"კავკასიაში ამერიკელ დიპლომატებს "ნაღმებზე გავლა" მოუწევთ" - რას წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა?
23-06-2021
"კავკასიაში ამერიკელ დიპლომატებს "ნაღმებზე გავლა" მოუწევთ" - რას წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა?
ფოტო:უოლტერ მიდი
ამერიკულ გავლენიან გაზეთ "უოლ სთრით ჯორნელში" (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "კავკასიაში ამერიკელ დიპლომატებს "ნაღმებზე გავლა" მოუწევთ", რომელშიც ავტორი, პოლიტიკური მიმომხილველი უოლტერ მიდი აანალიზებს კავკასიის რეგიონში აშშ-ის ინტერესებს, ვაშინგტონის დამოკიდებულებას ადგილობრივ ქვეყნებთან (განსაკუთრებით - სომხეთთან და აზერბაიჯანთან) და გარკვეულ დასკვნას აკეთებს აშშ-ის ხელისუფლებისათვის - კავკასიაში ვაშინგტონის დასაყრდენი აზერბაიჯანი უნდა იყოს.

პუბლიკაცია იწყება აზერბაიჯანის მიერ სომეხი ტყვეების გათავისუფლების ფაქტით, რომელიც აშშ-ის ძალისხმევით განხორციელდა. ავტორი თვლის, რომ ამით ვაშინგტონმა
რეგიონში თავისი ინტერესები დაადასტურა: "ეს მოწმობს იმას, რომ ამერიკული დიპლომატია კავკასიაში "ცოცხალია" და ვითარდება. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიის გამარჯვებაც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში იმას აჩვენებს, რომ დიპლომატიური შესაძლებლობების რეალიზების "ფანჯარა ღია რჩება". მაგრამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ფრთხილი მოქმედება მოუწევს: ამ რეგიონში, ჩვეულებრივი ნაღმების გარდა, ბევრი გეოპოლიტიკური
ნაღმიც დევს. შესაბამისად, ამერიკელი დიპლომატები თუ არასწორ ნაბიჯს გადადგამენ, ამით შეუძლიათ, პოლიტიკური აფეთქება გამოიწვიონ და კარიერას დაემშვიდობონ".

კავკასია ამერიკისგან შორს მდებარე რთულ, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონს წარმოადგენს, რომელსაც ამერიკელები ყურადღებას ხშირად არ აქცევენ. არადა, სწორედ ამ რეგიონზე გადის ის ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც ცენტრალური აზიიდან ნავთობი და გაზი დასავლეთში უნდა გაიტანონ, რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით. მას შემდეგ, რაც 1990 წელს სამხრეთ კავკასიის ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა თავიანთი დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, მათ ტერიტორიაზე (კერძოდ, საქართველოში) რამდენიმე სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, ხოლო ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის გამო, რომელიც ფორმალურად აზერბაიჯანს ეკუთვნოდა, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სისხლისმღვრელი ომი გაჩაღდა. ასევე, სამხედრო კონფლიქტი მოხდა ჩრდილო-კავკასიაშიც, ჩეჩნეთში, რუსეთის ტერიტორიაზე...

კავკასიურ კონფლიქტებს საერთაშორისო წესრიგზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ; 1999 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომში წარმატებამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საშუალება მისცა, თავისი ავტორიტეტი განემტკიცებინა და ქვეყანა მტკიცედ გაეკონტროლებინა. 2008 წელს ვლადიმერ პუტინის ჯარების საქართველოში შეჭრით დადგა ის მომენტი, როცა მოსკოვმა პირველად დაიწყო იმ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა, რომელიც მსოფლიოში ცივი ომის შემდეგ იყო შექმნილი. გასულ წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარმა ომმა მთიანი ყარაბაღის გამო, როცა სომხეთი, რუსეთის მხარდაჭერის მიუხედავად, მაინც დამარცხდა, აჩვენა, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ერთგვარი მნიშვნელოვანი ძვრა მოხდა, რომლის შედეგებს მოგვიანებით დავინახავთ.

კავკასიის პოლიტიკაში აშშ-ის ჩაბმა პრობლემებთან არის დაკავშირებული - იმიტომ, რომ ვაშინგტონის ინტერესები, ამერიკული ფასეულობები, თითქოსდა, დანაწილებული და გაფანტულია სხვადასხვა მიმართულებებით [ადგილობრივ სახელმწიფოებს შორის]:
სომხეთთან ამერიკის კავშირები ძლიერი და ღრმა რჩება, რადგან ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის დროიდან, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, სომხების დასახმარებლად აქ ამერიკელი მისიონერები მოღვაწეობდნენ. გარკვეულწილად სწორედ მათი დამსახურებაა ის, რაც მსოფლიომ სომეხთა გენოციდის შესახებ გაიგო. დღეს აშშ-ში სომხური მრავალრიცხოვანი დიასპორა არსებობს, ამერიკელი სომხები აქტიურად ეხმარებიან ისტორიულ სამშობლოს... ასე რომ, აშშ-ის ხელისუფლებას, უბრალოდ, არ შეუძლია, კავკასიური პოლიტიკის გატარების დროს ამერიკელი სომხების ინტერესები მხედველობაში არ მიიღოს.

აზერბაიჯანიც ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს. კასპიის ნავთობი ყოველწლიურად მილიონობით ბარელი გადაიტვირთება ევროპაში და ისრაელში მილსადენ "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით"... აზერბაიჯანი კავკასიის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ერთდროულად ესაზღვრება რეგიონის ყველა ქვეყანას - რუსეთსაც, სომხეთსაც და საქართველოსაც, პლუს - თურქეთს და ირანს. მუსლიმანურ (შიიტურ) აზერბაიჯანს მეგობრული ურთიერთობები აქვს ისრაელთან. ირანში ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რომლებსაც მტკიცე კულტურული და მჭიდრო კავშირები აქვთ აზერბაიჯანთან. ეს ფაქტორი ძალზე მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, რომელიც ცდილობს, ინფორმაცია ჰქონდეს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ.

აზერბაიჯანელი ჩინოვნიკები ღიად საუბრობენ თავიანთ სწრაფვაზე, დასავლეთთან კავშირების განმტკიცების მიზნით. იმავდროულად, სომხეთს მეტ-ნაკლებად მეგობრული ურთიერთობები აქვს მოსკოვთან და თეირანთან: აზერბაიჯანთან ომის დროს რუსეთი სომხეთს ირანის გავლით ამარაგებდა, რის გამოც ირანელმა აზერბაიჯანელებმა საპროტესტო აქციები მოაწყეს. სომხეთს რუსეთთან ისტორიული კავშირები აქვს, რუსეთი ბევრჯერ დახმარებია მათ გაჭირვებაში, მხოლოდ რუსეთი პასუხობდა სომეხთა თხოვნას. აქედან გამომდინარე, რუსი მშვიდობისმყოფელები ერთადერთ ძალას წარმოადგენენ, რომელიც აზერბაიჯანს შეაკავებს სომეხთა წინააღმდეგ.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი რომ არ ყოფილიყო, აზერბაიჯანი, რომელიც ბევრად ძლიერია სომხეთზე ეკონომიკურად და მოსახლეობითაც ბევრად მრავალრიცხოვანია, შეიძლებოდა, აშშ-ის პოლიტიკის ცენტრი ყოფილიყო კავკასიაში - კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მიუხედავად. მით უმეტეს ახლა, როცა შეერთებულ შტატებს ავღანეთიდან ჯარი გამოჰყავს და თავის შეირაღებულ ძალებს ახლო აღმოსავლეთშიც ამცირებს, ვაშინგტონს რეგიონში მოკავშირეები ჭირდება, ანუ ისინი, რომლებიც აშშ-ის ინტერესებს დაიცავენ. მოკავშირეობის თვალსაზრისით აზერბაიჯანი ყველაზე შესაფერისი სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია და მზად არის კიდეც აშშ-ის დასახმარებლად. შესაბამისად, აზერბაიჯანთან ურთიერთობის აწყობა ისე, რომ სომხები არ გაღიზიანდნენ, რთული იქნება, მაგრამ ვაშინგტონს უკვე აქვს ისეთ მოკავშირეებთან დამოკიდებულების გამოცდილება, რომლებიც ერთმანეთს მტრობენ - მაგალითად, სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთან, ისრაელთან და საუდის არაბეთთან... II მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელმა დიპლომატებმა ისწავლეს ძნელად შესასრულებელი ამოცანების გადაწყვეტა.

გასულ კვირას მომხდარმა ტყვეების გათავისუფლების ფაქტმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ორივე მხარესთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მისცა. იმედი უნდა გვქონდეს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შეძლებს ამ წარმატებით სარგებლობას, რათა კავკასია უფრო მშვიდობიანი გახდეს და ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსეთის გავლენაზე", - ასეთ დასკვნას აკეთებს ავტორი სტატიის დასასრულს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ


რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?