იაპონიის მთავრობა კომპანიებს 4-დღიანი სამუშაო კვირის დაწესების რეკომენდაციას აძლევს - კვირის პალიტრა

იაპონიის მთავრობა კომპანიებს 4-დღიანი სამუშაო კვირის დაწესების რეკომენდაციას აძლევს

იაპონიის მთავრობის წლიური ეკონომიკური პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებები მოიცავს ახალ რეკომენდაციებს კომპანიების მიმართ, საშუალება მისცენ თანამშრომლებს, კვირაში 5 დღის ნაცვლად 4 დღე იმუშაონ, - ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იაპონიის პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ, კომპანიები დაარწმუნონ, რომ მოქნილი სამუშაო საათები, დისტანციური სამუშაო რეჟიმი და ბევრი სხვა ღონისძიება სარგებლის მომტანი იქნება, თუკი ჯანმრთელობის კრიზისის დასრულების შემდეგაც ძალაში დარჩება.

იაპონიის მთავრობის რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირის დაწესების შემთხვევაში კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, შეინარჩუნონ გამოცდილი კადრი, რომლებიც სხვადასხვა ოჯახური მიზეზის გამო, როგორიცაა ოჯახის შექმნის სურვილი თუ მოხუც ნათესავზე ზრუნვის აუცილებლობა, იძულებულები არიან, სამსახური დატოვონ.

მთავრობის განმარტებით, ოთხდღიანი სამუშაო კვირა ხელს შეუწყობს უფრო მეტ ადამიანს, მიიღონ დამატებითი განათლება და აიმაღლონ კვალიფიკაცია. ამასთან, ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ კიდევ ერთი დასვენების დღე ადამიანებს წაახალისებს, დროის გასატარებლად შინიდან გავიდნენ და მეტი დახარჯონ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაზრდას. ასევე მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდებს უფრო მეტი დრო ექნებათ შეხვედრისთვის, დაქორწინებისთვის და შვილების გაჩენისთვის, რაც, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს შობადობის შემცირების პრობლემის გადაჭრას.