"ფაშინიანის პარტიის გამარჯვებამ აჩვენა, რომ რუსეთის გავლენა სომხეთზე ისეთი არ არის, როგორიც შეიძლება მოსკოვს სურდეს" - კვირის პალიტრა

"ფაშინიანის პარტიის გამარჯვებამ აჩვენა, რომ რუსეთის გავლენა სომხეთზე ისეთი არ არის, როგორიც შეიძლება მოსკოვს სურდეს"

"ფაშინიანის პარტიის გამარჯვებამ აჩვენა ის, რომ რუსეთის გავლენა სომხეთზე ისეთი არ არის, როგორიც შეიძლება მოსკოვს სურდეს", - ამის შესახებ ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში ზურაბ ბატიაშვილმა სომხეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბატიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, ფაშინიანის პარტიის გამარჯვებამ აჩვენა ის, რომ რუსეთის გავლენები რეგიონში შეიძლება შემცირდეს.

"ფაშინიანის პარტიის გამარჯვებამ აჩვენა ის, რომ რუსეთის გავლენა სომხეთზე ისეთი არ არის, როგორიც შეიძლება მოსკოვს სურდეს. სომხეთი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამის გამო არის რუსეთზე დამოკიდებული, მაინც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, მაინც არ არის ბოლომდე რუსეთის პოლიტიკის გამტარებელი. ასევე, ფაშინიანის პარტიის გამარჯვებამ აჩვენა ის, რომ რუსეთის გავლენები რეგიონში შეიძლება შემცირდეს.

საქართველოს სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სომხეთში არ ყოფილიყო ბოლომდე პრორუსული ხელისუფლება და ამ მხრივ ფაშინიანის გაამრჯვება არის ის, რომ სომხეთის მრავალისტორიული საგარეო პოლიტიკა იქნება უფრო მეტად დღის წესრიგში და არა მხოლოდ რუსეთან ურთიერთობა. ეს ჩვენთვის დადებითია და დადებითია ის, რომ პროდასავლური ძალა არის სომხეთის ხელისუფლებაში", - აღნიშნა ბატიაშვილმა.

ასევე, ზურაბ ბატიაშვილის განცხადებით, ვერ შესრულდა რუსეთის მიზნები და ვერ მოხდა სომხეთში ხელისუფლების შეცვლა, რაც საქართველოსთვისაც მისასალმებელია.

"რეალურად ეს არის გაგრძელება ყარაბაღის მეორე ომის. შექმნილი სიტუაცია მოითხოვდა ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, სადაც რუსეთს ჰქონდა თავისი ინტერესები. მისი სურვილი იყო ფაშინიანი ჩამოეშორებინა ხელისუფლებიდან და ყარაბაღს მეორე ომის მსვლელობისას დავინახეთ არაერთი მინიშნება იმისა, რომ ისინი უკმაყოფილოები იყვნენ ფაშინიანის პოზიციით და მისი გატარებული პოლიტიკის მიმართ. საერთო ჯამში კრიზისის დაძლევის მიზნით, ხელისუფლებამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - დანიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც ისევ ფაშინიანმა გაიმარჯვა. რეალურად ვერ შესრულდა რუსეთის მიზნები, ვერ მოხდა სომხეთში ხელისუფლების შეცვლა, რაც საქართველოსთვისაც მისასალმებელია და ჩნდება იმის განცდა, რომ დემოკრატიული პროცესები რეგიონში კვლავაც ძლიერია და მარტონი არ ვართ ამ რეგიონში. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო ფაშინიანის გამარჯვება საქართველოსთვის" , - განაცხადა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, სომხეთის ცენტრალურმა კომისიამ ხმების დათვლის პროცედურა 2008-ვე საარჩევნო უბაზე დაასრულა. წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია, "სამოქალაქო შეთანხმება", ამომრჩეველთა ხმების 53.92%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი "სომხეთი", 21.04%-ით. მესამე ადგილს იკავებს საარჩევნო ბლოკი "მაქვს პატივი", რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, ხმების 5.23% მოიპოვა.