ობამამ პალესტინელთა უფლება აღიარა - კვირის პალიტრა

ობამამ პალესტინელთა უფლება აღიარა

მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები განიხილავენ პრეზიდენტ ბარაქ ობამას გამოსვლას ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში აშშ-ის ახალ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

"პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა დაღალა მშვიდობიანი მოწესრიგების გაუთავებელმა უშედეგო პროცესმა. ობამამ თეთრ სახლში მისვლის შემდეგ პირველად მიანიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის კონცეფციის თანახმად, პალესტინელებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფო იმ საზღვრების გათვალისწინებით, რომლებიც ჰქონდა ისრაელს 1967 წლის ექვსდღიან ომამამდე.

ასეთი სახელმწიფოს შესაქმნელად ისრაელს მოუწევს საკუთარი ძალაუფლების დათმობა აღმოსავლეთ იერუსალიმის ნაწილში და იორდანეს დასავლეთ სანაპიროდან დასახლებების ევაკუირება. ობამამ მიუღებლად მიიჩნია ნეთანიაჰუს პოზიცია, რომლის თანახმად, ისრაელის ჯარი დასავლეთ სანაპიროზე ქვეყნის საზღვრების დასაცავად უნდა დარჩეს.

ბარაქ ობამას თქმით, აშშ მიესალმება ცვლილებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ხალხთა თვითგამორკვევას. ჩვენ მოვუწოდებთ ლიბიის, სირიისა და ბაჰრეინის ლიდერებს, - შეწყვიტონ დემონსტრანტთა დარბევა. პრეზიდენტი მილიარდდოლარიან დახმარებას დაჰპირდა ტუნისის, ეგვიპტისა და სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მთავრობებს, თუკი ისინი დემოკრატიის გზას დაადგებიან.

"ობამას ახალი არაფერი შემოუთავაზებია, რაც შეცვლიდა სტატუს კვოს შარშან, სექტემბერში სამშვიდობო მოლაპარაკების ჩავარდნის შემდეგ. ისრაელის მთავრობა კი უკვე აღარაფრად აგდებს ბარაქ ობამას ნათქვამს და იმედოვნებს, რომ 2013 წელს ვაშინგტონში გამოჩნდება ისრაელის მიმართ უფრო კეთილგანწყობილი პრეზიდენტი - რესპუბლიკელი, ობამა და ნეთანიაჰუ დასანახავად ვერ იტანენ ერთმანეთს. ისრაელის მმართველი მემარჯვენე კოალიცია დიდი ხანია ობამას მტრად მიიჩნევს. ისრაელის ამგვარი რეაქცია მოსალოდნელი იყო.

ბარაქ ობამას განცხადება ბევრ არაბს არაგულწრფელი მოეჩვენა - არაბული სამყაროს დემოკრატიზაციაზე ლაპარაკისას პრეზიდენტს არ უხსენებია საუდის არაბეთი, რომლის რეჟიმი ირანისაზე გაცილებით რეპრესიულია. ჩანს, ვაშინგტონისთვის ნავთობის მიწოდების საკითხი მილიონობით არაბის თავისუფლებაზე მნიშვნელოვანია.