"ბევრი ეშმაკი გამინადგურებია და შენც გაგანადგურებ" - კადიროვის მუქარა არასრულწლოვანს და მოზარდის ოჯახის ბოდიში - კვირის პალიტრა

"ბევრი ეშმაკი გამინადგურებია და შენც გაგანადგურებ" - კადიროვის მუქარა არასრულწლოვანს და მოზარდის ოჯახის ბოდიში

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ხშირად ექცევა მედიის ყურადღების ცენტრში. მისი განსხვავებული დამოკიდებულება პოლიტიკურ თუ სხვა საკითხებში ხშირად გამხდარა განსჯის საგანი. კადიროვი აქტიურადაა ჩართული სოციალურ ქსელშიც. "ინსტაგრამზე" ის ხშირად აქვეყნებს ფოტოებს და როგორც აღმოჩნდა, გამომწერებსაც პასუხს სცემს. BBC-ს ცნობით, ერთ-ერთ გამომწერს, რომელმაც კადიროვს "ეშმაკი" უწოდა, "განადგურებით" დაემუქრა. BBC-მ გამოაქვეყნა რამდენიმე შემთხვევა, როცა რესპუბლიკის ხელმძვანელი ადამიანებს სოციალური ქსელით დაემუქრა.

როგორც ცნობილია, "ინსტაგრამზე" კადიროვს პირდაპირი ეთერისას ერთ-ერთმა გამომწერმა "ეშმაკი" უწოდა, რამაც ჩეჩნეთის პირველი პირი გაანაწყენა.

კომენტარის წაკითხვისას კადიროვმა გაიცინა და კომენტარის ავტორს მიმართა:

"ეს თუ მე დამიწერე, მაშინ გიპოვი და მერე ვნახოთ, ვინ არის ეშმაკი. არ გრცხვენია? როგორ ჩაიხედავ სარკეში? ნერვიულობისგან ღამით ვეღარ დაიძინებ, ახლა ანდერძსაც დაწერ: თუ მოვკვდები, ჩემს ოჯახს დაეხმარეთ..." - უპასუხა კომენტარის ავტორს კადიროვმა.

"შენი პირადი მონაცემები ახლა შეტყობინებით მომივიდა. ვნახოთ ახლა ვინ არის ეშმაკი, ბევრი ეშმაკი გამინადგურებია და შენც გაგანადგურებ", - აგრძელებდა მუქარას პირდაპირ ეთერში კადიროვი.

როგორც ცნობილია, პირდაპირი ეთერის ფრაგმენტი "ტელეგრამის" არხზე ბლოგერმა ტუმსო აბდულახმანოვმა გამოაქვეყნა, რომელიც კადიროვის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომენტარის ავტორი 15 წლის მოზარდი იყო, მისმა ოჯახის წევრებმა კი კადიროვს ბოდიში საჯაროდ მოუხადეს.

"Кавказский узел" სხვა შემთხვევასაც აქვეყნებს, როცა 2019 წელს კადიროვი პირდაპირ ეთერში სხვა გამომწერებსაც ემუქრებოდა:

"ერთი ბიჭი მუქარით წერდა, მე შენ გაჩვენებო, მაჩვენე თქო, მომეცი შენი ნომერი... თუ თქვენ მართალი იქნებით, მე მზად ვარ ბოდიშიც მოვიხადო. თუ თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ ჩემს სისხლს, ოჯახს და ხალხს - ეს ჩემთვის ყველაზე მთავარია. ამიტომ სიტყვები და ხელები გააკონტროლეთ, თორემ ენას ამოგგლეჯთ და თითებს დაგამტვრევთ. არცერთ პროვოკაციულ პუბლიკაციას და კომენტარს უყურადღებოდ არ დავტოვებთ", - განაცხადა რამზან კადიროვმა.

ამავე წლის ნოემბერში, ერთ-ერთ შეხვედრაზე კადიროვი ეცადა მუქარის განცხადებები განემარტა:

"მათ ვინც ადამიანებს შორის უთანხმოებას იწვევს და ჭორიკნობით არის დაკავებული, თუ არ შევაჩერებთ მოკვლით, დაშინებით, დაკავებით, მაშინ არაფერი გამოვა", - განაცხადა კადიროვმა.

კადიროვის ამ ნათქვამმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, 2 კვირის შემდეგ კი ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ეს სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.

"რაღაც გაბრაზებულმა ვთქვი... ნათქვამის გადაკეთებას ცდილობენ! ჩვენი ადათიდან გამომდინარე, როცა ვბრაზდებით და ვჩხუბობთ, ვამბობთ: მე შენ მოგკლავ, მე შენ გცემ - შემდეგ ამბობენ, ნახეთ კადიროვმა რა თქვა! თუმცა, ეს ასე არ არის. ჩემს შვილებსაც კი ამას ვეუბნები, ეს ჩვენს ლექსიკონშია", - განმარტა კადიროვმა.

2020 წლის ივნისში კადიროვმა ბოდიშის მოხდა ვლადიმერ ზელენსკისაც მოსთხოვა. როგორც ცნობილია, ადრე ზელენსკი სტუდია Квартал 95-ში მუშაობდა, მსახიობებმა კი ახმატ კადიროვის შესახებ იხუმრეს, ეს რამზან კადიროვმა შეურაცხყოფად მიიჩნია.

მსვავსი შემთხვევების გამო, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ვლადიმერ პუტინს მიმართა, რა დამოკიდებულება ჰქონდა პრეზიდენტს კადიროვთან დაკავშირებით:

"თქვენ კავკასიაში ჩვენი ერთ-ერთი რეგიონის ხელმძღვანელზე საუბრობთ? გასაგებია. ამ საკითხებზე მე მას პირადად ვესაუბრე. დიახ, ის ახლა ჩეჩნეთს მართავს. და რით დაიწყო? ის ჩვენთან ერთად ტყეში იბრძოდა, ხომ არ დაგავიწყდათ ეს?" - უპასუხა კითხვას პუტინმა. (წყარო)

მოამზადა ნიკა გულუამ