"ელიტების ამბოხი, შვილები პოლიტიკაში, ექსპრეზიდენტი, როგორც მთავარი ოპონენტი" - რას წერს "ბიბისი" სომხეთში მოახლოებულ არჩევნებზე - კვირის პალიტრა

"ელიტების ამბოხი, შვილები პოლიტიკაში, ექსპრეზიდენტი, როგორც მთავარი ოპონენტი" - რას წერს "ბიბისი" სომხეთში მოახლოებულ არჩევნებზე

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სის" რუსული სამსახური (BBC Russian) სომხეთის საპარლამენტო-საარჩევნო კამპანიის შესახებ ვრცელ ანალიტიკურ მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის სათაური ასეთია: "ფაშინიანი თუ ქოჩარიანი? არავინ იცის, ვინ გაიმარჯვებს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში". გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

"ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც კვირას, 20 ივნისს, სომხეთში უნდა გაიმართოს, ერთმანეთს ქვეყნის ყველა ის ყოფილი ხელმძღვანელი დაუპირისპირდება, რომელიც კი ქვეყანის სათავეში დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ყოფილა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ...

პრემიერ-მინისტრის - ნიკოლ ფაშინიანის მმართველ პარტიას იმედი აქვს, რომ ეროვნულ კრებაში (პარლამენტში) უმრავლესობას შეინარჩუნებს, მისი მოწინააღმდეგე ოპოზიცია კი - სამი ყოფილი პრეზიდენტითაა წარმოდგენილი. სულ, ხმის მიცემაში 26 პოლიტიკური პარტია და ბლოკი მონაწილეობს, რაც რეკორდულ რაოდენობას წარმოადგენს.

დამკვირვებლები ფავორიტებად ნიკოლ ფაშინიანს და ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი ორი ყოფილი პრეზიდენტიც - ლევონ ტერ-პეტროსიანიც და სერჟ სარგსიანიც ნიკოლ ფაშინიანის მოწინააღმდეგენი არიან, მათ შორის კოალიცია არ გაფორმებულა.

ეს სიტუაცია ასახავს სომხური საზოგადოების საერთო მდგომარეობას, უკიდურესად პოლარიზებულს, რომელიც აზერბაიჯანთან ომში დამარცხების შემდეგ ჩამოყალიბდა. სწორედ დამარცხებამ მიიყვანა ქვეყანა იმ პოლიტიკურ კრიზისამდე, რომელიც არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს.

ლიდერები და მათი შვილები

საზოგადოების პოლარიზაცია წინასაარჩევნო კამპანიის მკაცრ და დრამატულ რიტორიკაშიც გამოიხატება: ნიკოლ ფაშინიანი მიტინგზე ჩაქუჩს იქნევდა, ოპონენტებს ვენდეტით ემუქრებოდა, მათ ასფალტზე გაბრტყელებას და შიგ "ჩატკეპვნას" აღუთქვამდა და აზერბაიჯანელებს მძევლად თავის ვაჟს - აშოტს სთავაზობდა, ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ (სხვათა შორის, აშოტმაც დაადასტურა, რომ იგი მზად იყო ამისთვის, მაგრამ აზერბაიჯანმა ნიკოლ ფაშინიანის წინადადება უარყო).

ოპოზიცია კრიტიკაში და ლანძღვაში ხელისუფლებას არ ჩამორჩა: ექსპრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ნიკოლ ფაშინიანს თავის მოკვლა ურჩია, ხოლო რობერტ ქოჩარიანმა იგი დულეში გამოიწვია - ყველანაირი იარაღით.

როგორც ნიკოლ ფაშინიანს, რობერტ ქოჩარიანსაც შვილების საკითხში გარკვეული გეგმები აქვს: მისი ვაჟი, 35 წლის ლევონი, წინასაარჩევნო კამპანიაში მამას აქტიურად ეხმარება და ამიტომ ქოჩარიანის ამასწინანდელი ნათქვამი - "პოტენციური მემკვიდრე მყავსო", გარკვეულწილად, ხელისუფლებაში შვილის სავარაუდო მოსვლის მინიშნებად იქნა აღქმული.

ელიტების ამბოხი: სამინისტრო ერთი კაცის ამარად დარჩა

ნიკოლ ფაშინიანისათვის დუელზე უარესი ისაა, რომ მან, ფაქტობრივად, ელიტის მხარდაჭერა დაკარგა, მათ შორის - სახელმწიფო აპარატშიც. ამას მისი თანამზრახველებიც აღიარებენ.

ელიტამ თავისი იმედგაცრუების ნიშნები "სახალხო პრემიერისადმი" ჯერ კიდევ ომამდე გამოხატა, ომის შემდეგ კი - ღიად გაწყვიტა კავშირები. საერთოდ, ნიკოლ ფაშინიანი ადრეც საკმაოდ ექსცენტრულად იქცეოდა - "ფეისბუქის" პირდაპირი ეთერით გამოდიოდა და ოპონენტებს უყვიროდა, ლანძღავდა და ამხელდა, მაგრამ როცა მან გასული წლის ნოემბერში მომიტინგეების წინააღმდეგ არმიის გამოყენებაზე მიანიშნა, ქვეყნის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა, მიუხედავად საკუთარი თანამდებობის სიმბოლურობისა, პრემიერ-მინისტრს გადადგომისაკენ მოუწოდა. პროტესტის ნიშნად, რამდენიმე ჩინოვნიკმა მთავრობა დატოვა, რიგი დეპუტატები პარლამენტში ფაშინიანის ფრაქციიდანაც გავიდნენ ან მანდატები ჩააბარეს. სულ მალე, ამ ამბების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანს გადადგომა ურჩია 40-მა სამხედრო მაღალჩინოსანმაც, გენშტაბის უფროსის ჩათვლით. ბოლოს დიპლომატებიც "აუჯანყდნენ": გადადგა არა მარტო საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ - მისი ყველა მოადგილე. დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არჩევნების წინ ხელმძღვანელებიდან მხოლოდ ერთი კაცია დარჩენილი - მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. პროტესტის ნიშნად პოსტი დატოვა ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმაც.

მაგრამ რადგანაც ელიტის წარმომადგენლები ერთად არ გამოდიოდნენ და პრემიერის თანამდებობაზე ერთიანი კანდიდატი არ ჰყავდათ, ყველა გამოწვევის მიუხედავად, ნიკოლ ფაშინიანმა ხელისუფლება მაინც შეინარჩუნა.

რობერტ ქოჩარიანი, როგორც მთავარი ოპონენტი

თუმცა ჩინოვნიკების გადადგომის პროცესს უკვალოდ არ ჩაუვლია და პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას დათანხმებოდა. არჩევნების თარიღის მოახლოების კვალობაზე, თანდათანობით გამოიკვეთა ოპოზიციის არაფორმალური ლიდერი - ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი. მან სომხეთი 2008 წელს დატოვა, პრეზიდენტობის ორი ვადის გასვლის შემდეგ და მას მერე რუსეთის მსხვიი საინვესტიციო კომპანიის - АФК Систем-ის დირექტორთა საბჭოში მუშაობდა. რობერტ ქოჩარიანი სამშობლოში 10 წლის შემდეგ დაბრუნდა, ნიკოლ ფაშინიანი კი, თავისი ერთგული ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით, ექსპრეზიდენტის დაპატიმრებას შეეცადა. სწორედ მის წინააღმდეგ აღძრულმა სისხლის სამართლის საქმემ და ნიკოლ ფაშინიანისაგან წამოსულმა კრიტიკამ მოუტანა რობერტ ქოჩარიანს მთავარი ოპონენტის სახელი და ამით სომხური პოლიტიკა ორპოლუსიანი გახადა.

კანდიდატების მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის ზუსტი მასშტაბის შეფასება ძნელია: ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც რეგულარულად აქვეყნებს სოციალური გამოკითხვების შედეგებს ამ თემაზე, კომპანია MPG წარმოადგენს. სწორედ მისი მონაცემებით, ბოლოს, 11 ივნისს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი სიმბოლურ - პირველ ადგილზე გავიდა - მას მხარს უჭერს 24,1%, ხოლო ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი - მეორეზე (23,8%). თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ეს გამოკითხვა დამკვირვებლებში ბევრ შენიშვნას იწვევს. გარდა ამისა, სოციოლოგიურ გამოკითხვებს, ხელისუფლების დაკვეთით, სხვა სტრუქტურებიც აწარმოებენ, მაგრამ მათი შედეგები კონფიდენციალურია.

"შუშა ჩვენია! მას დავიბრუნებთ!"

წინასაარჩევნო აგიტაციის დროს ოპოზიციის დაპირებებიც არარეალური ჩანს. მაგალითად, რობერტ ქოჩარიანი ამომრჩევლებს ეუბნებოდა, რომ შუშას და გადრუთს სამხედრო გზით კი არა, დიპლომატიური მოლაპარაკებით დავიბრუნებო, რაც, ექსპერტების აზრით, შეუძლებელია. აზერბაიჯანის ხელისუფლება შუშას ქვეყნის კულტურულ დედაქალაქდ თვლის, მის აღსადგენად მილიონებს ხარჯავს, ილჰამ ალიევმა თავისი მთავარი მოკავშირე რეჯებ ერდოღანი შუშაში ჩაიყვანა და განა, ქალაქს სომხებს დაუბრუნებს?

ორივე მხარის - ხელისუფლებისა და ოპოზიციის მზერა მოსკოვისკენაა მიპყრობილი და ყველანაირი ლაპარაკი "ყოფილი დიდების" დასაბრუნებლად, რუსეთის მოქმედებაზეა დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, ორივე ერთმანეთს ეჯიბრება "პრორუსობის" გამოხატვაში. რასაკვირველია, ყველას თავისი არგუმენტები აქვს, მაგრამ სხვებზე მეტი, ალბათ, რობერტ ქოჩარიანს: მისი მხარდამჭერები ხაზს უსვამენ რობერტ ქოჩარიანის მეგობრობას ვლადიმერ პუტინთან, აჩვენებენ რუსეთის ლიდერის მილოცვებს, ლაპარაკობენ იმაზე, თუ რა მეგობრულად ილაპარაკეს ტელეფონით პუტინმა და ქოჩარიანმა... თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებიც თითქმის იმგვარადვე მოქმედებენ... მაგრამ აშკარაა, რომ ვლადიმერ პუტინს სომხეთის მოქმედი ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კორექტული და ხშირად - ცივი დამოკიდებულება აქვს.

ომმა ისეთი სიტუაცია წარმოქმნა, როცა ყოველი სომეხი ლიდერი მაქსიმალურად არის დამოკიდებული რუსეთზე. ყარაბაღის დაკარგვამ აზერბაიჯანთან ახალი საზღვრის დადგენის (დელიმიტაცია-დემარკაციის), მისი აღჭურვისა და დაცვის აუცილებლობა დააყენა, რაც რუსეთის ჩარევის გარეშე შეუძლებელია. მოსკოვის როლი დიდია, აგრეთვე, მშვიდობის შენარჩუნებაში, სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენაში და სომეხი ტყვეების დაბრუნებაშიც, რომლებიც ჯერ კიდევ ბევრი ჰყავს აზერბაიჯანს.

ოპოზიციის აგიტაციის მთავარი მოტივი ეროვნული უსაფრთხოება გახდა. სერჟ სარგსიანი და რობერტ ქოჩარიანი ყარაბაღის პირველ ომში (1993 წელი) გამარჯვების მონაწილენი არიან და ამომრჩევლებს არწმუნებენ, რომ სწორედ ისინი კარგად დაიცავენ საზღვრებს და არმიასაც გააძლიერებენ. ნიკოლ ფაშინიანი კი მოსახლეობას ურჩევს, გაიხსენონ ორივე ექსპრეზიდენტის კორუმპირებულობა და აქცენტს აკეთებს კორუფციასთან ბრძოლაზე და ქვეყნის სწრაფ აყვავებაზე.

ნაკლები ბოროტება ორი ბოროტებიდან?

მაგრამ ნიკოლ ფაშინიანისათვის პრობლემა ისაა, რომ ამომრჩეველმა მას "ახალი სომხეთის" მშენებლობის მანდატი ჯერ კიდევ 2018 წლის არჩევნებში მისცა. პრემიერმა კარგად ისარგებლა ამით და დასავლეთში დადებითი იმიჯი მოიპოვა: ფაშინიანზე პოზიტიურად წერდა ამერიკისა და ევროპის სერიოზული პრესა, იგი ხვდებოდა დასავლელ ლიდერებს... მაგრამ ორწლინახევრის შემდეგ, ომის დასრულებისას, 2020 წლის ნოემბერში, პრემიერ-მინისტრის რეიტინგი კატასტროფულად დაეცა. ამ გაზაფხულზე, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს მის მიტინგებზე, საუკეთესო შემთხვევაში, ძალიან მცირე რაოდენობის მომხრე თუ იკრიბება, უარეს შემთხვევაში კი, მოსახლეობა გზებს უკეტავს და "მოღალატე-გამყიდველს" ეძახის.

რობერტ ქოჩარიანის მომხრე მიტინგებზე ხალხი უფრო ცოტა მიდის, მაგრამ რამდენად შეეფარდება "ქუჩური მხარდაჭერა" არჩევნებში ხმების რეალურ მიღებას, ეს არავინ იცის, მით უმეტეს, რომ ოპოზიციის გასამარჯვებლად სულაც არაა აუცილებელი, რომ ის პოპულარული იყოს. მას სრულებით აწყობს სიტუაცია, როცა ხალხი "ორი ბოროტებიდან ნაკლებ ბოროტებას ირჩევს".

გასული წლის ნოემბერში, ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, "ბი-ბი-სისთან" საუბარში ერთ-ერთი პიროვნება მთავრობის სტრუქტურებიდან აღნიშნავდა, რომ ნიკოლ ფაშინიანისათვის ხელისუფლების ჩამომრთმევი ძალა მხოლოდ ორი შეიძლება იყოს - თვითონ ფაშინიანი ან ვლადიმერ პუტინი. მას მხედველობაში ჰქონდა პრემიერ-მინისტრის გაუწონასწორებელი ქცევა და რუსეთის პირდაპირი ჩარევა.

ამჟამინდელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს კი ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ტელეგრამ-არხმა, რომელიც ინტერნეტში და საინფორმაციო სივრცეში ხმების გავრცელებაზე და დეზინფორმაციის ჩაშვებაზეა დასპეციალებული, რეგულარულად დაიწყო ფრაგმენტების გამოქვეყნება პრემიერის მიტინგებიდან, მათ შორის - ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლებიდანაც, რომელიც ჩაქუჩს იქნევს და ოპოზიციას ვენდეტათი ემუქრება. "რობერტ ქოჩარიანი ნიკოლ ფაშინიანს რეიტინგის დაცემას ჰპირდებოდა, მაგრამ ახლა ამას თავისივე მოქმედებით თვითონ ფაშინიანი აკეთებს", - ამბობს დღეს ერთ-ერთი წყარო მთავრობიდან. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ