"მთელ პროცესს ვიდეოზე იღებდა და სოციალურ ქსელშიც განათავსა" - 30 წლის ქალი შვილის მაგივრად წავიდა სკოლაში და... დააპატიმრეს - კვირის პალიტრა

"მთელ პროცესს ვიდეოზე იღებდა და სოციალურ ქსელშიც განათავსა" - 30 წლის ქალი შვილის მაგივრად წავიდა სკოლაში და... დააპატიმრეს

ასეთი უჩვეულო ამბებიც ხდება. ამერიკელმა კეისი გარსიამ უჩვეულო სოციალური ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.

ტეხასის მცხოვრებ ქალბატონს სურდა გაეგო, რამდენად იცავდნენ მისი 13 წლის ქალიშვილის სკოლაში უსაფრთხოების წესებს. ამისთვის ერთ დღეს კეისიმ გადაწყვიტა, გოგონა შინ დაეტოვებინა და თავად მის ნაცვლად წავიდა სკოლაში. ახალგაზრდა დედამ სპორტული ჰუდი გადაიცვა, სათვალე დაიკოსა და პირბადეც გაიკეთა, რომ სახე დაეფარა.

მთელ პროცესს ვიდეოზე იღებდა და სოციალურ ქსელშიც განათავსა. კადრში ჩანდა, რომ ქალი შეუფერხებლად შევიდა სასწავლო დაწესებულებაში. მას მხოლოდ სკოლის მოწმობის ნომერი სთხოვეს. ახალგაზრდა

ქალმა ქალიშვილის მოწმობის ნომრების ციფრები გაიმეორა და შეუშვეს.

შემდეგ დაესწრო გაკვეთილებს, ისადილა სკოლის სასადილოში და რამდენიმე მოსწავლეს გაესაუბრა. მხოლოდ ბოლო გაკვეთილზე იეჭვა რაღაც მასწავლებელმა. მან სკოლის დირექტორს მიმართა და პოლიციაშიც დარეკა, რომ სკოლაში უცნობი შეიჭრა. ადგილზე მისულმა შერიფმა კეისი იქვე დააპატიმრა. თუმცა ქალი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მან თქვა, რომ უბრალოდ სოციალურ ექსპერიმენტს ატარებდა შვილის სკოლის უსაფრთხოების გასარკვევად.

კეისის თქმით, სკოლაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია შესვლა. ახალგაზრდა ქალმა თქვა, რომ დაწესებულება არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს, მის თანამშრომლებს კი უფრო ის აღელვებდათ, რომ იგი გაკვეთილზე ტელეფონით იჯდა, ვიდრე მოსწავლის პიროვნება.

კეისი ამბობს, რომ სკოლებში მეტად საჭიროა უსაფრთხოების დაცვა. "დავამტკიცე, რომ ჩვენს დაწესებულებაში ასე არ არის. ხალხს უფრო ის აღელვებს, რომ მე, მშობელი ვიჯექი გაკვეთილებზე მათ ბავშვებთან ერთად, და არა ის, რომ ჩემ ადგილას შეიძლება ბოროტმოქმედი აღმოჩენილიყო, რომელიც ბავშვებს ზიანს მიაყენებდა", - აღნიშნა კეისიმ.

ტეხასის მთავრობამ ქალი პირობით გაუშვა და გაფრთხილებაც გამოუწერეს. ისიც აღნიშნეს, რომ დაინტერესდებიან ამ სკოლაში უსაფრთხოების წესებით და ასევე სხვაგან.

წყარო