"რუსული არყის "ფრანგული და ქართული პარადოქსები", ანუ რისთვის გამოიყენებოდა ქართველი მეცნიერების კახეთში დამზადებული არაყი" - კვირის პალიტრა

"რუსული არყის "ფრანგული და ქართული პარადოქსები", ანუ რისთვის გამოიყენებოდა ქართველი მეცნიერების კახეთში დამზადებული არაყი"

რუსული გაზეთ "კომერსანტ"-ის ("КоммерсантЪ") შაბათის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით "რუსული არაყის "ფრანგული და ქართული პარადოქსები", რომელშიც საუბარია 40 წლის წინათ საბჭოთა შორეულ აღმოსავლეთელ (ზღვისპირელ) და ქართველ მეცნიერთა მიღწევაზე - ისეთი არაყის შექმნაზე, რომლის დალევა ნაბახუსეობის ("პოხმელიის") სინდრომს არ იწვევდა.

საინტერესოა, რომ ზღვისპირელმა სპეციალისტებმა, ქართველებთან ერთად, არაყი საქართველოში, კახეთში დაამზადეს. მის შემადგენლობაში შედიოდა ანტიდოტები პოლიფენოლთა სახით, რომლებსაც ყურძენი შეიცავდა - სწორედ ის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ფრანგმა და ამერიკელმა მეცნიერებმა მოგვიანებით შექმნეს რითაც მათ "ფრანგული პარადოქსი" განმარტეს. საბჭოური ახალი არაყის დამზადების სამეცნიერო ხელმძღვანელი და იდეოლოგი იყო ისრაელ ბრეხმანი, ადაპტოგენების - ადამიანის იმუნიტეტის ამამაღლებელი სინთეზური და ბუნებრივი ნივთიერებების შემსწავლელი სამამულო მეცნიერული დარგის ფუძემდებელი. მაგრამ თავდაპირველად, მოდით, ცოტა რამ გავიხსენოთ ისტორიიდან:

მხნეობის აბი ჯარისკაცებისათვის

"მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცებისათვის პირველად დაიწყეს გამამხნევებელი ნივთიერების - ამფეტამინის აბების მიცემა, რომელიც ხელს უწყობდა ადრენალინისა და დოფამინის გამოყოფას. კაცმა რომ თქვას, ამფეტამინის მსგავსი ნითიერება "ბენზედრინის" სახელმწოდებით, ჯერ კიდევ ომამდე იყიდებოდა ამერიკულ აფთიაქებში და მას ძილიანობისა და დეპრესიის წინააღმდეგ იყენებდნენ. ომის დროს მოკავშირეებმა მოიფიქრეს და პირად სამხედრო შემადგენლობას ბენზედრინს დაღლილობის საწინააღმდეგო აბების სახით აძლევდნენ. გერმანიის ვერმახტის ჯარისკაცებს კი მეტანფეტამინი ურიგდებოდათ, რომელიც ამერიკულზე უფრო ძლიერი იყო, მაგრამ მიჩვევას იწვევდა.

საბჭოთა კავშირშიც დაიწყეს მეტამფეტამინის მსგავსი ნივთიერების წარმოების მცდელობა, მისი სინთეზირება პირველად 1942 წელს განხორციელდა, რისთვისაც პროფესორმა ოსიპ მაგიდსონმა პირველი ხარისხის სტალინური პრემია მიიღო. თუმცა მისი ფართო წარმოება მხოლოდ 1946 წელს მოხერხდა. მანამდე კი წითელი არმიის სპეციალური ქვედანაყოფები "ფენამინს" - ე.წ. "სიმხნევის აბებს" იღებდნენ, თანაც მხოლოდ ომის ბოლო წელს. როგორც არმიის მთავარი ჰიგიენისტი გენერალი კროტკოვი აცხადებდა მოხსენებაში, "პრეპარატი ჯარების ყველა სახეობაში იქნა გამოცდილი. შედეგები დადებითია: ერთი ან ორი აბი ჯარისკაცებს სიფხიზლეს უმაღლებდა და მათი ბრძოლისუნარიანობა 24-36 საათს გრძელდებოდა. ფენამინმიღებული ჯარისკაცები სანგრებში დილაობით, როცა ადამიანს ყველაზე ძალიან ეძინება, უკვე ფხიზლად იყვნენ და ბრძოლაში იწევდნენ". თუმცა გენერალი იქვე მიუთითებდა, რომ ფენამინის მიღების დროს სიფრთხილე უნდა იქნეს დაცული, ზედმეტი დოზა არ შეიძლება".

იმ დროს, როცა გენერალი კროტკოვი მოხსენებას აკეთებდა, ბათუმის პორტში რეიდზე მდგარ მსუბუქი კრეისერის "წითელი ყირიმის" ეკიპაჟში ფენამინის ერთ-ერთ სახესხვაობის - პროზამინის გამოცდა მიმდინარეობდა, რომელმაც ასევე დადებითი შედეგები აჩვენა.

ყველა ამ ნივთიერების შექმნაში მონაწილეობდა ახალგაზრდა მეცნიერი, სამხედრო-საზღვაო სამედიცინო აკადემიის კურსანტი ისრაელ ბრეხმანი, რომელმაც 50-იანი წლების დასაწყისში, უკვე ცნობილმა მკვლევარმა, შორეულ აღმოსავლეთში, ზღვისპირეთში ჟენშენის სამკურნალო თვისებების შესწავლა დაიწყო და ამ მიზნით სპეციალური მეურნეობაც შექმნა. მას ეკუთვნის აგრეთვე ბიოლოგიურად აქტიური დამატებების ("ბად"-ების) შესწავლისა და დამზადების პრიორიტეტიც.

მართალია, 1990-იან წლებში "ბად"-ების სამკურნალო ავტორიტეტი საკმაოდ შეირყა არაკეთილსინდისიერი მწარმოებელებისა და ექიმების შედეგად, მაგრამ ისტორიამ მაინც შემოინახა პროფესორ ისრაელ ბრეხმანის ხელმძღვანელობით 1980-იან წლებში ჩატარებული ყველაზე გრანდიოზული ექსპერიმენტი ნაბახუსევობის სინდრომის არმქონე არაყის შექმნის შესახებ.

ბრძოლა სიფხიზლისათვის

1979 წელს საბჭოთა კავშირში, კომპარტიის ცეკას დადგენილებით, სიფხიზლისთვის ბრძოლის მორიგი ეტაპი დაიწყო. სწორედ მაშინ გაუჩნდა ისრაელ ბრეხმანს ახალი იდეა - მოქალაქეების მიერ არყის ზედმეტი რაოდენობით მიღების ბიოლოგიური პროცესის დარეგულირების მიზნით. ამისათვის ადგილობრივი მცენარე ელეუტეროკოკი გამოიყენეს, რომელიც ზღვისპირეთში, სიხოტე-ალინის მთებში საკმაოდ ბევრია.

მაგრამ საჭირო გახდა ელეუტეროკოკთან შედარებით უფრო ძლიერი ნივთიერების შემცვლელის მოძებნა. ისრაელ ბრეხმანმა იმედის თვალი საქართველოს მიაპყრო და დაინტერესდა "ქართული პარადოქსით", სადაც ადგილობრივი მოსახლეობა, მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციული დარგის მქონე რესპუბლიკაში, ბევრ ღვინოს სვამენ, მაგრამ სამედიცინო გამოსაფხიზლებლები ("მედვიტრეზვიტელ"-ები), უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მესამედით თუ იყო შევსებული. გასაგებია, რომ ეს ალკოჰოლის მიღების კავკასიური ტრადიციული კულტურითა და ადგილობრივი მილიციის კოლორიტული დამოკიდებულებითაც იყო განპირობებული, მაგრამ ლოთობის არარსებობა საქართველოში მაინც საინტერესო ფენომენი იყო. ასე რომ, არყისთვის საჭირო ადაპტოგენის ძიების პროცესმა ზღვისპირეთიდან კახეთში გადაინაცვლა.

ზემოთ "ფრანგული პარადოქსი" ვახსენეთ და გავმარტავთ, რომ მსგავს დასკვნამდე ფრანგი და ამერიკელი მეცნიერებით მივიდნენ: რატომ ხდება, რომ ღვინით მდიდარ საფრანგეთში მოსახლეობა ბევრს სვამს, მაგრამ მთვრალები და ლოთები ცოტანი არიან? "ფრანგული პარადოქსის" ასახსნელად იქაც ყურადღება ყურძნის შემადგენლობაზე გაამახვილეს, მაგრამ ხაზს ვუსვამთ: ეს საფრანგეთში 1980-იანი წლების ბოლოს მოხდება, მანამდე კი საბჭოთა კავშირში საიდუმლო ცდები და კვლევა-ძიება უკვე მიმდინარეობს, 1979 წლიდან დაწყებული.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ისრაელ ბეხმანიმა და მისმა თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, პოლიფენოლების მაქსიმალურ რაოდენობას ყურძნის დაწურვის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები შეიცავდა. მათ საფუძველზე შექმნილი ღვინის ექსტრატი სპირტის დაჟანგვას აყოვნებდა... ასეთ ბიოქიმიას ნაბახუსევობის სინდრომი უნდა მოეხსნა და ადამიანს თავი მხნედ უნდა ეგრძნო. 1982 წლის 22 ივლისს პროფესორმა ისრაელ ბრეხმანმა და მისმა ზღვისპირელმა და ქართველმა კოლეგებმა საავტორი მოწმობა მიიღეს ყურძნისაგან ისეთი ექსტრაქტის შექმნისათვის, რომელსაც ანტიალკოჰოლური მოქმედება ჰქონდა. პრეპარატს უწოდეს "კაპრიმი", ანუ "Кахетия + Приморье". წინ კლინიკური გამოცდის ჩატარებაღა რჩებოდა.

"ოქროს საწმისი" კოლიმაზე

"კაპრიმის" კლინიკურ გამოცდაზე დღეს საკმაოდ ბევრი რამ არის დაწერილი, ეს მართლაც უნიკალური შემთხვევაა არამარტო სამამულო, არამედ მსოფლიო ფარმაკოლოგიაში. მასზე უკვე იმდენი ლეგენდებია შექმნილი, რომ ტყუილს სიცრუისაგან ვეღარ გაარჩევ. თუმცა დოკუმენტების ენით თუ ვილაპარაკებთ, სიტუაცია ასეთი იყო: სამეცნიერო ექსპერიმენტის ბედი ცეკას პოლიტბიუროს დონეზე გადაწყდა, რომლის დადგენილებით გამოიყო სპეციალური ტერიტორია - მაგადანის ოლქის ჩრდილო-ევენკიის რაიონი. 1984 წლის ზაფხულში იქ შეიტანეს არაყი "ოქროს საწმისი" ("ზოლოტოე რუნო"), რომელსაც კაპრიმი ჰქონდა დამატებული. არყის სიმაგრე 40 გრადუსს აღემატებოდა, ფასი - 5 მანეთი და 20 კაპიკი. იმავდროულად წინა წლით შეზიდული ჩვეულებრივი არაყის დარჩენილი მარაგი სპეციალურად გაანადგურეს.

"ოქროს საწმისი" საქართველოში იყო დამზადებულ-ჩამოსხმული. როგორც ისრაელ ბრეხმანის თანამშრომელი, ექსპერიმენტის ხელმზღვანელი ალექსანდრე ბულანოვი იხსენებს, ამისათვის რესპუბლიკას სპირტის წარმოების დამატებით კვოთები გამოუყვეს, მაგრამ არა ყურძნისაგან, არამედ მსხლისაგან, რომლის მოსავალი იმ წელიწადს საქართველოში დიდი რაოდენობით მოვიდა. მსხლის არომატიანი არაყი ევენკებს არ მოეწონათ (ისინი მიუჩვეველები იყვნენ მსხლის გემოს), ბევრი იგინებოდა, მაგრამ სხვა არაფერი რომ არ იყო, მაინც სვამდნენ. მოკლედ, მართალია, მოსახლეობა არყის გემოთი უკმაყოფილო იყო, მაგრამ ალკოჰოლიზმი მნიშვნელოვნად შემცირდა, სამედიცინო გამოსაფხიზლებლებში მოხვედრილ მოქალაქეთა რაოდენობა შემცირდა, სტატისტიკა პოზიტიურად განვითარდა. ეს საოცარი იყო, რადგან ევენკები, ტრადიციულად, ბევრ არაყს სვამდნენ, მაგრამ ახლა შედარებით ნაკლებად თვრებოდნენ, მათი მეტაბოლიზმი ევროპეიდულს დაემსგავსა. მილიციამ, დაინახა რა დადებითი შედეგი, ჩვენს მხარეზე დადგა... კვლევებმა აჩვენა, რომ კაპრიმიანმა არაყმა "ოქროს საწმისმა" ევენკების გენოტიპზე მოახდინა გავლენა.

ახალი ექსპერიმენტის მსხვერპლი

მაგრამ ლოკალური ანტიალკოჰოლური ექსპერიმენტი, რომელიც ორი წელი უნდა გაგრძელებულიყო, შეწყდა და ჩანაცვლდა უფრო გრანდიოზული ასევე ანტიალკოჰოლური ექსპერიმენტით, რომლის შესახებაც მიხეილ გორბაჩოვმა გამოაცხადა 1985 წლის მაისში. ქართველი და ზღვისპირელი მეცნიერები, თავიანთი შრომის შედეგი რომ გადაერჩინათ, კრემლის კაბინეტებამდე მივიდნენ - გორბაჩოვთან, ლიგაჩოვთან, რიჟკოვთან, მაგრამ პასუხად უარი მიიღეს. მოგვიანებით, შემცირდა ვენახების ფართობები, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება და გაყიდვა... ერთი მხრივ, ამას თითქოსდა დადებითი შედეგები უნდა მოეტანა, მაგრამ პირიქით - გაიზარდა თვითნახადი ალკოჰოლური სასმელების მოცულობა, მომწამლავი ეფექტით...

მართალია, პროფესორ ბრეხმანის უბახუსო არყის შექმნის ეპოპეა დღეს მივიწყებულია, მაგრამ მისი "გამოძახილი" მაინც არსებობს: ტექნოლოგიები ვითარდება, "პოხმელიას" უფრო ეფექტურადაც ებრძვიან, სხვადასხვა ახალი "ბად"-ების, მაგალითად, "იაგელის" დამატებით, მაგრამ უალკოჰოლო სასმელების შექმნის ექსპერიმენტი რომ თავის დროზე თამამად გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა, ეს სინამდვილეა. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ