"არ მეშინია იმ კრიტიკული გამონათქვამებისა, რომლებიც პუტინის შესახებ ჩემს ნათქვამს შეიძლება მოჰყვეს" - კვირის პალიტრა

"არ მეშინია იმ კრიტიკული გამონათქვამებისა, რომლებიც პუტინის შესახებ ჩემს ნათქვამს შეიძლება მოჰყვეს"

საფრანგეთის ტელეარხმა TV5Monde-მ პირველ ივლისს, სახელწოდებით "ალენ დელონი მსოფლიოს წინაშე", ეთერში გადასცა ინტერვიუ ცნობილ კინოვარსკვლავთან, მსახიობ ალენ დელონთან. ინტერვიუს უძღვებოდა პროდიუსერი და ტელეწამყვანი სირილ ვიგე. საუბრის ვიდეოფრაგმენტები სხვადასხვა გამოცემებშიც გამოქვეყნდა. ამჟამად 85 წლის მსახიობი, რომელმაც ინსულტი ორჯერ გადაიტანა, პარიზიდან ახლოს, ლუარის დეპარტამენტში, თავის მამულში ცხოვრობს, თავს არიდებს მასმედიის წარმომადგენლებს, თუმცა მაინც დათანხმდა სირილ ვიგეს შეხვედროდა და მასთან ესაუბრა.

ინტერვიუში, რომლის შინაარსი დასავლურმა და რუსულმა წყაროებმაც გაავრცელეს, ალენ დელონი თავის აზრს სხვადასხვა საკითხებზე გამოთქვამს - როგორც კულტურის, ასევე პოლიტიკის სფეროდან. საუბრობს პოლიტიკოსებზე - მაგალითად, შარლ დე გოლზე, რომელიც ძალიან მოსწონს (ალენ დელონმა შეისყიდა დე გოლის 1940 წლის 18 ივნისის რადიოგამოსვლის ორიგინალი და მუზეუმს გადასცა), ასევე ჟორჟ პომპიდუსა და ვალერი ჟისკარ დ'ესტენის შესახებ. მსახიობი პასუხობს სირილ ვიგეს კითხვებს, რომლებიც ეხება თურქეთის ლიდერს რეჯეფ ერდოღანს, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ("იგი ძლიერი ქალია, რომელიც გერმანიას 20 წელი მართავს! ეს საოცარი და წარმოუდგენელია!"), აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ("ცუდი მმართველი იყო, უმჯობესია მან პოლიტიკას თავი დაანებოს, მსოფლიოს ნუ გააღიზიანებს და გოლფის თამაში გააგრძელოს"), მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ("მომწონს ჯო ბაიდენი და მისი გაკეთებული საქმეები, მას ძალიან მძიმე და რთული ცხოვრება აქვს გავლილი. ამერიკაში რომ ვცხოვრობდე, ხმას აუცილებლად ჯო ბაიდენს მივცემდი").

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს, ალენ დელონმა ვლადიმერ პუტინი ასე შეაფასა:

"იგი ძალიან უნარიანი და ძლიერი ადამიანია, რომელიც ადამიანებში აღტაცებასაც იწვევს და შიშსაც. ვერავინ უარყოფს იმას, რომ მან თავისი ქვეყანა მსოფლიო თამაშების [პოლიტიკის] ცენტრში დააბრუნა. ვხედავ, რომ ვლადიმერ პუტინი ყოველთვის აღწევს თავისას. არ ვიცი, ამას როგორ აკეთებს, მაგრამ ვატყობ, რომ ეს ძალიან რთულია. მე მასთან შეხვედრა მომიწია (სანქტ-პეტერბურგში, რამდენიმე წლის წინ - ს.კ.). ადვილი არ არის ასეთი უზარმაზარი ქვეყნის მართვა, რასაც იგი ამდენი ხნის განმავლობაში ახორციელებს".

მსახიობმა იქვე დასძინა: "მე არ მეშინია იმ კრიტიკული გამონათქვამებისა, რომლებიც პუტინის შესახებ ჩემს ნათქვამს შეიძლება მოჰყვეს". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ