"აშშ-სთან ურთიერთობა წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ წერტილზეა" - კვირის პალიტრა

"აშშ-სთან ურთიერთობა წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ წერტილზეა"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

"ჩვენ გვაქვს ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ წერტილამდე გაუარესდა", - განაცხადა პუტინმა NBC-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, "არაჩვეულებრივი და ნიჭიერი პიროვნებაა," ბაიდენი კი - კარიერის პოლიტიკოსი, რომელიც "რადიკალურად განსხვავდება" ტრამპისგან.

კითხვაზე, რომელიც ბაიდენის ინტერვიუს შეეხებოდა, რომლის დროსაც მან პუტინს მკვლელი უწოდა, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მას ათობით ასეთი ბრალდება აქვს მოსმენილი და ასეთი "იარლიყები" ნაკლებად აინტერესებს.

"ყოველთვის რუსი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებით ვხელმძღვანელობ და გარკვეული სახის იარლიყები ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს,"- აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა უარყო Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანისთვის თანამედროვე სატელიტური სისტემის მიწოდებას აპირებს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში პოტენციური სამხედრო სამიზნეების გაკონტროლების საშუალებას მისცემს.

"ეს "ფეიკ ნიუსია". მსგავსი არაფერია ჩემთვის ცნობილი. ეს უბრალოდ სისულელეა!"- აღნიშნა პუტინმა.

"ინტერპრესნიუსი"