ელოდება, მსოფლიო რას იზამს. ამ ეტაპზე ისრაელს გერმანიამ დაუჭირა მხარი. აქ ეკონომიკური ინტერესიცაა, ისრაელი გერმანიისგან წყალქვეშა ნავებს ყიდულობს. ამერიკაშიც არიან ძალები, რომლებიც ისრაელს უჭერენ მხარს.

- ბევრს ლაპარაკობენ ისრაელის თავდაცვით სისტემაზე, რომლის წყალობითაც რაკეტების 90% ნეიტრალდება.. - პალესტინელებმა შეცვალეს ტაქტიკა - ახლა შორრადიუსიან რაკეტებს ისვრიან, თანაც ბევრს ერთად. ებრაული წყაროები იუწყებიან, რომ ისრაელის თავდაცვით სისტემას უკვე ნასროლი რაკეტის არა 90, არამედ 75%-ის განეიტრალება შეუძლია. როცა ბევრს ერთად ისვრიან, ყველას ჩამოყრა ჭირს. პრობლემა ის არის, რომ ისრაელი რაკეტებს თვითონ არ აწარმოებს, ამერიკისგან ყიდულობს. 2016 წელს, 76-დღიანი ომის დროს, ობამამ მიჰყიდა ისრაელს რაკეტები და ბოლოს, როცა ისრაელს მარაგი გამოელია, გაჩერდა, ვინაიდან არაბებს კიდევ რომ ესროლათ, დიდი მსხვერპლი იქნებოდა. ანალოგიური ვითარებაა ახლაც. ამერიკა, სავარაუდოდ, ისრაელს 2 მილიარდ დოლარს გამოუყოფს (ტრამპმა ადრე 6 მილიარდი გამოუყო), რითაც ისრაელი ამერიკულ რაკეტებს იყიდის. არაბებს 300 ათასამდე რაკეტა აქვთ. ისრაელი კი ანადგურებს მათ რაკეტების საამქროს, მაგრამ ყველას ხომ ვერ გაუნადგურებს?

ისრაელი თვითონ აძლევდა ფულს ღაზის სექტორს შეკავების პოლიტიკის ეგიდით თვეში 70 მილიონ დოლარს, ეგონა, თუ ფულს ჩაურიცხავდა, აღარ ესროდნენ. არადა, ამ ფულით არაბები რაკეტებს აკეთებენ და მერე ისევ ისრაელს ესვრიან.

- შეიძლება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი მესამე ინტიფადად ჩაითვალოს? - თუ ისლამური თეოლოგები დაასკვნიან, რომ ეს ყოველივე მეორედ მოსვლის ნიშანია, ეს ომი აღარ დამთავრდება და მთელ მსოფლიოს მოედება. თუ ჩათვალეს, რომ ეს არის ლოკალური დაპირისპირება, მაშინ სახმელეთო ოპერაციის შედეგად ებრაელები რამდენიმე სიმაღლეს აიღებენ და ამით გაჩერდება ეს ამბავი. ამ კონფლიქტში სამი ძირითადი პრობლემაა: პირველი - ისრაელის შიდა პრობლემა (საცაა სამოქალაქო ომი დაიწყება, არაბები და ებრაელები დაერივნენ ერთმანეთს), მეორე - საგარეო ფაქტორი და მესამე: ზემოთ მეორედ მოსვლა ვახსენე -

მუსლიმანებისთვის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ნიშანია სირიაში ახლანდელი ომი; მეორე ნიშანი იქნება მეჩეთ "ალ-აქსის" დანგრევა. თუ ის დაანგრიეს და იქ სოლომონის ტაძრის აშენება დაიწყება, ეს მათთვის მეორედ მოსვლას ნიშნავს, რადგან "ალ-აქსა" მათი მთავარი სიწმინდეა. ამ პროცესის შეჩერება ძალიან გაძნელდება.

- თუ კონფლიქტი გაჭიანურდა, ეს ტერორისტულ ორგანიზაციებს ხომ არ გაააქტიურებს მთელ მსოფლიოში?

- რა თქმა უნდა. ლაპარაკი არ არის მარტო სუნიტურ ტერორიზმზე, მოსალოდნელია შიიტური ტერორიზმიც. მოგეხსენებათ, სამივე ჩვენი მეზობელი ქვეყანა ტერორისტების მხარდამჭერია, ამიტომ მდგომარეობა სახიფათოა. რუსეთი "ჰამასს" უჭერს მხარს, ირანი და თურქეთი "ჰამასს", "ისლამურ ჯიჰადსა" და ალ-ყუდსის ბრიგადებს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ისევ დაიძაბა სიტუაცია. ამ დროს კი ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არაადეკვატურად აფასებს ქვეყანაში და ქვეყნის გარედან მომავალ საფრთხეებს. ისიც ვერ გაურკვევიათ, ვინაა ჩვენი მოკავშირე და ვინ არა.