"როგორ შეხვდნენ ნატოს სამიტზე ბაიდენს და რა გადაწყვიტეს რუსეთის შესახებ" - რას წერს გერმანული გამოცემა ბრიუსელში განვითარებულ მოვლენებზე - კვირის პალიტრა

"როგორ შეხვდნენ ნატოს სამიტზე ბაიდენს და რა გადაწყვიტეს რუსეთის შესახებ" - რას წერს გერმანული გამოცემა ბრიუსელში განვითარებულ მოვლენებზე

გერმანულმა რადიოსადგურმა "დოიჩე ველემ" (Deutsche Welle) სათაურით  - "როგორ შეხვდნენ ნატოს სამიტზე ჯო ბაიდენს და რა გადაწყვიტეს რუსეთის შესახებ", გამოაქვეყნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ანალიტიკური მიმოხილვა, რომელშიც მოკლედ და გასაგებად არის გადმოცემული ნატოს პერსპექტიული საქმიანობა ახლო და შორეული მომავლისათვის. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"ნატოს სამიტებზე მთავარი ყურადღება ყოველთვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ეთმობა, მაგრამ 14 ივნისს ნატოს სამიტზე, ალიანსის ბრიუსელის შტაბ-ბინაში ჯო ბაიდენს მაინც განსაკუთრებული ენთუზიაზმით ელოდნენ - აქ კარგად ახსოვდათ 2018 წლის სამიტი, როცა ევროპაში არავინ იცოდა, რა იყო მოსალოდნელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისაგან... ახლა კი უკვე თავიდანვე ჩანდა, რომ ამჟამინდელი შეხვედრა იმდროინდელთან შედარებით უაღრესად კონტრასტული იქნებოდა.

ჯო ბაიდენი კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ერთგულია

და, რა თქმა უნდა, თეთრი სახლის მეთაურმა ამ მხრივ იმედი არავის გაუცრუა. ჯო ბაიდენმა ალიანსის გენმდივანთან - იენს სტოლტენბერგთან საუბრისას განაცხადა, რომ ნატო ამერიკისთვის ძალიან სასარგებლო ორგანიზაციას წარმოადგენს: "ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-ის ინტერესებისათვის. ნატო რომ არ არსებულიყო, მისი გამოგონება დაგვჭირდებოდა", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა და ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლს "წმინდათაწმინდა ვალდებულება" უწოდა. როგორც ცნობილია, ამ პუნქტში ჩაწერილია, რომ ალიანსის რომელიმე ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს.

დონალდ ტრამპის მმართველობის "ეპოქის" შემდეგ ევროპისათვის ასეთი მტკიცების მოსმენა ძალზე მნიშვნელოვანია: იენს სტოლტენბერგი არ მალავდა თავის კმაყოფილებას და ჯო ბაიდენს მადლობას უხდიდა იმისთვის, რომ "ევროპას შეუძლია ამერიკის იმედი ჰქონდეს". აშშ-ის პრეზიდენტის ნათქვამმა დიდი სიხარული მოჰგვარა სამიტის მონაწილე პრეზიდენტებს და პრემიერ-მინისტრებსაც. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ჯოზეფ ბაიდენთან ერთად ნატომ ამ სამიტზე ახალი შესაძლებლობისა და პერსპექტივის გზა იპოვა. გერმანელი კანცლერი მაშინაც ძალიან გახარებული ჩანდა, როცა ამერიკელმა პრეზიდენტმა ალიანსის მე-5 მუხლისადმი ერთგულება გამოაცხადა.

რას ეტყვის ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს... ჯო ბაიდენმა არანაკლები აჟიოტაჟი გამოიწვია მასმედიის წარმომადგენლებშიც. ჟურნალისტები მოთმინებით ელოდნენ აშშ-ის პრეზიდენტს გადაჭედილ დარბაზში (პანდემიის სტანდარტების გათვალისწინებით). მან თავისი პრესკონფრენცია სამი საათით გვიან დაიწყო: "ვიცი, რომ უკვე გვიანია, მე კი ისევ ბრიუსელში, ნატოში ვარ. ვხედავ, რომ თქვენ ამით აღფრთოვანებულები ხართ", - გაიხუმრა ჯო ბაიდენმა და იმ ორმხრივ შეხვედრებზე ისაუბრა, რომლის გამოც ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე დააგვიანა.

თუმცა ჟურნალისტებს ყველაზე მეტად ჯო ბაიდენის სხვა შეხვედრა აინტერესებდათ, რომელიც 16 ივნისს, ჟენევაში უნდა გაიმართოს - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. "ვეტყვი პრეზიდენტ პუტინს, რომ მე რუსეთთან კონფლიქტს არ ვეძებ, მაგრამ იმასაც ვეტყვი, რომ ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ, თუ რუსეთი, თავის მავნებლობით, მოქმედებას გააგრძელებს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისი თქმით, იგი თავის რუს კოლეგას იმ სფეროებში თანამშრომლობას შესთავაზებს, სადაც ერთობლივი საქმიანობა შესაძლებელია, ხოლო იმ სფეროებში, რომლებშიც ერთმანეთს არ ვეთანხმებით, მე მკაფიოდ მივანიშნებ, სადაც ჩვენთვის წითელი ხაზი გადის".

რუსეთი - ერთ-ერთი მთავარი მუქარა ნატოს უსაფრთხოებისათვის

ნატოს სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში, გამოწვევებსა და უსაფრთხოების მუქარებს შორის, უპირველესად და უმთავრესად რუსეთის მოქმედებაა მიჩნეული: "რუსეთის აგრესიული მოქმედება ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის მუქარას წარმოადგენს", - ასეა ჩაწერილი დოკუმენტში. მაგალითებს შორის დასახელებულია ანექსირებულ ყირიმში ჯარების თავმოყრა, კალინინგრადში ბირთვულქობინიანი რაკეტების განლაგება, მსხვილმასშტაბიანი, დაუგეგმავი სამხედრო წრთვნების ჩატარება, ასევე - რუსული არმიის აღჭურვა ახალი იარაღით.

"იმ დროს, როცა ნატო საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ ერთგულებას ამჟღავნებს, მოსკოვი აგრძელებს ნატო-რუსეთს შორის უკვე შეთანხმებულ დოკუმენტებში დაფიქსირებული ღირებულებებისა და ნდობის ნორმების დარღვევას", - ხაზგასმულია დეკლარაციაში. ალიანსის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ნატო მანამ არ დაუბრუნდება "ჩვეულებრივ რეჟიმს", სანამ მოსკოვი არ მოახდენს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და თავისი ვალდებულებების შესრულების დემონსტრირებას. ალიანსი მომავალშიც გააგრძელებს თავისი თავდაცვის გაძლიერებას და რუსეთის შეკავების პოლიტიკას, თუმცა, იმავდროულად, კარს ღიას ტოვებს "მიზანშეწონილი დიალოგისათვის", რათა თავიდან იქნეს აცილებული გაურკვევლობები და "არაწინასწარგანზრახული ესკალაციები".

"რუსეთი ნატოს თავის პარტნიორად არ თვლის. ასეთია ჩვენი საერთო პოზიცია, ვინც დღევანდელ სამიტში ვმონაწილეობდით. სამწუხაროდ, რუსეთი - და მე ეს უნდა ვთქვა - ნატოს თავის მტრად და მოწინააღმდეგედ მიიჩნევს, ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგაც კი", - დაიჩივლა ანგელა მერკელმა.

ნატომ დაადასტურა, რომ უკრაინას თავის წევრად მიიღებს

უკრაინის ამჟამინდელი ხელმძღვანელებისათვის ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების მე-5 მუხლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს. კიევი კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპში საკუთარი უშიშროების საუკეთესო გარანტიას ხედავს. უკრაინის მთავრობა თავის მოლოდინს ნატოს სამიტისაგან არც მალავდა - კიევს სურს, რომ ნატოსაგან ორგანიზაციაში გაწევრების სამოქმედო გეგმა ("მაპ") მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ მშვენივრად იცოდა - მისი მოლოდინი არ გამართლდებოდა, კიევი მაინც ცდილობდა, რათა ალიანსში ამ თემაზე უფრო მეტი ლაპარაკი ყოფილიყო. კერძოდ, პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სურვილი გამოთქვა, რომ ჯო ბაიდენისგან "მაპის" მიღების საკითხში ან "ჰო" მოესმინა, ან "არა".

ცხადია, ვლადიმერ ზელენსკის არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ამ თხოვნით ნატოს წევრ 30 ქვეყნის ლიდერებისათვის უშუალოდ მიემართნა: იგი ხომ სამიტზე არ მიუწვევიათ - ისევე, როგორც ნატოს სხვა უახლოესი პარტნიორები.

ამიტომაც ვლადიმერ ზელენსკის ნაცვლად ჯო ბაიდენს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს. მან ასე უპასუხა: "["მაპის" მიღება] დამოკიდებულია იმაზე, პასუხობენ თუ არა ისინი [ნატოში მიღების მსურველები] კრიტერიუმებს. ფაქტი ისაა, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი კორუფციის აღმოსაფხვრელად... და ის, რომ სანამ "მაპს" მიიღებენ, მათ უნდა დააკმაყოფილონ სხვა კრიტერიუმებიც", - უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იმავდროულად, ნატოს ლიდერებმა დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე გაცხადებული დაპირებისადმი, რომ უკრაინა ნატოს წევრად მიღებული იქნება: "ჩვენ ვადასტურებთ გადაწყვეტილებას, რომელიც 2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება და რომ "მაპი" ამ პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ ვადასტურებთ იმ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, აგრეთვე, იმ პერსპექტივასაც, რომ ნატოში მისაღები კანდიდატი მისი წარმატებების მიხედვით იქნება შეფასებული", - ნათქვამია სამიტის დეკლარაციაში. ეს ფორმულირება ბევრად უფრო მკაფიოა, ვიდრე 2008 წელს ბუქარესტში მიღებული მშრალი გადაწყვეტილება, რომელშიც "მაპი" ნახსენები არ იყო. თუმცა ნატოს 14 ივნისის კომუნიკეში რამე ვადებზე საუბარი მაინც არ არის.

დეკლარაციაში ტრადიციულად არის ხაზგასმული უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა: "ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ მან, საერთაშორისო ვალდებულების თანახმად, გაიყვანოს თავისი ჯარები იმ სამივე ქვეყნიდან, სადაც ისინი არიან განლაგებულნი ამ ქვეყნების ხელისუფლების ნებართვის გარეშე", - აღნიშნულია დეკლარაციაში.

ნატოს მიერ უკრაინისადმი გაჟღერებული მხარდამჭერი პოლიტიკური განცხადებების გარდა, კიევს შეუძლია ალიანსისაგან დიდი პრაქტიკული დახმარების მიღების იმედიც ჰქონდეს. სამიტზე მოილაპარაკეს, რომ არსებითად გააფართოვებენ ნატოს დახმარებას პარტნიორებისათვის წრთვნებისა და თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერების სფეროებში". ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა დააზუსტა, რომ საკითხი ეხება ქვეყნებს "უკრაინიდან და საქართველოდან ერაყამდე და იორდანიამდე". "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს რუსეთის ფიზიკურ აგრესიაზე წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა", - დაამატა ჯო ბაიდენმა.

ჩინეთი ნატოსათვის: მუქარა თუ გამოწვევა?

რუსეთისაგან განსხვავებით, სამიტზე ჩინეთის მოქმედებას მუქარად კი არ აღიქვამდნენ, არამედ - გამოწვევად. "ჩინეთის გავლენის ზრდა და პეკინის მიერ გატარებული საერთაშორისო პოლიტიკა შეიძლება ნატოსათვის გამოწვევად იქცეს, რაზედაც პასუხის ძებნა ალიანსის წევრებს ერთად მოუწევთ", - აღნიშნულია დეკლარაციაში. მასში ნაჩვენებია, რომ პეკინის მიერ გატარებული "იძულების პოლიტიკა" ეწინააღმდეგება იმ ფასეულობებს, რასაც ნატო ეყრდნობა. იმავდროულად, ალიანსს ჩინეთთან კონსტრუქციული დიალოგი სურს.

გარდა ამისა, სამიტზე დაამტკიცეს "ნატოს დღის წესრიგი 2030 წლისათვის", რომელიც იენს სტოლტენბერგმა ჩამოაყალიბა. სხვა საკითხებთან ერთად, "დღის წესრიგი" ითვალისწინებს ალიანსში პოლიტიკური კონსულტაციების როლის ზრდას, წევრების გამძლეობის გაძლიერებას სხვადასხვა საფრთხე-მუქარების მიმართ და ინვესტიციების გაფართოებას ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ