"ირანში ისე მოხდა, როგორც წინასწარმეტყველებდნენ: ვინ არის საპრეზიენდტო არჩევნებში გამარჯვებული იბრაჰიმ რაისი" - რას წერს რუსული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ირანში ისე მოხდა, როგორც წინასწარმეტყველებდნენ: ვინ არის საპრეზიენდტო არჩევნებში გამარჯვებული იბრაჰიმ რაისი" - რას წერს რუსული გამოცემა?

რუსული გაზეთი "კომერსანტი" ("КоммерсантЪ") დღევანდელ, 21 ივნისის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ირანში არჩევნები უმაღლესმა სასამართლომ მოიგო: ქვეყნის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი გახდა", რომელშიც გადმოცემულია ირანში შაბათს, 19 ივნისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და გადმოცემულია ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის პერსპექტივა უახლოეს წლებში.

"ირანში ისე მოხდა, როგორც წინასწარმეტყველებდნენ: ქვეყნის პრეზიდენტად კონსერვატორების მიერ წამოყენებული კანდიდატი, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, 60 წლის იბრაჰიმ რაისი აირჩიეს, რომელმაც ამომრჩეველთა 17,9 მილიონი (ანუ დაახლოებით 62%) ხმა მიიღო. ამასთან, არჩევნებში ამომრჩეველთა მონაწილეობა რეკორდულად დაბალი იყო. და სანამ იბრაჰიმ რაისს ერთნი - ცალკეული ქვეყნების ლიდერები - პრეზიდენტად არჩევას ულოცავენ, მანამ მეორენი, უპირველესად კი - ამერიკის შეერთებული შტატები, ამ არჩევნების შედეგებს საეჭვოდ თვლიან. სხვათა შორის, ვაშინგტონი თეირანთან დიალოგზე უარს არ ამბობს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ არჩეულ პრეზიდენტს უკვე ნახევარი წელია, რაც ამერიკული სანქციები აქვს გამოცხადებული.

იბრაჰიმ რაისი 2017 წლის არჩევნებშიც მონაწილეობდა, მაგრამ მან იმ დროს მხოლოდ 15,8 მილიონი ხმა (ანუ 38,2%) მიიღო. ექსპერტებს კითხვა უჩნდებოდათ - გადაწყვეტს თუ არა უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე მეორედ მონაწილეობას არჩევნებში? თუ იგი ისევ წააგებდა, მაშინ მისი ზედიზედ მარცხი კარიერაზე კატასტროფულად იმოქმედებდა: მოარული ხმების თანახმად, იბრაჰიმ რაისის საბოლოო მიზანს არა პრეზიდენტის, არამედ -  ქვეყნის უმაღლესი ლიდერის, რახბარის (ფაკიჰის) პოსტის დაუფლება წარმოადგენს, რომელსაც დღეს 82 წლის აიათოლა ალი ჰამენეი იკავებს.

ვინ არის იბრაჰიმ რაისი? რაში გამოიხატება მისი დამსახურება? ირანში ამის თაობაზე სხვადასხვა აზრი არსებობს. როგორც უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, იგი პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ერთნი თვლიან, რომ იგი უფრო მეტად სხვაგვარად მოაზროვნეებს ებრძოდა, ვიდრე - უსამართლობას, მეორენი იბრაჰიმ რაისს კორუფციის წინააღმდეგ მედგარ მებრძოლად წარმოსახავენ. ამ მხრივ მაგალითის სახით იხსენებენ წინამორბედი პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტის ძმების დაპატიმრებას, თუმცა დასავლური მასმედია ამ ფაქტს კონსერვატორთა ერთგვარ შურისძიებად აღიქვამდა (იმ მოტივით, რომ წინა არჩევნებში მათი კანდიდატი იბრაჰიმ რაისი დამარცხდა).

ახალი პრეზიდენტი ირანელი ახალგაზრდების იმ თაობას ეკუთვნის, რომელიც ქვეყნის სამსახურში ისლამური რევოლუციის შემდეგ ჩადგა. წარმოშობით წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავლად ითვლება. დაწყებითი განათლება მეშჰედის მედრესეში მიიღო, 15 წლის ასაკში კი სწავლა ყუმში, შემდეგ კი - თეირანში გააგრძელა. მან დაამთავრა თეირანის მოტაჰარის უნივერსიტეტი იურისტის კვალიფიკაციით, აქვს ამავე უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი კერძო სამართალში.

იბრაჰიმ რაისს წინ რთული პერსპექტივა ელოდება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ირანის მიმართ გამოცხადებული სანქციების მოხსნის შესაძლებლობა, რომელიც მას აშშ-მა გამოაუცხადა ბირთვული იარაღის შექმნის გეგმების გამო.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, ირანში არჩევნები დემოკრატიის პრინციპების დარღვევით ჩატარდა. დასავლური მედია დაინტერესებულია იმ საკითხით, თუ როგორ შეხედავს ადამიანის უფლებების დამცველი ჯო ბაიდენი ადამიანის უფლებების დამრღვევ იბრაჰიმ რაისს, რომელსაც Amnesty International-ის მონაცემების თანახმად, ბრალი მრავალ დანაშაულში მიუძღვის.

იმავდროულად, იბრაჰიმ რაისი უკვე იღებს მილოცვებს ირანის პარტნიორებისაგან, კერძოდ -  ვლადიმერ პუტინისაგან: "იმედი მაქვს, რომ თქვენი მოღვაწეობა ესოდენ მაღალ პოსტზე ხელს შეუწყობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა მიმართულებებით, აგრეთვე, თანამშრომლობას საერთაშორისო არენაზე", - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მისალოც დეპეშაში. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ