"ყირიმი და საგზაო რუკები": რით გადაუხდის რუსეთს მხარდაჭერას ალექსანდრე ლუკაშენკო?" - რას წერს გერმანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ყირიმი და საგზაო რუკები": რით გადაუხდის რუსეთს მხარდაჭერას ალექსანდრე ლუკაშენკო?" - რას წერს გერმანული გამოცემა?

გერმანული რადიო "დოიჩე ველე" (Deutsche Welle) აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით - "ყირიმი და საგზაო რუკები": რით გადაუხდის რუსეთს მხარდაჭერას ალექსანდრე ლუკაშენკო?", რომელშიც მინსკისა და მოსკოვის პერსპექტიული ურთიერთობაა განხილული ევროკავშირის ბოლო სანქციების ფონზე. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

"დასავლეთის ხისტმა და მკაცრმა რეაგირებამ იმ საჰაერო ინციდენტზე, რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ ჩაიდინა ირლანდიის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავის მიმართ (იძულებით დაშვება მინსკის აეროპორტში, ქვეყნის მმართველი რეჟიმის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მგზავრის დაკავების მიზნით) და იმ ეკონომიკურმა სანქციებმა, რომელიც ევროკავშირმა გამოაცხადა, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს პოზიციები მნიშვნელოვნად შეასუსტა. ისარგებლებს თუ არა ამით რუსეთი, რომელზეც ლუკაშენკო ბოლო დროს სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული და, თუ მართლაც ასე მოხდება, როგორ ისარგებლებს? უნდა ველოდოთ იმას, რომ ახლა ბელარუსი მართლაც აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად?

რუსეთი და ბელარუსი: დღის წესრიგი, ინტერესები და სპეკულაცია

"ალექსანდრე ლუკაშენკოს თავისი ინტერესები და დღის წესრიგი აქვს. იგი ცდილობს და მომავალშიც შეეცდება, რუსეთთან ურთიერთობებში სწორედ საკუთარი მიზნები განახორციელოს", - ამბობს "დოიჩე ველესთან" საუბარში ბერლინის ფონდის - "მეცნიერებისა და პოლიტიკის" ექსპერტი საბინა ფიშერი. "არსებობს ბევრი ვარაუდი და სპეკულაცია იმაზე, რომ, ვითომდაც, ვლადიმერ პუტინს ორი სახელმწიფოს ერთ სახელმწიფოდ საბოლოო გაერთიანება შეუძლია, რაც მისი ისტორიული დამსახურება იქნება. მაგრამ რადგანაც კრემლში გადაწყვეტილების მიღების პროცესი სრულიად გაუმჭვირვალეა, არავინ იცის, რა აქვს დაგეგმილი ვლადიმერ პუტინს. ამიტომაც ასეთი ხმებისა და მითქმა-მოთქმის კომენტირება შეუძლებელია".

"მოსკოვი უკვე სარგებლობს იმით, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ დაკარგა ადრინდელი მანევრირების შესაძლებლობა დასავლეთთან, რასაც იგი რუსეთთან ურთიერთობაში მიმართავდა ხოლმე", - დარწმუნებულია მინსკელი მიმომხილველი ანდრეი ფიოდოროვი. მისი აზრით, უბრალოდ, ამგვარი საკითხების განხილვის დროს ყველაფერი საჯაროდ არ გამოიტანება.

"ცხადია, რუსეთის ხელისუფლებისათვის მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის, რომ მას საქმე აქვს ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, ამიტომაც გასულ წელს კრემლი, როცა მის ხელისუფლებას გადარჩენაში ეხმარებოდა, "ყოველი შემთხვევისათვის" საკუთარ გავლენასაც აფართოებდა, პრეზიდენტის სავარაუდო შეცვლის გათვალისწინებით", - ამბობს საბინა ფიშერი. მისი თქმით, რუსეთი ცდილობდა, დაერწმუნებინა ალექსანდრე ლუკაშენკო, რომ საჭიროა კონსტიტუციის რეფორმა, ახალი არჩევნები, რომლის შედეგადაც შეიძლებოდა "ბაცკას" გადარჩევა... მაგრამ, როგორც ვხედავთ, კრემლის მცდელობიდან არაფერი გამოვიდა და მოსკოვიც სიტუაციას შეეგუა", - ამბობს გერმანელი ექსპერტი. საბინა ფიშერის შეფასებით, დასავლეთთან მინსკის ურთიერთობის მკვეთრი გაურესებისა და მოსკოვზე მისი დამოკიდებულების ზრდის მიუხედავად, კრემლის შესაძლებლობა - გავლენა მოახდინოს ბელარუსზე და თავისი ინტერესები განახორციელოს - სულ უფრო შეზღუდული ხდება.

"საგზაო რუკა" და მისი მიზნები

ორი ქვეყნის ინტერესებში სერიოზულ განსხვავებას ვერ ხედავს მინსკელი ანალიტიკოსი ალექსანდრე შპაკოვსკი. მისი თქმით, თუ დღემდე რუსეთსა და ბელარუსს შორის რამე, სადავო საკითხები არსებობდა, ისინი უკვე კოლექტიური დასავლეთის წყალობით აღარ არიან: დასავლეთმა თავისი სანქციებით და ანტიბელარუსული აქციებით ხელი შეუწყო მოსკოვისა და მინსკის დაახლოებას, მათ მჭიდრო ინტეგრაციას - ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის საკითხში". ამისათვის იქმნება "საგზაო რუკაც", რა არის გასაკეთებლი მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში. სოჭში რუს კოლეგასთან შეხვედრის დროს, როგორც ჩანს, ალექსანდრე ლუკაშენკომ თავის მიზანს მიაღწია და ბელარუსულ კომპანიებს რუს პარტნიორებთან ურთიერთობაში თანაბარი უფლებების გარანტია მოუპოვა.

მაგრამ კონკრეტულად კიდევ რას შეიცავს "საგზაო რუკა", ეს ჯერჯერობით არ ჩანს. როგორც საბინა ფიშერი აღნიშნავს, მოვლენების განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სანქციებს გამოაცხადებს კიდევ ბრიუსელი, რაც ალექსანდრე ლუკაშენკოს იძულებულს გახდის, რუსეთთან კომპრომისებზე წავიდეს.

"აშკარაა, რომ ზოგჯერ რუსეთის პოლიტიკური ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა რუსული ბიზნესის ინტერესებს", - ხაზს უსვამს ალექსანდრე შპაკოვსკი. გასულ წელს მინსკი არაერთხელ სდებდა ბრალს რუს ოლიგარქებს იმაში, რომ ისინი ბელარუსული კომპანიებისა და საწარმოების იაფად შესყიდვას ცდილობდნენ. დღეს უკვე ლაპარაკი მსხვილ სახელმწიფო აქტივების რუსი ოლიგარქების ხელში გადასვლაზე აღარ მიდის.

ყირიმის საკითხი მნიშვნელოვანი აღარ არის?

„საერთაშორისო რეალობის ცვლილების ლოგიკა ბელარუსსაც ცვლილებებზე წასვლას აიძულებს“, - ამბობს ალექსანდრე შპაკოვსკი. მსოფლიო უფრო ბოროტი ხდება, მკაცრდება შედარებით დიდი, მაგრამ იმავდროულად სუსტი სახელმწიფოების პოზიციაც, რაც სიტუაციის გამწვავებას იწვევს. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ბელარუსის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ გამოცხადებულ სანქციას საჰაერო სივრცის დახურვის თაობაზე მინსკის უშუალო მეზობელი - უკრაინაც შეუერთდა, ორი ქვეყნის ურთიერთობა თვალდათვალ უარესდება. შესაბამისად, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ნაბიჯი ვლადიმერ ზელენსკის მიმართ რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის აღიარება იქნება.

ამასთან დაკავშირებით საბინა ფიშერი იხსენებს, რომ ნახევარკუნძულის ანექსიიდან უკვე შვიდი წელი გავიდა. და თუ პირველი თვეების დროს ყირიმის სტატუსის საკითხი ბელარუსსა და რუსეთს შორის პოლიტიკური თამაშის ნაწილი იყო, ახლა ის უკვე კრემლისათვის იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის: "ალექსანდრე ლუკაშენკოს ყირიმის აღიარება ყოველ მომენტში შეუძლია, ამიტომ რამე პროგნოზების გაკეთება - როდის და რა სიტუაციაში - ამას მნიშვნელობა არ აქვს", - ამბობს საბინა ფიშერი. მას ეთანხმება ანდრეი ფიოდოროვიც: "ყირიმის აღიარებით მოსკოვს "არც დასცხება და არც შესცივდება". იმაში, რომ ბელარუსი ნახევარკუნძულის რუსეთის შემადგენლობაში ყოფნას ოფიციალურად დათანხმდება, მოსკოვი რამე განსაკუთრებულ სარგებელს ვერ ხედავს. ამასთან, კრემლს კარგად ესმის, თუ რა წამგებიან სიტუაციაში იმყოფება ალექსანდრე ლუკაშენკო და ამიტომ ცდილობს, რომ მას "სახე შეუნარჩუნდეს" ანუ ძალიან არ "აწვება". ბოლოსდაბოლოს, იგი მაინც რუსეთის ხახაშია მოქცეული".

თავის მხრივ, ალექსანდრე შპაკოვსკი "დოიჩე ველესთან" საუბარში ამბობს, რომ ყირიმის აღიარების ალბათობა არსებობს, თუმცა არაა აუცილებელი, რომ ამის ინიციატივა მინსკთან მიმართებით კრემლიდან მოდიოდეს: "უკრაინის მხრიდან მტრული მოქმედების მიუხედავად, ამ ეტაპზე მინსკში ყირიმის აღიარების საკითხი არ განიხილება", - აზუსტებს ექსპერტი, თუმცა არ გამორიცხავს, რომ უკრაინის მიერ თავისი საჰაერო სივრცის დახურვა ავიაკომპანია "ბელავიას" თვითმფრინავებისათვის მინსკს იძულებულს გახდის, სამგზავრო რეისები ყირიმშიც განახორციელოს, რასაც ადრე არ აკეთებდა. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ