"შეუძლია თუ არა ვაშინგტონს ერთდროულად მოსკოვისა და პეკინის წინააღმდეგ ბრძოლა? - სი ძინპინის აჩრდილი პუტინ-ბაიდენის მომავალ შეხვედრაზე" - კვირის პალიტრა

"შეუძლია თუ არა ვაშინგტონს ერთდროულად მოსკოვისა და პეკინის წინააღმდეგ ბრძოლა? - სი ძინპინის აჩრდილი პუტინ-ბაიდენის მომავალ შეხვედრაზე"

"განხორციელდება თუ არა სათანადო სახით ამერიკულ-რუსული გადატვირთვა ჟენევაში? ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშშ-მა და რუსეთმა დიდი გზა განვლეს - პრეზიდენტების არშემდგარ შეხვედრებს და უთანხმოებას მსოფლიო ხშირად დრამატულ შედეგებამდე მიჰყავდა, რომლის დროსაც შერიგება და დემოკრატიული წესრიგის დამყარება შეუძლებელი ხდებოდა. ჯო ბაიდენი თეთრი სახლის მეოთხე მკვიდრია, რომელიც პირისპირ დადგება უცვლელ და მარადიულ ვლადიმერ პუტინთან. გარდა ამისა, აპრიორულად ჩანს, რომ იგი სხვებზე ნაკლებად არის მზად თავის რუს კოლეგასთან კომპრომისებზე წასასვლელად", - წერს შვეიცარიული გაზეთ "ლე ტემპსის" (Le temps) მიმომხილველი ფრედერიკ კოლერი სტატიაში სათაურით - "სი ძინპინის აჩრდილი პუტინ-ბაიდენის ჟენევის შეხვედრაზე".

"მართალია, რუსეთი ერთ-ერთია მსოფლიოს ორი ბირთვული სახელმწიფოთაგან, სამხედრო ძლიერების თვალსაზრისით, მაგრამ ეკონომიკურად რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევს. მოსკოვს არ აქვს მოდელი, რომელსაც მსოფლიოს შესთავაზებს. რუსები ნაკლებად არიან დაკავებულნი ინოვაციებით, ტექნოლოგიური თვალსაზრისით - ისინი კმაყოფილნი არიან იმის მართვით, რასაც საკუთარი გავლენის ზონად თვლიან" (...)

შეუძლია თუ არა ამერიკას ორ დიდ სახელმწიფოსთან - რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობის დარეგულირება? შეუძლია თუ არა ვაშინგტონს ერთდროულად მოსკოვისა და პეკინის წინააღმდეგ ბრძოლა? ამერიკელი სამხედროები ფიქრობენ, რომ დიახ, შეუძლია, მაგრამ იმ პირობით, თუ პენტაგონი დიდი ფინანსებით იქნება უზრუნველყოფილი. მაგრამ თეთრ სახლს სხვა პრიორიტეტები აქვს - საშუალო კლასის აღდგენა და სხვა მრავალი. რასაკვირველია, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია არც ჩინეთს ივიწყებს, მაგრამ ვაშინგტონს პეკინთან 21-ე საუკუნეში რეალური კონკურენცია სურს [და არა სამხედრო კონფლიქტი]. პეკინს აქვს ალტერნატიული მოდელი, ის თავის ამბიციებს დემონსტრირებს, ტექნოლოგიურად იარაღდება, ნერგავს ინოვაციებს და ერთი მიზნის განხორციელებას აპირებს: დაეწიოს და გაუსწროს ამერიკას ყველა სფეროში [რასაც, სხვათა შორის, წარმატებით ახდენს], მიაღწიოს საერთაშორისო სტანდარტების გადახედვას და ბოლო მოუღოს დასავლური დემოკრატიის ბატონობას.

ვაშინგტონი იძულებულია "ახალი სტრატეგიული პარადიგმა" მიიღოს და პეკინთან კონკურენციაში ჩაებას... დღეისათვის ერთი რამ უკვე მკაფიოდ ჩანს: ატლანტისტი ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ მისი ქვეყნის მომავალი და უსაფრთხოება წყნარი ოკენის სივრცეებთანაა დამოკიდებული. ჩინური გამოწვევის წინაშე პირისპირ დგომა რუსეთთან შერიგების გარდაუვალ აუცილებლობას განაპირობებს, - წერს ფრედერიკ კოლერი.

ჯო ბაიდენს შეუძლია ის პრეზიდენტი იყოს, რომელიც ქვეყნის სათავეში საჭირო დროს მოექცა იმ მიზნით, რომ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა მოახდინოს. დონალდ ტრამპის მმართველობის დროს, მისი პოლიტიკის დისკრედიტაციის გამო, კრემლსა და თეთრ სახლს შორის სანდო ურთიერთობების აწყობა ამერიკელებისა და ევროპელების თვალში შეუძლებელი ჩანდა. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებმა შეიძლება ჯო ბაიდენის ჟესტი მოსკოვისადმი მის სისუსტედ ჩათვალოს, ეს ასე არ არის. ამერიკის მიერ გადადგმული ნაბიჯი უნდა მივიღოთ, როგორც მისი სურვილი სრულიად გასაგები ინტერესების დაცვის მიზნით.

მაგრამ მსგავსი მანევრით განა ჩინეთი მოტყუვდება? პეკინი ყველას გასაგონად გაჰყვირის რუსეთთან უპრეცედენტო მეგობრობაზე. ჩინეთის თვალსაზრისით, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის სამიტს არაფერი აქვს საერთო რონალდ რეიგანისა და მიხეილ გორბაჩოვის შეხევდრასთან, სამაგიეროდ, ის მოგვაგონებს რიჩარდ ნიქსონისა და მაო ძედუნის ხელის ჩამორთმევას, როცა შეერთებულმა შტატებმა არჩევანი კომუნისტურ ჩინეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე გააკეთა, რათა უკეთესად აღდგომოდა წინ საბჭოთა იმპერიას. ცხადია, შედარებებსაც თავისი საზღვრები აქვს, მაგრამ ჟენევაში ჯო ბაიდენი, რუსეთთან მიმართებით, ალბათ, უფრო თავისი წინამორბედი რიჩარდ ნიქსონის პრინციპის ერთგული იქნება, ვიდრე რონალდ რეიგანისა: ამჯერად ჟენევაში საფრთხობელის როლს სი ძინპინი შეასრულებს", - ასკვნის ავტორი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ