"ყურადღებით ვაკვირდებით ვილნიუსის რეისის ბელარუსში იძულებით დასმასა და ოპოზიციონერი რომან პროტასევიჩის დაკავებას. ეს სერიოზული და სახიფათო ინციდენტია" - კვირის პალიტრა

"ყურადღებით ვაკვირდებით ვილნიუსის რეისის ბელარუსში იძულებით დასმასა და ოპოზიციონერი რომან პროტასევიჩის დაკავებას. ეს სერიოზული და სახიფათო ინციდენტია"

ლიეტუვის პროკურატურამ Ryanair– ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვების ინციდენტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ლიეტუვის გენერალური პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებები, რომელზედაც გამოძიება მიმდინარეობს, მოიცავს თვითმფრინავის გატაცებას ტერორიზმის მიზნით და ადამიანთა მიმართ მოპყრობას საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევით.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თვითმფრინავში მყოფ რამდენიმე მგზავრს, ჩვენების მიცემა კვირას, ქვეყანაში ჩასვლისთანავე სთხოვეს.

"ეს უპრეცედენტო ვითარება ძალიან საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული", - განაცხადა მან თვითმფრინავის მგზავრებთან შეხვედრის შემდეგ.

ჟურნალისტმა რომან პროტასევიჩმა თვითმფრინავის მგზავრებს განუცხადა, რომ მას ბელარუსში სიკვდილით დასჯა ელოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

ათენი-ვილნიუსის რეისის მგზავრების განცხადებით, მას შემდეგ რაც თვითმფრინავმა მოულოდნელად გეზი შეიცვალა, ბორტზე მყოფი ერთი ბიჭი ძალიან აღელდა.

"თვითმფრინავის მოულოდნელი შემობრუნების შემდეგ, ერთმა ბიჭმა [პროტასევიჩმა] პანიკა დაიწყო. მისი ბარგი ასაფრენ ბილიკზე გადაყარეს და ის გვერდით გაიყვანეს. ჩვენ მას ვკითხეთ, რა ხდებოდა, მან გვითხრა ვინ იყო და დაამატა: "აქ სიკვდილით დასჯა მელოდება. ის კანკალებდა,"- განაცხადეს მგზავრებმა მედიასთან საუბარში.

მათი თქმით, თვითმფრინავის შებრუნებამდე ბორტზე არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა. ერთ-ერთმა მგზავრმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, რომ თვითმფრინავის მინსკში დაჯდომის შემდეგ მგზავრები იქიდან გადაიყვანეს, მათი ნივთები კი ძაღლებს შეამოწმებინეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ათენი-ვილნიუსის რეისის მიმართულების შეცვლისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაპატიმრების ფაქტს.

"აშშ მკაცრად გმობს ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას შორის ფრენის მიმართულების იძულებით შეცვლის ფაქტს და რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ," - განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, საჭიროა აღნიშნული ინციდენტის სრულყოფილად გამოძიება.

"ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ჩადენილმა ამ შოკისმომგვრელმა ქმედებამ საფრთხე შეუქმნა 120-ზე მეტ მგზავრს, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებს. ინფორმაცია ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურების მონაწილეობისა და ბელარუსის სამხედრო თვითმფრინავის გამოყენების შესახებ ღრმად შემაშფოთებელია და მოითხოვს სრულ გამოძიებას", - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

"ყურადღებით ვაკვირდებით ვილნიუსის რეისის ბელარუსში იძულებით დასმასა და ოპოზიციონერი რომან პროტასევიჩის დაკავებას. ეს სერიოზული და სახიფათო ინციდენტია", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

მისი თქმით, მომხდარი საერთაშორისო გამოძიებას საჭიროებს.

"ინციდენტი საერთაშორისო გამოძიებას საჭიროებს. ბელარუსმა ეკიპაჟისა და ყველა მგზავრის უსაფრთხო დაბრუნება უნდა უზრუნველყოს,"- წერს სტოლტენბერგი.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ონლაინ ქსელმა Nexta განაცხადა, რომ მისი ყოფილი რედაქტორი რომან პროტასევიჩი დააკავეს. ქვეყნის ოპოზიციონერების თქმით, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ბორტზე მყოფი ჟურნალისტი დაეპატიმრებინათ. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა მინსკში, მაგრამ ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით