"ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში პრიორიტეტია ძალადობის დაუყოვნებლივ შეჩერება და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განხორციელება" - კვირის პალიტრა

"ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში პრიორიტეტია ძალადობის დაუყოვნებლივ შეჩერება და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განხორციელება"

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ღაზაში დიდი სამოქალაქო მსხვერპლი, მათ შორის ქალებისა და ბავშვების დაღუპვა „მიუღებელია“.

როგორც მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეოკონფერენცის შემდეგ განაცხადა, ბლოკის 27 ქვეყნიდან 26 თანხმდება განცხადებაზე, რომელშიც ხაზგასმულია, რომ „პრიორიტეტი არის ძალადობის დაუყოვნებლივ შეჩერება და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განხორციელება სამოქალაქო პირების დასაცავად და ღაზაში ჰუმანიტარული დაშვების უზრუნველსაყოფად“.

ბორელმა აღნიშნა, რომ განცხადებას არ ეთანხმება უნგრეთი.

„ჩვენ უნდა აღვადგინოთ პოლიტიკური ჰორიზონტი მხარეებს შორის ხელახლა შეთანხმებისთვის სივრცის შესწავლით და ნდობის აღდგენის ზომების შემუშავებით, რაც ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების დაწყებას. ამან შეიძლება გზა გაუხსნას სამშვიდობო პროცესის პოტენციურ დაწყებას, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩიხში იყო“, - განაცხადა ბორელმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, კონფლიქტი შეიძლება გავრცელდეს მთელ რეგიონში. ის ასევე იმედოვნებს, რომ ისრაელი არ დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას ღაზაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ”იარაღი საბოლოოდ უნდა დადუმდეს“.

ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა მოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"