ვფიქრობ, ჩემი შვილი აიძულეს დანაშაული ეღიარებინა, ეს არ არის მისი სიტყვები და მეტყველების ინტონაცია" - კვირის პალიტრა

ვფიქრობ, ჩემი შვილი აიძულეს დანაშაული ეღიარებინა, ეს არ არის მისი სიტყვები და მეტყველების ინტონაცია"

ბელარუსში დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მამა მიიჩნევს, რომ მისი შვილი აიძულეს დანაშაული ეღიარებინა ვიდეოში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.

"ეს არ არის მისი სიტყვები, ეს არ არის მისი მეტყველების ინტონაცია. ის ძალიან თავშეკავებულად მოქმედებს და ხედავთ, რომ ნერვიულობს. ვფიქრობ, ის აიძულეს", - განაცხადა დიმიტრი პროტასევიჩმა.

მისი თქმით, მის შვილს სავარაუდოდ, ცხვირი გატეხილი აქვს და სახე პუდრით აქვს დაფარული.

დიმიტრი პროტასევიჩი ირწმუნება, რომ არ შეიძლებოდა რომანს მასობრივი არეულობების მოწყობა ეღიარებინა, ვინაიდან მას მსგავსი რამ არ ჩაუდენია. მისი თქმით, ის, რაც მის შვილთან დაკავშირებთ ხდება, "სრული სიგიჟეა."

"ვფიქრობ, რომ მომხდარი იყო შურისძიების აქტი, სხვების დასამოძღვრად: ნახეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. რაც ხდება სრული სიგიჟეა,"- აცხადებს დაკავებულის მამა.

შეგახსენებთ, ბელარუსის მედიამ გუშინ გაავრცელა ვიდეო, სადაც დაკავებული ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი აცხადებს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს. პროტასევიჩი ასევე აღნიშნავს, რომ სამართალდამცავები მას "მაქსიმალურად კორექტულად და კანონიერად" ექცევიან. ამასთან, ჟურნალისტის განცხადებით, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან და აძლევს აღიარებით ჩვენებას მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზებასთან დაკავშირებით.

იხილეთ ვიდეო: