გაზრდილი სტატისტიკა დიდ ქალაქებში და წახალისება ვაქცინირებულებს - უკავშირდება თუ არა კოვიდ-"აფეთქება" რუსეთში "ინდურ" შტამს? - კვირის პალიტრა

გაზრდილი სტატისტიკა დიდ ქალაქებში და წახალისება ვაქცინირებულებს - უკავშირდება თუ არა კოვიდ-"აფეთქება" რუსეთში "ინდურ" შტამს?

კორონავირუსის ახალმა, "ინდურმა" შტამმა, რომელსაც "დელტა" შტამსაც უწოდებენ, რუსეთის დიდ ქალაქებში, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მკვეთრად გაზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ასეთი რთული ვითარება მთელი პანდემიის პერიოდში არ ყოფილა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ქალაქში ვირუსის გავრცელებით გამოწვეული სიტუაცია საკმაოდ რთულია. საავადმყოფოებში 14 ათასზე მეტი მძიმე ავადმყოფია, ქალაქის ჯანდაცვის სისტემა სრული დატვირთვითა და მობილიზაციით მუშაობს.

ვირუსის გავრცელებასთან ერთად, აქტიურად მუშაობენ მოსახლეობის ვაქცინაციაზე. ბოლო პერიოდში მოსკოვში ვაქცინირებულთა რაოდენობა ორ მილიონ ადამიანს აღწევს.

"ინდური" შტამის ასე სწრაფად გავრცელებისა და მოსახლეობის ინფიცირების გამო, ხელისუფლებამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო. 28 ივნისიდან რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებს, მხოლოდ ის ადამიანები ესტუმრებიან, ვინც ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთა ან უკვე დაამარცხა ვირუსი და ანტისხეულების მატარებელია ან ტესტირების შედეგად უარყოფითი პასუხი მიიღო.

მოქალაქეები რესტორნებში შესვლისას QR-კოდს წარადგენენ, სადაც მითითებული იქნება, რომ მათ ვაქცინაცია გაიარეს.

ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებაც გააკეთა და თქვა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია რუსეთის ზოგიერთ რეგიონში უარესდება. კრემლი შემთხვევების ზრდას ვაქცინის გაკეთების მიმართ მოსახლეობის ნიჰილიზმს უკავშირებს. რუსეთმა ვაქცინაციის პროგრამაში გამოყენებისთვის ქვეყანაში წარმოებული 4 ვაქცინა დაამტკიცა. მათ შორის, ყველაზე პოპულარული Sputnik V-ი კი არა ერთ ქვეყანას მიჰყიდა. როგორც BBC წერს, მიუხედავად ამისა, ბოლო დრომდე ქვეყანაში ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობდა, თუმცა ზოგიერთი ექსპერტის აზრით, შესაძლოა, ვაქცინამ ვირუსისგან მოსახლეობა ვერ დაიცვას, სწორედ ამიტომ ისინი ახალ კვლევებს ატარებენ.

ვაქცინაციაზე და იმ ადამიანთა დისკრედიტაციაზე, ვინც არ აიცრება, კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა: "ადამიანები იმუნიტეტის ან ვაქცინაციის გარეშე ვერ შეძლებენ ყველგან მუშაობას. ეს შეუძლებელია. ეს საფრთხეს შეუქმნის გარშემო მყოფებს".

სიტუაცია ქვეყანაში პერიოდულად უფრო რთულდება. გასული კვირის ბოლოს მოსკოვის მერი ჯერ კიდევ იმედოვნებდა, რომ ქალაქში სიტუაცია სტაბილური იყო, თუმცა გასულ პარასკევს განცხადება გააკეთა, რომ სხვადასხვა დაწესებულებამ დასვენებები კიდევ ერთი კვირით უნდა გააგრძელოს, ხოლო რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქალაქში რთული პანდემიური ვითარებაა და ახალი შემთხვევების რაოდენობა 80%-ით გაიზარდა.

პეტერბურგში კი ახალი შტამით სწრაფად ინფიცირების მაჩვენებელი 8 ივნისს აღინიშნა, ხოლო 15 ივნისს 6805 შემთხვევა დაფიქსირდა.

უკავშირდება თუ არა კოვიდ-"აფეთქება" "ინდურ" შტამს?

როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავს იკავებს კოვიდის ახალი შტამების გეოგრაფიული დასახელებებისგან და ინდოეთში გავრცელებულ შტამს В.1.617.2 ან "დელტა" კლასიფიკაცია მისცა.

კორონავირუსის სტატისტიკური მონაცემებით, რუსეთში ახალი "დელტა" შტამი აპრილში გავრცელდა. ის საკმაოდ აქტიურად ვრცელდებოდა და აქამდე არსებულ კოორნავირუსის სახეობას ანაცვლებდა, მათ შორის - "ბრიტანულს", იმავე "ალფა" შტამს.

ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ "დელტა", იგივე "ინდური" შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე "ალფა" შტამი.

რას სთავაზობს ხალხს მთავრობა?

"მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ვაქცინაცია! ვაქცინაცია! ვაქცინაცია! - ამბობენ მთავრობის წარმომადგენლები და ექიმები.

გასულ კვირას მოსკოვის მერის გადაწყვეტილებით, ქალაქში აიკრძალა მასობრივი შეკრებები, ხოლო რესტორნებს და ღამის კლუბებს ღამე მუშაობის უფლება შეუჩერდათ. ქალაქში 1 კვირა უქმედ გამოცხადდა. მუშაობას აგრძელებენ თეატრები და კინოთეატრები. როგორც ჩანს, მთავრობის წევრები გადაწყვეტილების მიღებისას ფიქრობდნენ, რომ მოსახლეობა დასვენების დღეებში ქალაქგარეთ გავიდოდა და მოსკოვში მოძრაობა შემსუბუქდებოდა, თუმცა საღამოს მოსკოვის ქუჩებში უფრო დიდი საცობები შეიქმნა. ქალაქში დარჩენილმა მოსახლეობამ არ გაითვალისწინა აკრძალვები და გაფრთხილებები და ისინი ადგილობრივ სანაპიროებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისვენებდნენ.

ვაქცინაცია

რუსეთში კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, არ წყდება მოსახლეობის ვაქცინაცია. ახალი რეგულაციების თანახმად, მათ ვაქცინაციის შემდეგ შეეძლებათ, თავისუფლად ესტუმრონ კაფე-ბარებსა თუ რესტორნებს. ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა საჭირო გახდა ზოგიერთ დაწესებულებაშიც. სწორედ ამიტომ "შავ ბაზარზე" მოსახლეობას გაყალბებულ სერთიფიკატებსაც სთავაზობენ.

მოსკოვში მცხოვრებთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ რუსული ვაქცინა მათ ვერ უშველის და არც აპირებენ მის გაკეთებას.

ერთი-ერთი სამედიცინო დაწესებულების კარდიოლოგს, ვიქტორიას, როგორც აღმოჩნდა, სეზონური ალერგია აწუხებს. ის არ ენდობა რუსულ ვაქცინას და არ თვლის, რომ ეფექტიანია, ამიტომ მას არ სურს, სავალდებულო ვაქცინაციის პროგრამაში ჩაერთოს. ფიქრობს, რომ ის არც კორონავირუსისგან დაიცავს და შესაძლოა, სხვა გვერდითი მოვლენებიც გამოიწვიოს:

"არ ვიკეთებ ვაქცინას მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო - არ მესმის, რას მომცემს კარგს ეს ვაქცინა მისი გაკეთების შემდეგ", - ის აღიარებს, რომ "დელტა-შტამით" გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესება საგანგაშოა, თუმცა ვაქცინაციით გამოწვეული მოულოდნელი გვერდითი მოვლენა უფრო აშინებს.

ტელეგრამზე კი გამოჩნდნენ ისეთი პირებიც, ვინც მოსახლეობას ფიქტიური სერთიფიკატის მიღებას გარკვეული თანხის სანაცვლოდ ჰპირდება. ყალბი სერთიფიკატის ფასი 2800-დან 15 ათას რუბლამდე მერყეობს. როგორც სერვისის მიმწოდებლები დაინტერესებულ პირებს წერენ, მათ მოსახლეობის პირადი ინფორმაციის რეგისტრაცია ოფიციალურ საიტებზე შეუძლიათ. (წყარო)