"ერდოღანი იატაგანს ლესავს და ნატოს რუსეთთან კონფლიქტისაკენ უბიძგებს. ამიერკავკასია შეიძლება მეორე ბალტიისპირეთად იქცეს" - რას წერს რუსული გამოცემა?
"ერდოღანი იატაგანს ლესავს და ნატოს რუსეთთან კონფლიქტისაკენ უბიძგებს. ამიერკავკასია შეიძლება მეორე ბალტიისპირეთად იქცეს" - რას წერს რუსული გამოცემა?
რუსული გამოცემა "სვობოდნაია პრესა" ("Свободная пресса") აქვეყნებს პუბლიკაციას - ინტერვიუს რუს ექსპერტთან - სათაურით "ერდოღანი იატაგანს ლესავს და ნატოს რუსეთთან კონფლიქტისაკენ უბიძგებს. ამიერკავკასია შეიძლება მეორე ბალტიისპირეთად იქცეს", რომელშიც განხილულია თურქეთის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში და მათი რეალიზების სავარაუდო პერსპექტივა.
გთავაზობთ მასალას შემოკლებით:

"პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა ამას წინათ, "შუშის დეკლარაციის" მიღებისას, განაცხადა, რომ თურქეთს შეუძლია აზერბაიჯანში თავისი სამხედრო ბაზა განათავსოს, თუმცა იქვე დაამატა - ილჰამ ალიევი ამ საკითხზე ჯერ ვლადიმერ პუტინს უნდა დაელაპარაკოსო.
ექსპერტებმა რუსეთის საზღვრებთან ახალი სამხედრო ბლოკის შექმნის შესახებ დაიწყეს საუბარი: თუ ეს მართლაც ასე მოხდება, ფაქტი ლოგიკური იქნება... მაგრამ რას იზამს რუსეთი? ფაქტიურად, თურქეთის ბაზის შექმნა ხომ ნატოს ბაზის შექმნას ნიშნავს?

- რეჯეფ ერდოღანს განზრახული აქვს მომავალშიც გააფართოვოს თავისი გავლენა კავკასიაში და ამით ყოველ საჭირო
მომენტში ისარგებლებს, - დარწმუნებულია რუსეთის სტრატეგიული განვითარების ფონდის ექსპერტი იგორ შატროვი, - და არა მხოლოდ თავისი კავშირებით აზერბაიჯანთან. მაგალითად, საქართველოში აჭარა დიდი ხანია თურქეთის ფორპოსტად გადაიქცა. აზერბაიჯანს კი ანკარა "პატარა თურქეთად" თვლის. მე პირადად ძალიან კარგად ვიცი, რომ აზერბაიჯანული ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთ ფანტაზიებს კმაყოფილებით იზიარებს.
თურქეთისა და აზერბაიჯანისათვის სავარაუდო სამხედრო ბაზა დემონსტრაციულ ნაბიჯსაც წარმოადგენს და პრაქტიკულ აუცილებლობასაც. აზერბაიჯანს სურს, რომ ბაზით თავიდან აიცილოს სომხეთის სავარაუდო აგრესია და "ოდკბ"-ის ქვეყნებს ბრანწი აჩვენოს.

თურქეთი, აზერბაიჯანის მსგავსად, რეგიონს და მთელ მსოფლიოს უმტკიცებს თავის გაფართოებულ შესაძლებლობებს მანევრებისათვის, ამიტომაც მისი ნაბიჯი ნატოსთვისაც ერთგვარი სიგნალი იქნებოდა, კონკრეტულად კი აშშ-სთვის: ანკარა ვაშინგტონის წინაშე თავის კუნთებს ათამაშებს, რაც ნატოს ჩარჩოებს სცილდება. ეს იქნება სიგნალი რუსეთისთვისაც იმის დასადატურებლად, რომ თურქეთს შეუძლია ისეთი პოლიტიკა გაატაროს, რომელიც დამოკიდებული არ იქნება არც აშშ-ზე და არც რუსეთზე.

რასაკვირველია, მსგავსი პოლიტიკური პროდუქტი შიდა ბაზარზეც "კარგად იყიდება": მცირე ძლევამოსილი ომი ყოველთვის კარგი დანართია ყველა წინასაარჩევნო კამპანიისათვის, ხოლო სამხედრო ბაზის გაჩენა უცხო ტერიტორიებზე სწორედ ასეთი ომების შედეგს წარმოადგენს.

- თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა. იმ შემთხვევაში, თუ ანკარა აზერბაიჯანისათვის ომში ჩაებმება, ეს ნიშნავს, რომ ნატოც იომებს?
- ჩვენ მრავალჯერ დავინახეთ, რომ ნატო მხოლოდ ერთი მოქმედებისთვის არის მზად - ალიანსი თავის პრინციპებს ღალატობს იმ შემთხვევებში, როცა ეს სასარგებლო და მომგებიანია ბრიუსელისა და ვაშინგტონისათვის. მაგალითად, ნატოს ქვეყნებმა მონაწილეობა არ მიიღეს რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომში 2008 წელს და იმის მიუხედავად, რომ თბილისი დახმარებას ითხოვდა, ისინი საქართველოს არ დაეხმარნენ. თქვენ ახლა იტყვით - არ დაეხმარნენ, რადგან საქართველო ნატოს წევრი არ არისო. კი, ეს თითქოსდა მნიშვნელოვანი არგუმენტია, მაგრამ იმავდროულად არაფრისმთქმელიც. რატომ? იმიტომ, რომ კონიუნქტურა ნატოს სასარგებლოდ თუ იქნებოდა, ბრიუსელი ომში ჩაებმებოდა. გავიხსენოთ ყოფილი იუგოსლავია... ყველა შემთხვევაში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოებამ რუსეთის საზღვრებთან იმ დროს, როცა ბრიუსელი და ვაშინგტონი მოსკოვს ღიად "მტერს" უწოდებენ, არ შეიძლება შეშფოთება არ გამოიწვიოს.

- რუსეთმა ძალიან ღრმად ხომ არ შემოუშვა რეჯეფ ერდოღანი კავკასიაში? ახლა ბევრს ლაპარაკობენ თურქეთის სწრაფად მზარდ სამხედრო თანამშრომლობაზე შუა აზიის ქვეყნებთან. რამდენად შესაძლებელია ახალი სამხედრო ბლოკის გაჩენა ჩვენს საზღვრებთან და რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი ჩვენს ურთიერთობებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან?
- თქვენ დაგავიწყდათ: საქართველოსაც იმედი აქვს, რომ ნატოს წევრი გახდება. თუ ეს გეგმები განხორციელდება, მაშინ დროთა განმავლობაში სამხრეთ კავკასია რუსეთის მიმართ ბალტიისპირეთის რეგიონზე არანაკლებ მტრული გახდება. და თურქეთის ფაქტორი ამ საკითხში განმსაზღვრელი იქნება. ანკარა მოცემულ შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "ტროას ცხენის" როლში გამოდის, თანაც ის თავის გეოპოლიტიკურ ამბიციებსაც იკმაყოფილებს.

თავდაპირველად, იმალებოდა რა რუსეთის საფარქვეშ, ანკარა თავის საკითხებს წყვეტდა სირიაში. ახლა ზუსტად იგივე ტაქტიკას კავკასიაშიც იყენებს. ამასთან, ჩემი აზრით, რუსეთის საზღვრებთან ახალი ბლოკის შექმნა, რომლის წევრები სამხრეთკავკასიური და შუააზიური რესპუბლიკები იქნებიან, ამჟამად ძალიან საეჭვოა, თუმცა შორეული პერსპექტივისათვის შეიძლება ის შესრულებადი აღმოჩნდეს. ამ მიზნის მისაღწევად შეიძლება გამოყენებული იქნეს საერთო ფასეულობები - მაგალითად, ისლამური რელიგია და თურქული ერთობის იდეა. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები