ქნესეთი გენოციდის ასაღიარებლად ემზადება - კვირის პალიტრა

ქნესეთი გენოციდის ასაღიარებლად ემზადება

ისრაელის მიერ სომხების გენოციდის აღიარების საკითხი შესაძლოა უახლოეს ხანში გადაიჭრას. ქნესეთის განათლებისა და კულტურის  კომისიას დავალებული აქვს ამ საკითხის განხილვა და პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა.

ქნესეთის ტრიბუნიდან საპარლამენტო ოპოზიციის თავმჯდომარემ, "ლიკუდის" წარმომადგენელმა ზაევ ელკინმა განაცხადა, - "ებრაელთა სახელმწიფოს არ აქვს მორალური უფლება, არ აღიაროს ტრაგედია, რომელიც სომეხ ხალხს თავს დაატყდა. სახელმწიფო ისრაელი, რომელიც მთელი მსოფლიოსაგან ითხოვს ისტორიული სამართლიანობის აღიარებასა და მორალური ნორმების დაცვას, თავადაც გვერდს არ აუვლის ამ მოწოდებას და არ იხელმძღვანელებს მხოლოდ ვიწროპოლიტიკური მოსაზრებებით.

დროა, ხელი ავიღოთ თურქეთისათვის თავის მოქონვის პოლიტიკისგან და, ბოლოს და ბოლოს, ვაღიაროთ სომეხთა გენოციდი. ებრაელთა სახელმწიფოს ეს ერთ-ერთ პირველს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, დასავლეთის იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებსაც ჯერაც არ უღიარებიათ სომეხთა გენოციდი".

რამდენიმე ხნის წინ საპარლამენტო კოალიციის თავმჯდომარე ამ საკითხთან დაკავშირებით სომეხთა გენოციდის 96-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზეც გამოვიდა ებრაულ უნივერსიტეტში.

ქნესეთის ამჟამინდელი გადაწყვეტილება  ისტორიულია. ისრაელის პარლამენტი თავს წლობით იკავებდა ამასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისაგან. ყოველწლიური განხილვა იმით მთავრდებოდა, რომ საკითხს გადასცემდნენ უცხოურ საქმეთა კომისიას, სადაც გადაწყვეტილებას არ იღებდნენ. ახლა გენოციდის აღიარებას განიხილავს განათლების კომისია და რეზოლუციის პროექტს დასამტკიცებლად ქნესეთს გადასცემენ.

ბი-ბი-სი, დიდი ბრიტანეთი