"მივხვდი, რომ თუ მაშველები არ დაბრუნდებოდნენ, ყველანი დავიღუპებოდით" - კვირის პალიტრა

"მივხვდი, რომ თუ მაშველები არ დაბრუნდებოდნენ, ყველანი დავიღუპებოდით"

26 აპრილს ატლანტიკის ოკეანეში ესპანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენმა, კურსდაკარგული პატარა გემი შეამჩნია. როგორც აღმოჩნდა, გემს მავრიტანიიდან ესპანეთის მიმართულებით 59 მიგრანტი გადაჰყავდა.

მიგრანტების დასახმარებლად მაშველები სამხედრო ვერტმფრენით მივიდნენ. მათ მიგრანტებს შორის მხოლოდ სამი ცოცხალი ადამიანი იპოვეს, დანარჩენი გაუწყლოებისა და შიმშილის გამო დაიღუპა.

გადარჩენილთა შორის იყო 17 წლის კოდ-დივუარელი აიშა, რომელიც მაშველებმა მძიმე მდგომარეობაში იპოვეს, ის კუნძულ ტენერიფეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"მივხვდი, რომ თუ მაშველები არ დაბრუნდებოდნენ, ყველანი დავიღუპებოდით. საკვები და წყალი ოკეანეში გასვლიდან 2 დღეში აღარ გვქონდა. სამ დღეში გემზე საწვავიც აღარ დარჩა," - იხსენებს აიშა.

ფერნანდო როდრიგესი, ესპანეთის სახედრო-საჰაერო ძალების თანამშრომელი:

"შუა ზღვაში მასობრივი გარდაცვალების სცენას შევესწარით. ასეთი სიტუაციებისთვის ვერცერთ სასწავლო კურსზე ვერ მოგამზადებენ. გემზე დაშვებისას აღმოვაჩინეთ, რომ საქმე ძალიან ცუდად იყო".

"როცა მიგრანტების გემი ვიპოვეთ, გოგონა ტიროდა. როგორც ვიცი, ისინი ოკეანეში 22 დღე იმყოფებოდნენ. მიგრანტები გაუწყლოების გამო დაიღუპნენ,"- ამბობს ერთ-ერთი სამხედრო.

საწვავის დასრულების შემდეგ დინებამ მიგრანტების პატარა გემი სხვადასხვა მიმართულებით წაიღო, მათ შორის - იმ გზისკენ, რომელსაც სავაჭრო გემები გადიან. როცა აიშა იპოვეს, გემზე 56 ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო.

"თავიდან გადარჩენისთვის ვლოცულობდით, შემდეგ ლოცვის ძალაც აღარ გვქონდა. იმის ძალაც აღარ გვქონდა, ბორტიდან გარდაცვლილები წყალში ჩაგვეშვა..."

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილ მიგრანტებს კუნძულ ტენერიფეზე დაკრძალავენ. (წყარო)