"რატომ გასდის ყველაფერი ალექსანდრე ლუკაშენკოს... მიზეზი საკმაოდ მარტივია" - რას წერს ბრიტანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"რატომ გასდის ყველაფერი ალექსანდრე ლუკაშენკოს... მიზეზი საკმაოდ მარტივია" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

ბრიტანული ჟურნალის - "სპექთეითორის" (The Spectator) ავსტრალიურ გამოშვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "რატომ გასდის ყველაფერი ალექსანდრე ლუკაშენკოს", რომელშიც ბოლო დღეებში მომხდარი სერიოზული საჰაერო-პოლიტიკური ინციდენტია განხილული - ბელარუსის სამხედრო ავიაციის მიერ ირლანდიური ავიაკომპანია (Ryanair)-ის ათენი-ვილნიუსის მარშრუტის სამგზავრო თვითმფრინავის იძულებითი დაშვება მინსკის აეროპორტში და მასში მყოფი ოპოზიციონერი ბელარუსი ჟურნალისტის - რომან პროტასევიჩის დაკავების ფაქტი (ავტორი - ტიმ ოგდენი). გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ის ფაქტი, რომ ბელარუსის ავიაგამანადგურებელმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში მყოფი ათენი-ვილნიუსის ტრანზიტული მარშრუტის მქონე სამგზავრო თვითმფრინავი აიძულა, კურსი შეეცვალა და მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო, ოპოზიციონერი ჟურნალისტის - რომან პროტასევიჩის დაკავების მიზნით, თანაც - ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის მოტივით, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ყველა დღემდე ჩადენილ დანაშაულს აჭარბებს. საუბედუროდ, 21-ე საუკუნეში ჯერ კიდევ ხდება, რომ ასეთი თავხედური რეჟიმები ბედავენ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მოქმედებას და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას.

მიზეზი საკმაოდ მარტივია: დასავლეთი მსოფლიოს დიქტატორების წინაშე საკმაოდ ლოიალურია და მათ მკაცრად არ ექცევა. ალექსანდრე ლუკაშენკოს საშინაო ფრონტზე მოსახლეობის "დასამშვიდებლად" პოლიცია და სპეცსამსახურები ჰყავს, რომლებიც, ზემოდან ბრძანებით, მზად არიან ოპოზიციისათვის და საპროტესტოდ განწყობილი მოსახლეობისათვის ანგარიშის გასასწორებლად. ბელარუსში და რუსეთში ანტისამთავრობო აქციები მინელდა - არავის სურს, დაკავებული იყოს ლუკაშენკოსა და პუტინის რეჟიმების დამცველი პოლიციის მიერ.

სამწუხაროდ, რუსეთში და ბელარუსში იმ ადამიანებს, ვინც ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს მოქმედებით იმედგაცრუებულნი არიან, იმედის საფუძველს ვერც ის ქვეყნები აძლევენ, რომლებმაც განვითარების დასავლური გზა აირჩიეს. საქართველოში და უკრაინაში 2003 და 2014 წლებში მომხდარი რევოლუციების შედეგად, ორივე ქვეყანამ ბრიუსელისა და ვაშინგტონისაკენ გადაუხვია, მაგრამ კურსის შეცვლას არც ერთისთვის მშვიდობა, სტაბილურობა და ძალადობის შეწყვეტა არ მოუტანია. ალბათ, ყველაზე საწყენი და დასანანი მოვლენა იყო ის, რომ 2019 წელს თბილისში, საპროტესტო აქციაზე რუსი დეპუტატ-კომუნისტის მიერ ჩადენილი ქმედების წინააღმდეგ ქართულმა პოლიციამ მომიტინგეებს რეზინის ტყვიები დაუშინა და მოქალაქეების ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა: აქციის ზოგიერთი მონაწილე დაბრმავდა, ზოგიც დაიჭრა. საეჭვოა ოპოზიციურად განწყობილი რუსი და ბელარუსი მოქალაქეების იმაში დარწმუნება, რომ საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლით პოლიციის სისასტიკეც შეწყდება.

პოლიციისა და სამართალდამცველი სტრუქტურების ლოიალობა ხელისუფლებისადმი, ბელარუსისა და რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნების გამოცდილებითაც მტკიცდება. რას იფიქრებს ის რუსი და ბელარუსი პოლიციელი, რომელიც კიევსა და თბილისში მომხდარი რევოლუციების შედეგებს ხედავს - თუ რა დაემართათ იმ ქართველ და უკრაინელ პოლიციელებს, რომლებიც ხელისუფლების მხარეს არ დადგნენ. საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში 2003 წელს მოვიდა "ვარდების უსისხლო რევოლუციის" შედეგად, ცნობილი გახდა იმით, რომ მან სამართალდამცველი სტრუქტურები ყველა იმ პირებისაგან გაწმინდა, ვინც წინა ადმინისტრაციასთან იყო დაკავშირებული. ამ მოქმედების შედეგად, როგორც ჩანს, სისტემური კორუფცია შეწყდა, რომელიც ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან იყო გამეფებული, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის მეთოდები მოგვიანებით მკაცრად იქნა გაკრიტიკებული.

ამრიგად, საზოგადოების ორივე ნაწილს ეშინია - ერთი მხრივ, პროტესტანტებს არ სურთ, გარისკონ და ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობა მიიღონ, რადგან წინ საპყრობილე, ცემა-ტყეპა, წამება ან სიკვდილი ელოდებათ, ხოლო, მეორე მხრივ, დესპოტური რეჟიმების მხარდამჭერებსაც ეშინიათ, ვაითუ, წაგებულთა ბანაკში აღმოჩნდნენ იმავე პერსპექტივით.

დასავლეთი იშვიათად თუ მიმართავს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ხელისუფლების სათავეში დგას. ალექსანდრე ლუკაშენკო, როგორც ჩანს, დარწმუნებული იყო დაუსჯელობაში, როცა მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა - იგი ზურგსუკან ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერას გრძნობდა. ალბათ, "ბატკამ" ისიც კარგად იცის, რომ დასავლეთი ვერაფერს უშვრება თურქეთისა და ჩინეთის ლიდერებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს, ასევე, უხეშად არღვევენ...

მხოლოდ აღშფოთება-დაგმობით, რბილი ზომებით და დამამშვიდებელი მოწოდებებით ინციდენტები და კონფლიქტები თავიდან ვერ იქნება აცილებული. დასავლეთმა თავის სანქციებს ცეცხლი უნდა შეუნთოს: ევროპული კომპანიის ავიალაინერის გატაცება, რომელიც ერთი სახელმწიფოდან მეორეში მიფრინავდა, მესამის საჰაერო სივრცის ტრანზიტით, არ შეიძლება, საშინაო საქმედ იქნას განხილული, რომელშიც არავინ არ უნდა ჩაერიოს. გამოდის, რომ ამჟამად ბრიუსელი და ვაშინგტონი პრეზიდენტ ტედი რუზველტის ერთი პრინციპის მიმდევრები არიან (რომლის წყალობით - სამშვიდობო პოლიტიკის გატარებით - მან 1906 წელს ნობელის პრემია მიიღო), მაგრამ ავიწყდებათ მისი მეორე პრინციპი - "დიდი კომბალი" მათთვის, ვინც "რჩევა-დარიგებებს" არ ითვალისწინებს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ