იაპონია კურილის კუნძულებს არ თმობს... - კვირის პალიტრა

იაპონია კურილის კუნძულებს არ თმობს...

ხანმოკლე  დათბობის შემდეგ, რაც უკავშირდებოდა სტიქიური უბედურების გამო რუსეთის მიერ იაპონიისათვის დახმარების გაწევას, მოსკოვსა და ტოკიოს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა.

საქმე ის არის, რომ სამხრეთ კურილის კუნძულებზე ჩავიდა რუსეთის ვიცე-პრემიერი სერგეი ივანოვი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად.

იაპონელები, როგორც ცნობილია, მტკივნეულად რეაგირებენ სამხრეთ კურილის კუნძულებზე რუსეთის დიდმოხელეების ჩასვლაზე. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, როცა კუნძულ კუნაშირს პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ეწვია.

ის იყო რუსეთის სახელმწიფოს პირველი თავკაცი, მეფისა და საბჭოთა პერიოდის ჩათვლით, რომელიც ამ განცალკევებულ ტერიტორიებს ესტუმრა. იაპონიის პრემიერმა ნაოტო კანმა "ჩრდილოეთის ტერიტორიების" დასაბრუნებელ საერთო-ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ მიტინგზე რუსეთის პრეზიდენტის იქ ჩასვლას "დაუშვებელი უხეშობა" უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, - ტოკიო არასოდეს იტყვის უარს კუნძულების დაბრუნების მცდელობაზეო.

ვიცე-პრემიერ სერგეი ივანოვის ვიზიტს იაპონიის პროტესტი მოჰყვა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტაკეაკი მაცუმოტომ რუსეთის ფედერაციის ელჩს ტოკიოში მ. ბელის განუცხადა: - ეს გულს ტკენს ჩვენს ხალხს და მათ წუხილს იწვევს, უნდა შევეცადოთ არ დავკარგოთ ურთიერთნდობა და პატივისცემაო.

გარდიანი, დიდი ბრიტანეთი