ევროკავშირმა და აშშ-მა ბელარუსულ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს დამატებითი სანქციები დაუწესეს - კვირის პალიტრა

ევროკავშირმა და აშშ-მა ბელარუსულ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს დამატებითი სანქციები დაუწესეს

ევროკავშირმა და აშშ-მა ბელარუსული კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესეს.ევროკავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანქციები შეეხება 8 ბელარუსულ კომპანიას და 78 ფიზიკურ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან „ბელარუსში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოებაზე, დემოკრატიულ ოპოზიციასა და ჟურნალისტებზე ძალადობრივ რეპრესიებზე“.

გარდა ამისა, ახალი სანქციები დაუწესდათ შვიდ პირსა და ერთ დაწესებულებას, რომლებიც დაკავშირებულნი არიან 23 მაისს მომხდარ ინციდენტთან, როცა Ryanair-ის თვითმფრინავი მინსკში იძულებით დასვეს და ბელარუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი დააკავეს.

ევროკავშირის განმარტებით, ამ პირებს შორის არიან ცნობილი ბიზნესმენები, რომლებიც მხარს უჭერენ და სარგებლობენ ლუკაშენკოს რეჟიმისგან. „ამიტომ ეს სანქციები კიდევ უფრო მძაფრ სიგნალს უგზავნის რეჟიმის მომხრეებს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართ მუდმივი მხარდაჭერა ძვირად დაუჯდებათ“, - წერია ევროკავშირის განცხადებაში.

ამჟამად ევროკავშირის სანქციები სულ 166 პირსა და 15 კომპანიას ეხება. სანქციები გულისხმობს ფინანსური აქტივების გაყინვას, ფინსური საქმიანობების შეზღუდვას ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე აკრძალვას. აშშ-მა, ბრიტანეთთან, კანადასთან და ევროკავშირთან კოორდინაციით ასევე დაუწესა სანქციები ბელარუსს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ „შავ სიაში“ შეიყვანეს 5 ბელარუსული კომპანია და 16 ფიზიკურ პირი. მათი სანქციებიც უკავშირდება „ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ გამძაფრებულ ძალადობასა და ესკალაციას“, მათ შორის Ryanair-ის თვითმფრინავთან დაკავშირებულ ინციდენტს და არჩევნების შემდეგ მშიდობიანი პროტესტის ჩახშობას.

„შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები არ შეეგუებიან ბელარუსში დემოკრატიის წინააღმდეგ შეტევას და დამოუკიდებელ პირებზე უწყვეტ რეპრესიებს“, - აცხადებენ სახაზინო დეპარტამენტში.

"ინტერპრესნიუსი"