"ფხენიანის პარანოია" - რა პრობლემები შეუქმნა კორონავირუსმა ჩრდილოეთ კორეას და ხელისუფლების უცნაური გადაწყვეტილება - კვირის პალიტრა

"ფხენიანის პარანოია" - რა პრობლემები შეუქმნა კორონავირუსმა ჩრდილოეთ კორეას და ხელისუფლების უცნაური გადაწყვეტილება

ბოლო პერიოდში არსებულმა პანდემიამ მსოფლიოში ყველა ქვეყნის ეკონომიკა თუ სოციალური ფონი გააუარესა. მაშინ, როცა მსოფლიოში ახალი კორონავირუსი გამოჩნდა, ქვეყნებმა სახმელეთო, საზღვაო თუ საჰაერო საზღვრები ჩაკეტეს და ასე ებრძოდნენ უხილავ, ყველასთვის უცნობ ვირუსს. იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც 2020 წლის იანვარში პირველმა ჩაკეტეს საზღვრები, ჩრდილოეთ კორეა იყო. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო მსჯელობდა, რა ღონისძიებები ჩაეტარებინათ ვირუსთან საბრძოლველად, ჩრდილოეთ კორეამ, ქვეყანაში ისედაც არსებულ აკრძალვებს უფრო მკაცრი აკრძალვებიც დაუმატა. მათ სასწრაფოდ ჩაკეტეს ქვეყნის საზღვრები, ხოლო ქვეყანაში ჩასული უცხოელები 1 თვით იზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ, მათ შორის - მთავრობის წევრებიც, რომლებიც ქვეყანას დატოვებდნენ.

ყველასთვის ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეა სერიოზულად აღიქვამს პანდემიის საკითხს, ისინი მკაცრ რეგულაციებს იღებდნენ ებოლასა და სარსით გამოწვეული პანდემიის დროსაც. ამიტომ, როგორც უცხოური გამოცემები წერენ, "ფხენიანის პარანოია" ახლაც არავის გაჰკვირვებია.

მსოფლიოს ყველა კუთხიდან აქტიურად ვრცელდებოდა ახალი სტატისტიკა კორონავირუსის შესახებ, თუმცა ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის არსებობას განსაკუთრებულად ფარავდნენ და ამბობდნენ იმასაც, რომ ქვეყანაში ვირუსი არ დაფიქსირებულა.

ახლა, ერთი წლის შემდეგ, როცა ქვეყანაში კორონავირუსის ვითარება კიდევ გაურკვეველი და ბუნდოვანია, როგორც აღმოჩნდა, საზოგადოება ორი ფაქტორით - ეკონომიკური კრიზისითა და ვირუსით იტანჯება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეაში ტესტირება 43 052-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა და "COVID-19"-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მიუხედავად ამ მონაცემებისა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გამო ბევრი ადამიანი დაავადდა, რადგან პნევმონიისა და რესპირატორული გზების ინფექციური დაავადებების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ყველასთვის ცნობილია, რომ ეს სიმპტომები "COVID-19"-ს ახასიათებს. თუმცა, სრული სურათის დანახვა, თუ როგორ და რა მასშტაბით გავრცელდა ქვეყანაში კორონავირუსი, შეუძლებელია.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა უარყოფს "COVID-19"-ის შემთხვევებს, ჩვენ ვეჭვობთ, რომ საზღვართან ახლოს, მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, სადაც ხალხი უკანონო ვაჭრობითაა დაკავებული, იქ კორონავირუსი დაფიქსირდა", - ამბობს "დოიჩე ველესთან" პროფესორი კიმ ჩჟონი.

გაეროს ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში საკმაოდ რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, ეს კი ქვეყნის თვითიზოლაციამ გამოიწვია. გაეროს წარმომადგენლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ბავშვებისა და მოხუცების სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. გაიზარდა შიმშილით სიკვდილის მაჩვენებელი.

ადგილობრივი საელჩოების ცნობით, ქვეყნის თვითიზოლაციის გამო, ქვეყანაში რთულია ფქვილის, ზეთის, ბოსტნეულის, შაქრისა თუ სხვა აუცილებელი პროდუქტის შეძენა. ხალხმა დაკარგა სამსახური, მაღაზიები ტანსაცმელსაც ვერ ჰყიდიან. (წყარო)

შექმნილი რთული ვითარების დაფარვის მიუხედავად, საბოლოოდ, ქვეყნის პირველმა პირმა კიმ ჩენ ინმა მედიასთან განაცხადა, რომ ისტორიის განმავლობაში ქვეყანა ახლა ყველაზე რთულ ვითარებაშია, თუმცა ქვეყანა უკვე გამოდის "თავდაცვისა და თვითგადარჩენის" ეპოქიდან.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა წელს გაუმჯობესდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიისა და ტაიფუნების გამო საკვებთან დაკავშირებით "დაძაბული მდგომარეობაა."

"ხალხის კვებასთან დაკავშირებული მდგომარეობა იძაბება, რადგან შარშან ტაიფუნისგან მიყენებული ზარალის გამო, სოფლის მეურნეობის სექტორმა ვერ შეასრულა მარცვლეულის წარმოების გეგმა", - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

საინფორმაციო სააგენტო Daily NK-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. ის ქვეყნის საზღვრისპირა რაიონებში კატებისა და მტრედების ამოხოცვას აპირებს. ჩინოვნიკების აზრით, მათ ჩინეთიდან ვირუსი შემოაქვთ.

როგორც ცნობილია, ქალაქ ჰესანში ერთ-ერთი ოჯახი 20 დღით იზოლატორშიც მოათავსეს, რადგან მათ შინაური ცხოველის მოკვლაზე უარი განაცხადეს.

საყვარელი ფისოს დასაცავად, ოჯახმა ხელისუფლებას შეუთვალა, რომ მათი შინაური ცხოველი რამდენიმე დღის წინ დაიღუპა, თუმცა ის ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის საზღვართან შეამჩნიეს. მაშინ ფისო ვერ დაიჭირეს, ოჯახი კი დასაჯეს. საბოლოოდ, ფუმფულა ცხოველი მაინც წაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა, მათ შორის - ჩაკეტა საზღვრები და აკრძალა შიდა მოგზაურობა.

"კოვაქსში" აცხადებენ, რომ მზად არიან, ჩრდილოეთ კორეას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 2 მილიონი დოზა მიაწოდონ, თუმცა მიწოდება გაჭიანურებული კონსულტაციების ფონზე, ამ დრომდე ვერ ხერხდება.

(სპეციალურად საიტისთვის)