ევროპარლამენტმა ბელარუსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო და Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტს "სახელმწიფო ტერორიზმის აქტი" უწოდა - კვირის პალიტრა

ევროპარლამენტმა ბელარუსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო და Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტს "სახელმწიფო ტერორიზმის აქტი" უწოდა

ევროპარლამენტმა ბელარუსის ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

ევროპარლამენტი მკაცრად გმობს Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დასმას და ბელარუსი ჟურნალისტის და მისი პარტნიორის დაკავებას.

რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს, რაც შეიძლება დროულად სანქციები დაუწესოს ცალკეულ პირებსა და დაწესებულებებს, რომლებიც თვითმფრინავის იძულებით დაშვებაში მონაწილეობდნენ.

„Ryanair-ის გატაცება წარმოადგენდა სახელმწიფო ტერორიზმის აქტს. ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ამ ინციდენტში ჩართულ პირებს. ჩამოშორდეს ბელარუსი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებს, როგორიცაა ევროპული და მსოფლიო ჩემპიონატები და ტოკიოს ოლიმპიური თამაშები“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები.

რეზულუციას მხარი დაუჭირა 626-მა დეპუტატმა, 16 კი წინააღმდეგი იყო. ევროპარლამენტის დეპუტატები ბელარუსს რომან პროტასევიჩისა და სოფია საპეგას, ასევე სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენაც მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, 23 მაისს, ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, მინსკში იძულებით დასვეს და ბორტზე მყოფი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"