"მოსახლეობა ხელისუფლებას სთხოვს ამ ერთხელ მაინც საქმე ბოლომდე მიიყვანოს" - კვირის პალიტრა

"მოსახლეობა ხელისუფლებას სთხოვს ამ ერთხელ მაინც საქმე ბოლომდე მიიყვანოს"

"ისრაელში ურაპატრიოტიზმი არასდროს ყოფილა. თუ საჭირო გახდება, ქუდზე კაცი გამოვა ქვეყნის დასაცავად"

სარაკეტო იერიშები ისრაელსა და პალესტინას შორის გრძელდება. როგორც მოსახლეობა ამბობს, 2014 წლის შემდეგ ვითარება ასეთი რთული არ ყოფილა, ამჟამად ისრაელის ებრაულ-არაბულ ქალაქებში მშვიდობიან მოსახლეობას შორისაც დაპირისპირებაა, რაც ქვეყნისთვის არანაკლები საფრთხეა. ისრაელის მოქალაქე, ყოფილი ჟურნალისტი ნიკო ბელიაშვილი, ქვეყანაში ვითარებასა და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს:

- აქ საომარ ვითარებაში ცხოვრება ახალი არ არის, ტერორისტები ყოველთვის გვიტევენ, მაგრამ გააჩნია მასშტაბსაც. 2014 წელსაც იყო მასობრივი დაბომბვები, მაგრამ ასეთი არა. ის, რომ პალესტინა და ღაზის სექტორი ასე ძლიერად გვიტევენ, ჩვენი ხელისუფლების "დამსახურებაცაა". როდესაც შემოტევა დაიწყეს, ჩვენი ქვეყნის სახმელეთო და საჰაერო ძალებმა მათი 15 დიდი სამხედრო ობიექტი გაანადგურეს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ისრაელის ძალებს ის ტერიტორიები ბოლომდე უნდა გაეწმინდათ ტერორისტული დაჯგუფებებისაგან. მიწაში აქვთ ჩაფლული სამუშაო ინფრასტრუქტურა, ამიტომ მათი განადგურების ოპერაციას მეტი დრო სჭირდებოდა. მოსახლეობაში პანიკა კი არა, პროტესტია, რომ ეს ყველაფერი ოდესმე უნდა დასრულდეს. ისრაელში ურაპატრიოტიზმი არასდროს ყოფილა. თუ საჭირო გახდება, ქუდზე კაცი გამოვა ქვეყნის დასაცავად. საქართველოდან მირეკავენ, ჩამოდი ან ცოლ-შვილი მაინც გამოუშვიო. ჩემი უმცროსი ქალიშვილი 4 წლისაა, ვღელავ, მაგრამ არსად წავალ. როგორც საქართველოა ჩემი სამშობლო, ისეა ისრაელიც.

2008 წლის ომის დროს გორში ვიყავი, მეუღლის სახლი და ჩვენი მაღაზია დაიბომბა. მაშინ ისრაელის ხელისუფლებამ დაბრუნება შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი. ახლობლები სამშვიდობოს გავიყვანე და მათთან საკვები და საჭირო ნივთები ამქონდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა დამაკავეს. უცხოელმა ჟურნალისტებმა გადამარჩინეს. გაქცევაზე არც შემდეგ მიფიქრია. იმავე აზრზე ვარ ახლაც. მუდმივად დაბომბვების ყურებას, მირჩევნია, იარაღი ავიღო ხელში. ასე ფიქრობს ისრაელის მთელი მოსახლეობა. ეს გენებში აქვთ.

ჩემს უფროს გოგონებსაც ერთი სული აქვთ, როდის გახდებიან სრულწლოვანი, რომ სამხედრო სამსახურში წავიდნენ. მოსახლეობა ხელისუფლებას სთხოვს ამ ერთხელ მაინც საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ახლა ირკვევა, რომ "ჰამასს" წყალქვეშა ნავიც ჰყოლია, 15 000-ზე მეტი რაკეტა შემოუტანია და კიდევ რა არსენალი აქვთ, კაცმა არ იცის. მოსახლეობას აინტერესებს, რას აკეთებდა ისრაელის დაზვერვა? აშკელონსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში თავშესაფრები არ ჰყოფნით, როგორც ჩანს, 2014 წლის მერე უსაფრთხოების საქმეში ხელისუფლება მოიკოჭლებს.

ხანდახან რაკეტები ისეთი სიხშირით ცვივა, თავშესაფრიდან გამოსვლას ვერ ვახერხებთ. როდესაც "რკინის გუმბათი" ბომბებს ჰაერში ანეიტრალებს, აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერია, კორპუსები ზანზარებს. ზოგჯერ ერთ ღამეში შვიდჯერ მაინც გვიწევს ბომბსაფარში ჩასვლა.

ბოლო დღეებია ლიბანიდან და სირიიდანაც წამოვიდა რაკეტები. მეორე და მესამე ფრონტის გახსნას ცდილობენ, მაგრამ არ გამოუვათ.

- რა ხდება იმ ქალაქებში, სადაც არაბები და ებრაელები გვერდიგვერდ ცხოვრობენ? - აქ ქალაქები ერთმანეთზე ისეა გადაბმული, თუ არ იცი, ვერ გაიგებ, რომელი ქალაქიდან გახვედი და რომელში შედიხარ. ჩემი ქალაქის შემდეგ არის ბათიამი, მერე არაბებით დასახლებული ქალაქი იაფო. არაბი ახალგაზრდები ამტვრევენ მანქანებს, არბევენ სინაგოგებს, თავს ესხმიან ებრაელებს. ეს შენელებული მოქმედების ნაღმია.

ისრაელში ორ მილიონამდე არაბი ცხოვრობს, მათი ნაწილი მუსლიმანია, ნაწილი - ქრისტიანი. უფროსი თაობა უკონფლიქტოა, რადგან ისინი ისრაელის მოსახლეობის თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ. ამბობენ, ჩვენი ახალგაზრდების აგრესიას არ ვამართლებთ, მაგრამ ვერ ვაჩერებთო. მეორე სახელმწიფო ენა არაბულია და სადაც უნდა შეხვიდეთ, ებრაულთან ერთად არაბული წარწერებიც არის. თუმცა რადიკალურმა ორგანიზაციებმა აურიეს ყველას გონება.

შესაძლოა იმ პირებს, ვინც ექსტრემიზმთან კავშირში იქნება მხილებული, ისრაელის მოქალაქეობა ჩამოართვან და პალესტინაში ან ღაზის სექტორში გაასახლონ...

ამ ომში სხვა ქვეყნების ინტერესებიც იკვეთება. ამ ეტაპზე ტერორისტები ირანისა და რუსული ანტისარაკეტო რაკეტებით გვიტევენ, რომლებიც პალესტინაში სირიის გავლით მოხვდა. 2014 წელთან შედარებით, ბევრად თანამედროვე შეიარაღება აქვთ.

გამაღიზიანებელია ისრაელის აგრესორად წარმოჩენა. როდესაც მასშტაბური სარაკეტო იერიში იწყება, სახელმწიფომ უნდა უპასუხოს, რათა საკუთარი მოსახლეობა დაიცვას. ვწუხვარ ყველა ბავშვისა და უდანაშაულო ადამიანის დაღუპვის გამო, მაგრამ მეც შვილები მყავს და ვერ დავუშვებ, ჩემმა სახელმწიფომ სისუსტე გამოიჩინოს.