აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი იუნესკო-ს მოუწოდებს, სომხეთისგან დანაღმული ველების რუკა მოითხოვოს - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი იუნესკო-ს მოუწოდებს, სომხეთისგან დანაღმული ველების რუკა მოითხოვოს

ორი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მკვლელობა კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ სომხეთი თავის ვალდებულებას არ ასრულებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი ანარ კარიმოვი "ტვიტერში" წერს.

მინისტრი იუნესკო-ს მოუწოდებს, სომხეთისგან დანაღმული ველების რუკის გადაცემა მოითხოვოს.

"ჟურნალისტები თავიანთი საქმიანობის გამო არ უნდა იღუპებოდნენ. ქალბაჯარში ორი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მკვლელობა კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ სომხეთი თავის ვალდებულებას არ ასრულებს. იუნესკო-მ უნდა მოითხოვოს დანაღმული ველების რუკა სხვების სიცოცხლის გადასარჩენად,"- წერს ანარ კარიმოვი.

ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, გუშინ ქალბაჯარის რაიონში ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ორი ჟურნალისტია - ტელევიზია AzTV-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო Azertag-ის თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი.

"ინტერპრესნიუსი"