"ბოდიში, ბაიდენ, მაგრამ პუტინისთვის სულერთია" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია აშშ-რუსეთის პირველი პირების შეხვედრას - კვირის პალიტრა

"ბოდიში, ბაიდენ, მაგრამ პუტინისთვის სულერთია" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია აშშ-რუსეთის პირველი პირების შეხვედრას

16 ივნისს ჟენევაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ბუნებრივია, აღნიშნულს მოჰყვა მსოფლიო მედიის გამოხმაურება:

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სის რუსული სამსახურის (BBC Russian) მომზადებულ უცხოური პრესის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ჟენევის შეხვედრის შესახებ საერთაშორისო პრესის ყველაზე ზუსტი შეფასება გადმოცემულია ამერიკული გაზეთის - "ნიუ-იორკ თაიმსის" (The New York Times) სტატიის სათაურში: "ბოდიში, ბაიდენ, მაგრამ პუტინისთვის სულერთია".

პუბლიკაციის ავტორი მსჯელობს იმაზე, თუ რატომ დათანხმდა ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენის მიწვევას, მიუხედავად იმისა, რომ რუსმა ლიდერმა წინასწარ კარგად იცოდა - ჯო ბაიდენი შეხვედრას საჯარო ლექციად გადააქცევდა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე.

"კრემლი დროს აჭიანურებდა. შესაძლოა, ვლადიმერ პუტინს სურდა, ამ შანსით ესარგებლა ურთიერთობის დეესკალაციის მიზნით, მაგრამ არის კიდევ ერთი აშკარა მიზეზი - მას ჯო ბაიდენისადმი შიში არ აქვს, მისი არ ეშინია. რაც უნდა განაცხადოს, ჯო ბაიდენმა, როგორი სანქციებიც უნდა დააწესოს მისმა ადმინისტრაციამ, ვლადიმერ პუტინმა კარგად იცის, რომ მისი მდგომარეობა რუსეთში ურყევია: პრეზიდენტის პოპულარობა ქვეყნის შიგნით, ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, პირიქით - უფრო გაიზარდა", - ხაზგასმულია სტატიაში.

"უბრალოდ რომ ითქვას, ჯო ბაიდენი გუშინ სიცარიელეს ელაპარაკებოდა. მისი ნათქვამი არანაირ გამოძახილს არ ჰპოვებს რუს ლიბერალებს შორისაც კი, რომლებიც ცრემლებს ღვრიან კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. იმიტომ, რომ ბევრ მათგანს იმედი გაუცრუვდა დასავლეთის და განსაკუთრებით, აშშ-ის მიმართ - ვაშინგტონის მიერ ბოლო ათი წლის განმავლობაში გატარებული პოლიტიკის თაობაზე. კაცმა რომ თქვას, აშშ-ის რეპუტაცია დონალდ ტრამპმაც კარგად შეარყია და დააზარალა. და ასეთ ფონზე, როცა ვლადიმერ პუტინი აბსოლუტურად არაფრით რისკავდა, იგი მშვიდად გაემგზავრა ჟენევაში და მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა... რაც შეეხება დასავლეთში მისი სახელის ირგვლივ შექმნილ იმიჯს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვლადიმერ პუტინს ეს სულაც არ ადარდებს", - ასეთი დასკვნაა გაკეთებული "ნიუ-იორკ თაიმსის" პუბლიკაციაში. (წყარო)

------------------------

ბრიტანული "გარდიანი" (The Guardian) სტატიაში "ჟენევის კარგად მომზადებულ სამიტზე რაიმე შემთხვევა არ მომხდარა", ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინი, უკრაინაში შეჭრის, ინგლისის სოლსბერში "ნოვიჩოკით" მოწამვლების, ალექსი ნავალნის დევნის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდაჭერის მიუხედავად, დასავლეთთან დიალოგს მაინც ახერხებს.

და ასეთი ანტიდემოკრატიული "თაიგულის" დროს რუსეთის პრეზიდენტი, როგორც ჩანს, თავს მაინც ცხენზე ამხედრებულად გრძნობდა: ჯო ბაიდენთან შეხვედრისას და პრესკონფერენციაზე უფრო თავისუფლად იყო, ვიდრე მისი ამერიკელი მოსაუბრე, ლევ ტოლსტოის ციტირებას ახდენდა და თავს ნებას აძლევდა, მისთვის არასასიამოვნო კითხვებისთვის გვერდი აევლო და მათზე პასუხი არ გაეცა - მაგალითად, ნატოში უკრაინის სავარაუდო მიღების შესახებ მან განაცხადა, რომ ამ საკითხის განხილვას, უბრალოდ, არ აპირებს.

ჯო ბაიდენი კი, - აგრძელებს "გარდიანი", - იგრძნობოდა, რომ სულ მუდმივად დაძაბული და მზადყოფნაში იყო - მას არ სურდა, რომ ჰელსინკური შემთხვევა განმეორებულიყო, როცა 2018 წელს ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს "როგორც უნდოდა, ისე ატრიალებდა".

ჟენევაში ერთობლივი პრესკონფერენცია არ გამართულა - ანუ "პრეზიდენტების პრესსამსახურების გზა ერთმანეთთან არ გადაკვეთილა". რუსეთის ლიდერის ვიზიტი შვეიცარიაში ისე იყო დაგეგმილი, რომ იგი ჟენევაში პირველი უნდა ჩასულიყო, რათა ჯო ბაიდენს მისთვის არ დაეცადა. სამიტის საორგანიზაციო ღონისძიებები თითქოს იმას მიანიშნებდა, რომ მხარეები რაიმე "გარღვევას" არ გეგმავდნენ და ამიტომაც ყველაფერი მტკიცედ იყო დაგეგმილი - "რაიმე შემთხვევითობისათვის" არც ადგილი და არც დრო გათვალისწინებული არ იყო. ყოველ მათგანს თავისი აზრი მკაფიოდ და იმპროვიზაციის გარეშე უნდა გაეცნო მეორისათვის.

და თუმცა ჯო ბაიდენისათვის ჟენევის შეხვედრა უფრო რთული იყო, იგი დარწმუნებულია, რომ თავისი მთავარი აზრი ოპონენტს ზუსტად და კარგად გააცნო", - აღნიშნულია "გარდიანში" გამოქვეყნებული სტატიის დასასრულს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ