"საეჭვოა, რომ პუტინისა და ბაიდენის სამიტმა უფრო თბილ დიალოგამდე მიგვიყვანოს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა რამდენიმე საათში გასამართ შეხვედრაზე - კვირის პალიტრა

"საეჭვოა, რომ პუტინისა და ბაიდენის სამიტმა უფრო თბილ დიალოგამდე მიგვიყვანოს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა რამდენიმე საათში გასამართ შეხვედრაზე

დღეს, 16 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტი უნდა გაიმართოს - ერთმანეთს ხვდებიან აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები - ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი. ეს მოვლენა, ბუნებრივია, საერთაშორისო პრესის ყურადღების ცენტრშია.

ბრიტანული "თაიმსი" (Time) პუბლიკაციაში სათაურით "საეჭვოა, რომ ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის სამიტმა უფრო თბილ დიალოგამდე მიგვიყვანოს",  წერს, რომ "ჟენევის შეხვედრის შემდეგ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დათბობას არ უნდა ველოდოთ".

"რაც ვლადიმერ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაშია, ამერიკამ უკვე ოთხი პრეზიდენტი გამოიცვალა. ამ ხნის განმავლობაში აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობა სულ უფრო უარესი ხდებოდა და ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ამ ერთი შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის დამოკიდებულებაში რაღაც გააზრებული მოქმედება დაიწყება", - აღნიშნულია სტატიაში, რომლის ავტორები არიან გაზეთის კორესპონდენტები - მარკ ბენეტი (მოსკოვში) და დევიდ ჩარტერი (ვაშინგტონში).

ჯო ბაიდენი ჟენევაში თავისი რუსი კოლეგის მიმართ პრეტენზიების სიით მიდის: ჰაკერების აქტიურობა, აშშ-ის არჩევნებში ჩარევა, უკრაინის კონფლიქტი, რუსული ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები... გარდა ამისა, ამას წინათ ჯო ბაიდენმა ერთ-ერთ ტელეინტერვიუში ვლადიმერ პუტინს საჯაროდ უწოდა "მკვლელი".

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის პრეტენზიებს აშშ-ის მიმართ, ისინი შედარებით უფრო აბსტრაქტულია, მაგრამ კრემლისგან მომდინარე საფრთხეები - კონკრეტული: იგი მოუწოდებს დასავლეთს, რომ "წითელი ხაზები" არ გადალახოს, თორემ მკაცრ პასუხს მიიღებს" (სხვათა შორის, ჯო ბაიდენიც იმავეს ამბობს რუსეთზე). ამასთან, ვლადიმერ პუტინი აღიარებს, რომ ორი ძლიერი ბირთვული სახელმწიფოს ხისტი პოლიტიკური დაპირისპირება ძალიან სახიფათოა მსოფლიოს მშვიდობისათვის.

"ურთიერთდამოკიდებულების ასეთ ფონზე მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის რამე მნიშვნელოვანი გარღვევის მოლოდინი გულუბრყვილობა იქნებოდა", - აღნიშნავენ სტატიის ავტორები. მაქსიმუმი, რისთვისაც ეს სამიტია საჭირო, ისაა, რომ როგორმე უზრუნველყოფილი იქნეს სიტუაციის პროგნოზირება და ურთიერთობის "მემკვიდრეობა" მას შემდეგ, რაც ამერიკა ქაოსურად იმართებოდა დონალდ ტრამპის მიერ. ეს, უპირველეს ყოვლისა, ვლადიმერ პუტინს სჭირდება: ქვეყნის ეკონომიკა არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება, შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტი ყველა ღონეს იხმარს, რომ ამერიკული სანქციების "ახალი ულუფა" როგორმე თავიდან აიცილოს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ