"რუსეთ-დასავლეთის კონფრონტაცია კიდევ დიდხანს გაგრძელდება. შეიძლება განვიხილოთ რამდენიმე ნეგატიური სცენარი..." - კვირის პალიტრა

"რუსეთ-დასავლეთის კონფრონტაცია კიდევ დიდხანს გაგრძელდება. შეიძლება განვიხილოთ რამდენიმე ნეგატიური სცენარი..."

რუსულ გაზეთ "კომერსანტში" ("КоммерсантЪ") სათაურით - "რუსეთის კონფრონტაცია დასავლეთთან კიდევ დიდხანს გაგრძელდება", გამოქვეყნებულია ინტერვიუ აშშ-ის არაკომერციული ორგანიზაციის - "კარნეგის ფონდის" ერთ-ერთი ფილიალის - მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორთან, საერთაშორისო ექსპერტ-პოლიტოლოგთან დიმიტრი ტრენინთან, რომელსაც ჟურნალისტი ელენე ჩერნენკო ესაუბრება. კორესპონდენტის კითხვები ეხება რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ნატო-რუსეთის ურთიერთდამოკიდებულებას, უკრაინისა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღების შესაძლებლობას... ერთმანეთთანაა შედარებული, აგრეთვე, 2008 წლის ომი და რუსეთ-უკრაინის 2021 წლის კრიზისი.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- როგორც თქვენ ამბობთ, რუსეთს არ უნდა ეშინოდეს იმისა, რომ ნატო ფართოვდება და მის საზღვრებს უახლოვდება, შესაბამისად, კრემლის გაღიზიანება გაუმართლებელია. განმარტეთ, თუ შეიძლება.

- მე ვფიქრობ, რომ მოსკოვმა ალიანსის გაფართოების პროცესს მშვიდად უნდა შეხედოს. რუსეთის მხრიდან არ იყო საჭირო ჩრდილოეთ მაკედონიაზე და ჩერნოგორიაზე ზეწოლა იმ მიზნით, რომ ისინი ნატოში არ შესულიყვნენ. ეს ორი ქვეყანა რუსეთის უსაფრთხოებაში არავითარ როლს არ ასრულებს.

- მაგრამ უკრაინა ხომ ჩენროგორია არ არის?

- დიახ, არ არის. ამიტომაც ჩვენთვის, როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უმრავლესობისათვის და მათთვის, ვინც ქვეყნის საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკით არის დაკავებული, უკრაინის ნატოში მიღება აბსოლუტურად დაუშვებელია. და თუ მიღება მაინც მოხდება, ფაქტობრივად, ეს ომს ნიშნავს. ვფიქრობ, რომ დასავლეთთან რაღაც მომენტში შეიძლებოდა მოლაპარაკება უკრაინის ნეიტრალური სტატუსის შესახებ, ამის თაობაზე ჯერ კიდევ 2014 წელს ამბობდა ზბიგნევ ბჟეზინსკი, მიუნჰენის კონფერენციაზე გამოსვლის დროს. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა...

- მაგრამ თუ ასე იქნებოდა, მაშინ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს "ღია კარის" პოლიტიკა არ უნდა გამოეცხადებინა... - დიახ, ცივი ომის დასრულებიდან 25 წლის შემდეგ ამერიკას უნდა ეღიარებინა, რომ ნატოს წინაშე გარკვეული შეზღუდვების დრო დადგებოდა. უკრაინასთან დაკავშირებით, ალბათ, შეიძლებოდა აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკება. ნატოს წევრები უფრთხიან იმას, რომ ისინი ავტომატურად არ იყვნენ მიბმულნი პოსტსაბჭოთა ქვეყანაში სიტუაციის ისეთ ნეგატიურ განვითარებასთან, რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებენ. აი, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები დასავლეთისთვის უფრო ნორმალური და პროგნოზირებადი ქვეყნები არიან, ვიდრე - უკრაინა, თავისი "აზოვებით" (მოხალისეთა ბატალიონით) და ულტრანაციონალური ჯგუფებით... უკრაინაში დასავლეთისთვის ყოველთვის შეიძლება რაღაც სიურპრიზი გაჩნდეს. შესაბამისად, დასავლეთს არ სურს ფასის გადახდა მსგავსი სიტუაციისათვის. ამიტომაც, ჩემი აზრით, უკრაინას ნატოს წევრად არ მიიღებენ.

- და საქართველოსაც? - და საქართველოსაც. რასაკვირველია, ნატო ამას საჯაროდ არ აღიარებს: დასავლური პოლიტიკა, თავისი არსით, თვალთმაქცური და ფარისევლურია, თუმცა [ბრიუსელს] ამის საჯარო აღიარება არც დასჭირდება.

- თქვენი აზრით, რუსეთისა და დასავლეთის კონფრონტაცია გაძლიერდება? რამდენად შესაძლებელია პირდაპირი შეტაკება? - კონფრონტაცია, სავარაუდოდ, გაღრმავდება. შეიძლება განვიხილოთ რამდენიმე ნეგატიური სცენარი. გავიხსენოთ, რა ხდებოდა აპრილში რუსეთ-უკრაინის საზღვარზე. ჩემი აზრით, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, შიდაპოლიტიკური მიზეზებით, იფიქრა, რომ კუნთები გაეთამაშებინა და დონბასისაკენ ჯარების ნაწილები გადაეადგილებინა. მოსკოვში იფიქრეს, რომ კიევს ჭკუა არ დაუშლიდა რაღაც ცუდის გასაკეთებლად და ამიტომ გადაწყვიტეს, უკრაინისთვის და მისი ვაშინგტონელი კურატორებისათვის სიგნალები გაეგზავნათ. ამიტომაც იქნა თავმოყრილი რუსეთის საარმიო ქვედანაყოფები უკრაინის საზღვართან - ბრიანსკიდან ყირიმამდე. სიგნალები ისეთი იყო, როგორიც ვლადიმერ პუტინს ახასიათებს: უკრაინისთვის - "თუ თქვენ შეეცდებით დონბასში ომის დაწყებას, თუ შეეცდებით ამ უბანზე ტერიტორიის ძალით გაკონტროლებას, მაშინ თქვენი სახელმწიფოებრიობის საკითხი შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს"; ვაშინგტონისათვის - "არ დაივიწყოთ მიხეილ სააკაშვილის ბედი, რომელსაც 2008 წელს თქვენი იმედი ჰქონდა, თვლიდა, რომ თქვენ მას სამხედრო დახმარება აღუთქვით და ამიტომ ვა-ბანკზე წავიდა".

რასაკვირველია, კრემლის ასეთი მოქმედება უხეში და ცინიკური იყო, მაგრამ მან კიევს და ვაშინგტონს აბსოლუტურად მკაფიო სიგნალები გაუგზავნა. დიახ, რუსეთის პოლიტიკური კულტურა, მთლიანობაში, საკმაოდ ცინიკურია, თუმცა, იმავდროულად, დასავლურიც პირმოთნე და ფარისევლურია. ეს კრიტიკა არ არის, ეს დაკვირვებაა. მე უპირატესობას ჩვენსას, რუსულ პოლიტიკას მივცემდი: შეიძლება ის არასასიამოვნოა, მაგრამ სათქმელი პირდაპირ არის ნათქვამი და შეცდომაში არ შეყავხარ. რუსებმა ვლადიმერ ზელენსკი მიახვედრეს: "თუ გაინძრევი, არც შენ იქნები და არც შენი მაიდანი", ამერიკელებს კი უთხრეს: "მიხედეთ ამ თქვენს კლიენტს, თორემ რამე ფარსაგ საქმეში გაგხვევთ, ომში ჩაგითრევთ". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ