მოკლედ - კვირის პალიტრა

მოკლედ

ირანის ატომური სააგენტოს წარმომადგენელმა, ჰამად ჰადემ კაემიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ირანის ატომურ ელექტროსადგურ "ბუშერს" 22 ტონა ურანი მიაწოდა.

საწვავის ეს რაოდენობა, კაემის თქმით, "ბუშერს" დაახლოებით ერთ წელიწადს ეყოფა. გამდიდრებული ურანი რეაქტორში გამოყენებული იქნება ელექტრობის მისაღებად, რაც, თეირანის წარმომადგენლის თქმით, სწორედ ურანის გამდიდრების პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენს; მაგრამ თუ ურანი 90%-მდე გამდიდრდა, მისი გამოყენება ბირთვული იარაღის საწარმოებლადაც შეიძლება.

პოლონეთი რუსეთის გაზის იმპორტზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად მასშტაბურ ინვესტიციებს გეგმავს ფიქლის გაზში - ენერგორესურსების უზარმაზარ წყაროში. ფიქლის გაზის გამოყენება, რომელიც პირველებმა აშშ-მა და კანადამ დაიწყეს, ახლა საკამათო გახდა გარემოზე მის ზემოქმედებასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ვარშავაში ბარაქ ობამას ვიზიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ეს იქნება.

ამერიკის ზოგიერთი შტატი იძულებული გახდა გაეფართოებინა თავისი ეკოლოგიური სტანდარტები მას შემდეგ, რაც ონკანის წყალში აღმოჩენილი იქნა მეთანი, საფრანგეთმა კი ამას წინათ შეაჩერა ანალოგიური პროექტი, მაგრამ ჩანს პოლონეთს რისკი არ აშინებს, ვარშავა აცხადებს - უარს ვერ ვიტყვით ენერგიის ესოდენ ფასეულ მარაგზეო.