"აცნობიერებდნენ თუ არა ლონდონში იმას, რომ ასეთი მარშრუტი რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევდა?" - რას წერს ბრიტანული პრესა შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტზე - კვირის პალიტრა

"აცნობიერებდნენ თუ არა ლონდონში იმას, რომ ასეთი მარშრუტი რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევდა?" - რას წერს ბრიტანული პრესა შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტზე

შავ ზღვაში ამ დღეებში მომხდარი ინციდენტი ბრიტანული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. გაზეთების პუბლიკაციებში შეფასებულია რუსეთის მოქმედება და ის საერთაშორისო პერსპექტივა, რაც კრემლის მიერ გატარებული აგრესიული პოლიტიკით გამოიხატება. ბრიტანული პრესა ასევე წერს "კულისებში" მომხდარ ზოგიერთ საინტერესო ფაქტზე, თუ როგორ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ბრიტანული სამხედრო გემის ყირიმის ნაპირებთან ახლოს ცურვის თაობაზე.

გთავაზობთ გაზეთ "თაიმსში" და "დეილი ტელეგრაფში" გამოქვეყნებული სტატიების მიმოხილვას:

"რუსეთმა გარისკა და შავი ზღვის მშფოთვარე რეგიონი პოტენციური საომარი მოქმედებების თეატრად გადააქცია, რითაც დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვის ყველა მცდელობას ხაზი გადაუსვა. როცა რუსულმა სამხედრო ხომალდმა ბრიტანულ ნაღმოსანს ცეცხლი გაუხსნა და მძლავრმა რუსულმა თვითმფრინავმა "სუ-24"-მა ბომბების ჩამოყრა დაიწყო, გასაგები გახდა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი როგორც არასდროს, ისე არის მზად ნატოსთან დამოკიდებულების ესკალაციისათვის", - წერს ბრიტანული გაზეთი სტატიაში სათაურით - "დეფენდერთან დაკავშირებული ინციდენტით პუტინმა შეგვახსენა, რომ ომის დაწყებაც შეუძლია" (ავტორი - როჯერ ბოისი).

"ადრე ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო. კი, იყო სხვადასხვა წვრილი შემთხვევა, მაგალითად, როცა შოტლანდიის ჩრდილოეთით რუსეთის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა გადაიარეს, ბრიტანეთმა თავისი ავიაგამანადგურებლები - "ტაიფუნები" ააფრინა, ანდა როცა რუსული ხომალდები ლა-მანშის სრუტეში მიცურავდნენ, ბრიტანეთი მათ თვალს ადევნებდა, მაგრამ ის, რაც შავ ზღვაში ჟენევის შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე დღეში მოხდა, იმის დემონსტრაციაა, რომ მოსკოვი სამხედრო-საზღვაო შეტაკებისგან უკან არ დაიხევს.

რუსეთს ნერვიულობის მიზეზი აქვს: ყირიმში მისი სამხედრო ბაზა - სევასტოპოლი მდებარეობს, რომელმაც 2014 წელს ყირიმის ანექსიაში მთავარი როლი შეასრულა. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა ყირიმს უკრაინის ნაწილად აღიარებს და როცა დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის გემები შავ ზღვაში შევიდნენ, ლონდონს არ დავიწყებია ყირიმის სტატუსი.

რუსეთს სურს, რომ "გაყინული კონფლიქტებით" სარგებლობა გააგრძელოს. ვლადიმერ პუტინის ასიმეტრიული ძალა აშშ-სთან და ნატოსთან მიმართებით სწორედ ასეთ მოქმედებაში გამოიხატება - მას შეუძლია სწრაფად მოახდინოს სიტუაციის ესკალაცია ყოფილი საბჭოთა კავშირის კონფლიქტურ წერტილებში - მაგალითად, რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში... კრემლს, ასევე, შეუძლია, დაარღვიოს მყიფე მშვიდობა მთიან ყარაბაღში და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში (დონბასში).

ვლადიმერ პუტინს ნამდვილად აქვს იმის უნარი, რომ დიპლომატიიდან სწრაფად გადაერთოს ძალის გამოყენებაზე. მას შეუძლია ომის სიმულაცია და სამხედრო შეტაკების რეალურად დაწყებაც კი. შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სტაბილიზების იმედს არ იძლევა", - ასკვნის გაზეთი "თაიმსი". (წყარო)

-------------

რატომ გაიარა ბრიტანულმა ნაღმოსანმა "დეფენდერმა" ყირიმის ახლოს? აცნობიერებდნენ თუ არა ლონდონში იმას, რომ ასეთი მარშრუტი რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევდა? როგორც გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" (The Daily Telegraph) წერს, ექსკლუზიურ მასალებზე დაყრდნობით, სტატიაში - "მინისტრმა მინისტრი გააფრთხილა, საბოლოო გადაწყვეტილება კი პრემიერმა მიიღო" (ავტორები - ლიუსი ფიშერი და დენიელ შერიდანი), "დეფენდერის" მარშრუტის შერჩევაში თვითონ თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი მონაწილეობდა და ყველაფერი მისი თანხმობით მოხდა, თუმცა, როცა ეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა გაიგო, მან თავისი სამხედრო კოლეგა გააფრთხილა, რომ ამგვარ მოქმედებას, სავარაუდოდ, პოლიტიკურ-დიპლომატიური მწვავე გართულება მოჰყვებოდა და რუსეთი სიტუაციას თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის პრეროგატივას წარმოადგენდა, რომელმაც თავდაცვის მინისტრის პოზიციას მხარი დაუჭირა. იმავდროულად, ყველა დაეთანხმა იმ იდეას, რომ დიდ ბრიტანეთს ასეთი მანევრის განხორციელების უფლება აქვს.

როგორც "დეილი ტელეგრაფი" აღნიშნავს, გადაწყვეტილება "დეფენდერის" მარშრუტის თაობაზე ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე იქნა მიღებული, ხოლო სარდლობას (და გემის კაპიტანს) ის ორი დღით ადრე ეცნობა. იმავდროულად, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიხედვით, გემი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში მიცურავდა და მას რუსეთის სახელმწიფო საზღვაო საზღვარი არ დაურღვევია. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ