"სამწუხაროა, რომ ბაიდენ-პუტინის შეხვედრაზე საქართველო ნახსენები არ ყოფილა - ჩვენი ქვეყანა პრიორიტეტებიდან "გადაწეულია" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროა, რომ ბაიდენ-პუტინის შეხვედრაზე საქართველო ნახსენები არ ყოფილა - ჩვენი ქვეყანა პრიორიტეტებიდან "გადაწეულია"

"მნიშვნელოვანი იყო ბაიდენის განცხადება, რომ მისთვის სულ ერთი არ არის, რა სიტუაცია იქნება მსოფლიოში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის თვალსაზრისით - ბაიდენი შეეცადა, რომ ეს აეხსნა პუტინისთვის", - ამის შესახებ ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში ზურაბ ბატიაშვილმა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ჟენევაში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბატიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, შეხვედრა იყოს მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ აშშ-მა თავისი პოზიცია დააფიქსირა.

ასევე მან აღნიშნა, რომ ბაიდენმა სწორედ ის თქვა, რისი შიშიც პუტინს ჰქონდა. მისივე თქმით, ეს იყო საკმაოდ მკაცრი განცხადება, რომ ის არ აპირებს უღალატოს იმ ფასეულობებს, რასაც ადამიანის უფლებები და დემოკრატია ჰქვია.

"შეხვედრა არ ნიშნავს იმას, რომ მხარეები ყოველთვის შეძლებენ შეთანხმებას. ამ შემთხვევაში ძირითადი ის იყო, რომ მხარეებმა შეძლეს და ერთმანეთს გააცნეს თავიანთი პოზიციები. მნიშვნელოვანი იყო ჯო ბაიდენის განცხადება, რომ მისთვის სულ ერთი არ არის, რა სიტუაცია იქნება მსოფლიოში ადამინის უფლებების და დემოკრატიის თვალსაზრისით, ეს იქნება მისი პრიორიტეტი. ბაიდენი შეეცადა, რომ ეს აეხსნა პუტინისთვის. მთელი მსოფლიო სწორედ იმიტომ ელოდა ტრამპის წასვლას და ბაიდენის მოსვლას, რომ პრინციპებზე იქნებოდა საუბარი და სწორედ ამ პრინციპების წინა პლანზე წამოწევას ვხედავთ ახლა და ეს არ იქნება მხოლოდ რუსეთთან მიმართებაში. ეს იყო კარგი დემონსტრირება იმისა, თუ რა იქნება ბაიდენის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. ვფიქრობ, რომ კრემლში კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოყვეს იმ პოლიტიკას, რომელსაც ისინი ბოლო წლების განმავლობაში ატარებენ.

პუტინი საკმაოდ ნერვიულობდა ამ შეხვედრაზე და ეტყობოდა. სწორედ ის თქვა ბაიდენმა, რისი შიშიც პუტინს ჰქონდა, რომელიც შეიძლება იყოს ძალზე მტკივნეული რუსეთისთვის, იგივე ნავალნისთან მიმართებაში და ასევე სხვა საკითხებთან მიმართებაში. ეს იყო საკმაოდ მკაცრი განცხადება, რომ ის არ აპირებს უღალტოს ფასეულობებს, უღალატოს იმას , რასაც ადამიანის უფლებები და დემოკრატია ჰქვია" , - განაცხადა ბატიაშვილმა.

ამასთან, როგორც ზურაბ ბატიაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე საქართველო ნახსენები არ იყო, რისი მიზეზიც არის ის, რომ ქართული მხარე არ აქტიურობს და "რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა გვაქვს მთავარ ამომავალ წერტილად".

ბატიაშვილის თქმით, იმისთვის, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს, საჭიროა, ქვეყანა იყოს აქტიური.

"სამწუხარო რეალობაა, როცა შეხვედრაზე არ ახსენეს საქართველო. საქართველო დიდი ხანია რადარებიდან გაქრა იმიტომ, რომ ქართული მხარე მაინცდამაინც ყოველთვის არ აქტიურობს. ხშირად არის ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა, რომ თითქოს არავის უნდა ვაწყენინოთ. ამ დროს საერთაშორისო ურთიერთობები აგებულია არა წყენინება- არწყენინებაზე, არამედ ეროვნულ ინტერესებზე და ამ ეროვნული ინტერესების დაცვა არის მთავარი. ის, რომ აშშ-ს არ უხსენებია საქართველო, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო საბოლოოდ ამოღებული იქნა დღის წესრიგიდან. საქართველო დღის წესრიგიდან ამოღებული არ არის, უბრალოდ, პრიორიტეტებში არ არის და გადაწეულია" , - აღნიშნა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ჟენევაში პირველი შეხვედრა გაიმართა.

ლიდერებს შორის ჟენევაში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა 4.5 საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ ბაიდენმა და პუტინმა შეხვედრის თაობაზე ცალ-ცალკე გამართეს პრესკონფერენციები.