"კანკალებდა და ამბობდა, აქ სიკვდილით დამსჯიან" - ვინ არის ჟურნალისტი, რომლის დასაკავებლადაც ათენი-ვილნიუსის ავიარეისი მინსკში დასვეს და რა ხდებოდა ბორტზე - კვირის პალიტრა

"კანკალებდა და ამბობდა, აქ სიკვდილით დამსჯიან" - ვინ არის ჟურნალისტი, რომლის დასაკავებლადაც ათენი-ვილნიუსის ავიარეისი მინსკში დასვეს და რა ხდებოდა ბორტზე

ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავების ამბავმა დასავლური სამყარო კიდევ ერთხელ შეაშფოთა. როგორც ზოგიერთი ექსპერტი ფაქტის შეფასებისას ამბობს, ევროპის უკანასკნელმა დიქტატორმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თვითმფრინავი ჟურნალისტის დაკავების მიზნით "გაიტაცა."

ამბავი ასეთი იყო - პროტასევიჩი ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა. ოფიციალური ინფორმაციით, შევიდა შეტყობინება, რომ ბორტზე ბომბი იყო, რის გამოც, თვითმფრინავი მინსკში ავარიულად დასვეს. ბომბი არ აღმოჩნდა, თუმცა ჟურნალისტი დააკავეს.

ვინ არის პროტასევიჩი?

რომან პროტასევიჩი 26 წლის ბელარუსი ჟურნალისტია. გასულ წელს ის "ტელეგრამის" აპლიკაციაზე დაფუძნებული არხის, Nexta-ს რედაქტორად მუშაობდა, რომელსაც ერთ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

არხი ღიად კრიტიკულად იყო განწყობილი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართ და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2020 წელს ლუკაშენკოს საწინააღმდეგო მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებში. როგორც სააგენტო "როიტერსი" წერს, Nexta ასრულებდა დიდ როლს საპროტესტო აქციების კოორდინაციაში და არჩევნების გაყალბების მხილებაში.

სწორედ ამ არხმა გაუშვა კადრები, სადაც ნაჩვენები იყო პოლიციელების მიერ დემონსტანტების სასტიკად დარბევა, ეს კადრები კი შემდეგ საერთაშორისო მედიამ გამოიყენა და მთელმა მსოფლიომ ნახა ის, თუ რა ხდებოდა ბელარუსში, მაშინ როცა უცხოელ ჟურნალისტებს არ ეძლეოდათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაშუქების შესაძლებლობა.

გასული წლის ნოემბერში პროტასევიჩმა "ტვიტერზე" გამოაქვეყნა ბელარუსი სამართალდამცვლების მიერ შედგენილი სია ტერორისტებისა, სადაც მისი სახელიც ფიგურირებდა და ასევე ნათქვამი იყო, რომ მას ბრალი ედებოდა მასობრივი არეულობების ორგანიზებაში, ბრალდებული იყო სოციალური წესრიგის დარღვევასა და სოციალური სიძულვილის გაღვივებაში. ჟურნალისტი წერდა, რომ ის შესაძლოა, წლების განმავლობაში ციხეში აღმოჩენილიყო და თვლიდა, რომ ეს გაუმართლებელი პოლიტიკური რეპრესიები იყო.

ემიგრაციაში წასვლა

პროტასევიჩი 2019 წელს ბელარუსიდან პოლონეთში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო გადავიდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მის ოჯახს უთვალთვალებდნენ, მალევე მშობლებიც წაიყვანა. მოგვიანებით ჟურნალისტი საცხოვრებლად ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გადავიდა, სადაც ასევე ამჟამად ცხოვრობს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ციხანოვსკაია. განაგრძეთ კითხვა