საით მიდის გაერო? - კვირის პალიტრა

საით მიდის გაერო?

64-წლიანი ისტორიის მანძილზე გაერო ძალიან მსხვილ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, მაგრამ საკითხი, თუ როგორ შეიცვლება ის მრავალპოლარული სამყაროს წარმოქმნის კვალდაკვალ, ისევ ღიად რჩება.

ერთნი გაეროს სალაყბოდ მიიჩნევენ, მეორენი - პირველ ნაბიჯად მსოფლიო მთავრობის შექმნის გზაზე. შარლ დე გოლმა გაეროს ქედმაღლურად უწოდა "ლე მაცჰინ"-ი ("რაღაც"). უმცროსმა ჯორჯ ბუშმა, მას შემდეგ, რაც ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებაზე უშიშროების საბჭოს უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო, გაერო დაახასიათა, როგორც "ირრელევანტ" ("უსარგებლო").

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ხან ამ ორგანიზაციის სისუსტეებს აკრიტიკებენ, ხან მის უზარმაზარ ბიუროკრატიულ აპარატს, თუმცა, ამავდროულად ვერ საზღვრავენ იმას, რომ გაერო ზენაციონალური ორგანიზაცია კი არ არის, არამედ კლუბია, სადაც 192 დამოუკიდებელი (ყოველ შემთხვევაში, ქაღალდზე) სახელმწიფოა გაერთიანებული. გაეროს წესდების თანახმად, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ხუთი ზესახელმწიფოს გარდა (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი), ყველას თანაბარი უფლება გააჩნია. ამ ხუთ ქვეყანას უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს.

64 წელიწადში გაერო გიგანტურ ხომალდად გადაიქცა, რომლის მართვაც გართულდა. ორგანიზაციის სპეციალიზებულ დაწესებულებებში დასაქმებულთა გარდა აქ 44 ათასი კაცი მუდმივად მუშაობს. გაეროს ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მშვიდობის შესანარჩუნებელ ოპერაციებში ამჟამად 114 ქვეყნიდან 120 000 ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი მონაწილეობს.

ამ ოპერაციების საერთო ღირებულება წელს თითქმის 8 მლრდ დოლარია. ეს ციფრი უზარმაზარი კია, მაგრამ ყველა ქვეყნის სამხედრო ხარჯების მოცულობის მხოლოდ 0.5%-ს შეადგენს. დასავლური სახელმწიფოების ჰეგემონიას გამოწვევას "აღმავალი სახელმწიფოები" უგზავნიან. ახლახან ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა და სამხრეთ აფრიკამ (BღIჩშ) ნებაყოფლობითი კავშირი ჩამოაყალიბეს. ისინი დასავლეთს ადანაშაულებენ, - ჰუმანიტარული სამხედრო ოპერაციების ჩატარების საბაბით "ქვემეხიანი ნავების დიპლომატიას" მიმართავო.

შესაძლოა, გერმანიამ, იაპონიამ, ბრაზილიამ და სამხრეთ აფრიკამ მუდმივი წევრების სტატუსი მიიღონ, მაგრამ იტალია, არგენტინა, პაკისტანი და ნიგერიაც რიგში დგანან. არსებობს კიდევ ერთი კითხვა: უნდა სარგებლობდნენ თუ არა უშიშროების საბჭოს ახალი წევრები ვეტოს უფლებით? ეს აუცილებლად გამოიწვევს გაეროს უმაღლესი ორგანოს მუშაობის პარალიზებას. იქნებ გასაუქმებელია ვეტოს უფლება?

ვეტოს უფლებასთან დაკავშირებით, დღეს უშიშროების საბჭოს ხუთ წევრს შორის არ არსებობს ერთიანობა. ისინი არასდროს დასთანხმდებიან იმას, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილებას დაემორჩილონ, როდესაც საუბარი ომსა და მშვიდობაზეა. არის ტენდენცია, რომ შესაძლებელია ვეტოს უფლების გარეშე მუდმივი წევრების კატეგორიის შექმნა, თუმცა ამას ინდოეთი და ბრაზილია არ ეთანხმებიან.

ბასლერ ცაიტუნგი, გერმანია