"ვსვამდი, არა იმიტომ, რომ ეს მომწონდა, მინდოდა დედის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი გაჩერებულიყო" - კვირის პალიტრა

"ვსვამდი, არა იმიტომ, რომ ეს მომწონდა, მინდოდა დედის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი გაჩერებულიყო"

დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარისა და პრინცესა დაიანას დედა-შვილური სიყვარულის ისტორია მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია. დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე ის ბოლო პერიოდში აქტიურად ალაპარაკდა. Apple TV-ს ეთერში ცნობილ ტელეწამყვან ოპრა უინფრისთან ინტერვიუში კი, რომელიც დოკუმენტური სერიალისთვის ჩაიწერა, პრინცმა ჰარიმ იმ ფაქტების შესახებ ისაუბრა, რომელიც საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო. როგორც ცნობილია, სერილში: "მე, რომელსაც შენ ვერ ხედავ", პრინცი ჰარის გარდა, ჰოლივუდის ვარსკვლავებიც მონაწილეობდნენ. საკუთარი ისტორია ჟურნალისტს მომღერალმა ლედი გაგამაც უამბო.

პრინცესა დაიანა ავტოკატასტროფაში 1997 წელს აგვისტოში, პარიზში დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ პრინცესა დაიანა წლებია გარდაცვლილია, დედის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ჰარი სხვადასხვა ხერხით ებრძოდა:

"ერთი დღის განმავლობაში ერთი კვირის დასალევ ალკოჰოლს ვსვამდი", - როგორც ინტერვიუში პრინცი ამბობს, ამ დარდის გასაქრობად მზად იყო ნარკოტიკული საშუალებებიც მიეღო, მხოლოდ იმიტომ, რომ დედის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი გაეყუჩებინა.

"საკუთარ თავს არ ვგავდი. რამდენჯერაც პიჯაკის ჩაცმას და ჰალსტუხის გაკეთებას ვიწყებდი, საკუთარ თავს ვაიძულებდი ახალი როლი მეთამაშა... ყოველ პარასკევს ან შაბათს იმდენ ალკოჰოლს ვსვამდი, რამდენსაც ხალხი ერთი კვირის განმავლობაში სვამს. ვსვამდი, არა იმიტომ, რომ ეს მომწონდა, ამით ჩემი ტკივილის შენიღბვას ვცდილობდი", - ამბობს დოკუმენტურ სერიალში პრინცი ჰარი.

1997 წელს, მთელი მსოფლიო ხედავდა, როგორ მიაცილებდა გარდაცვლილ დედას 12 წლის პრინცი, ძმასთან და მამასთან ერთად. დედის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის გარდა, წლების განმავლობაში ის უამრავ ფსიქოლოგიურ ტრამვასა და პანიკურ შეტევებს ებრძოდა.

"იმ დღიდან მხოლოდ ცხენების ფლოქვების ხმა დამამახსოვრდა, რომელიც მთელი გზა მესმოდა... ეს იმ შეგრძნებას ჰგავდა, თითქოს ჩემი სხეული დავტოვე და გვერდით მოჩვენებასავით მივყვებოდი. შეიძლება საზოგადოებამ ჩემი გრძნობების მეათედი დაინახა, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ის დედაჩემი იყო, თქვენ კი მას არასდროს შეხვედრიხართ", - იხსენებს ჰარი.

გასულ კვირას გამოქვეყნებულ პოდკასტში კი, პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ მზადაა ტკივილით შექმნილი ეს წრე გაარღვიოს და მისი შვილები საერთოდ სხვაგვარად აღზარდოს, არ გაიმეოროს ის შეცდომები, რომელიც მისი აღზრდისას დაუშვეს.

"ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი როცა ჯარში ვმსახურობდი. იქ ყველა თანასწორია", - პრინცმა ჯარში 10 წელი იმსახურა, არმიიდან 30 წლის ასაკში წამოვიდა და მომავალი მეუღლეც გაიცნო.

ბოლო პერიოდში პრინცი ჰარი, მეუღლესთან მეგანთან ერთად, ღიად ალაპარაკდა სამეფო კარის ცხოვრების წესზე.

"უბრალოდ ითამაშე თამაშის წესებით და შენი ცხოვრება უფრო გამარტივდება", - ასე აღწერს ჰარი ბრიტანეთის სამეფო კარზე ცხოვრებას - ხანდახან მეგონა, რომ გავექეცი სისტემას, თუმცა რეალურად, ისევ ამ სისტემაში ვიყავი გაჭედილი. გათავისუფლებისთვის ერთადერთი გამოსავალი სიმართლის აღიარება იყო", - 2020 წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ უარი განაცხადა სამეფო ტიტულსა და სხვა ყველა პრივილეგიაზე, მან დატოვა ბრიტანეთი და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. (წყარო)