"დარწმუნებული ვიყავი, რომ რიგში დაგვაყენებდნენ და დაგვხვრეტდნენ"
"დარწმუნებული ვიყავი, რომ რიგში დაგვაყენებდნენ და დაგვხვრეტდნენ"
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები უკვე დასრულდა, თუმცა ათობით სომეხი სამხედრო ისევ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ციხეში იმყოფება. ბაქოში, პატიმრობაში მყოფი სამხედროები სახლში წერილის გაგზავნისას ამბობენ, რომ ყველაფერი კარგადაა, თუმცა ვინც პატიმრობას თავი დააღწია, ყველა ფიზიკურ ძალადობასა და ციხეში არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს. "ბიბისის" რუსულენოვანი სამსახური რამდენიმე მათგანის ისტორიას აქვეყნებს:

"მხოლოდ ორი ვაჟი მყავს - მეტი არავინ"

"გამარჯობა, ჩემო საყვარელო ოჯახო. წერილები მივიღე და ძალიან გამიხარდა. მეც ყველაფერი კ
არგად მაქვს. მამა, ჩემო ძვირფასო, სულიერად არ დაეცე. შენი შვილი თავს კარგად გრძნობს. თავს გაუფრთხილდი, ჯანმრთელობას მიხედე. დედა, ჩემო საყვარელო, ძვირფასო დედიკო, თავს გაუფრთხილდი, არცერთ წუთს არ დაკარგო იმედი და ძალიან არ ინერვიულო".

"მამა, გთხოვ აუცილებლად წადი ჩვენს ეკლესიაში და სანთელი დამინთე".

ეს წერილი სამველ სოგომონიანმა ვაჟისგან, სედრაკ სოგომონიანისგან მიიღო, რომელიც
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ციხეშია.

26 წლის სედრაკი იმ დროს სახლში იყო, როცა აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ისინი გიურმასთან ახლოს, სოფელ ლანჯიკში ცხოვრობენ.

"დარეკეს - სამხედრო ბლოკპოსტზე ცვლა უნდა შეეცვალათ. ყველა მის ტერიტორიას იცავდა. უმცროსი ბიჭის წაყვანაც უნდოდათ, მაგრამ წერილი დავწერე, რომ ორივეს ერთად წაყვანა არ შეიძლებოდა, მე მხოლოდ ორი ვაჟი მყავს - მეტი არავინ. ერთი სახლში დატოვეს და უფროსი - წაიყვანეს", - ამბობს სედრაკის მამა.

ბოლოს მამა-შვილმა 13 დეკემბერს, საღამოს ტელეფონით ისაუბრა. სერდაკმა მამას უთხრა, რომ ცვლას გადააბარებდა და მალე სახლში მივიდოდა. ამის შემდეგ ვაჟთან კავშირი გაწყდა.

"დილით გავიგეთ, რომ შვილი ტყვედ ჩავარდა. აზერბაიჯანელებმა ისინი ალყაში მოაქციეს და უთხრეს, ბიჭებო, იარაღი დადეთ და გარეთ გამოდით, თქვენს თავს რუსებს გადავაბარებთ, რომლებიც ახლოს დგანანო, მაგრამ ისინი რუსებს არ გადასცეს, მოატყუეს", - ამბობს სამველ სოგომონიანი.
სამველ სოგომონიანი სხვა სამხედრო ტყვეების მამებს ყოველ დღე ხვდება
სედრაკი სხვა სომეხ სამხედროებთან ერთად სოფელ ხინთაგლარს იცავდა, რომელიც შემდეგ ფრონტის ხაზადაც იქცა. შეთანხმების მიხედვით, იმ ტერიტორიაზე, რომელიც ადრე სომხეთის საკუთრებაში შედიოდა, რუსი მშვიდობისმყოფელები უნდა შესულიყვნენ, თუმცა უამრავი არეულობის ფონზე, რუსმა მშვიდობისმყოფელებმა რუკაზე მონიშნეს, რომ ეს სოფელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოექცა და ისინი 15 კილომეტრის მოშორებით დადგნენ.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში 12 დეკემბერს მომხდარს ასე აღწერენ: ხინთაგლარში სომეხი სამხედროები იდგნენ, შემდეგ სოფელთან აზერბაიჯანელები მივიდნენ, თქვეს, რომ ეს ტერიტორია მათ ეკუთვნის. სომხები არ დათანხმდნენ და ორივე მხარემ ცეცხლი გახსნა.

როგორც BBC წერს, აზერბაიჯანის მხარე აქ მომხდარს ანტიტერორისტულ ოპერაციას უწოდებს. რუსმა მშვიდობისმყოფელებმა კი გარკვეული დროის შემდეგ რუკა ჩაასწორეს.

ახლა ბაქოში მიიჩნევენ, რომ მათ "სომეხი მოქალაქეებისგან შემდგარი შეიარაღებული დაჯგუფება დააკავეს, რომელთაც უკანონოდ გადაკვეთეს აზერბაიჯანის საზღვარი, მოაწყვეს აფეთქებები, ხანძარი და სხვა ტერორისტული აქტი".

კითხვაზე, რამდენი სომხეთის მოქალაქეა ამ მიზეზით დაკავებული, ბაქოში BBC-ის ჟურნალისტებს პასუხი არავინ გასცა.

სომეხი ომბუცმენის თქმით, სედრაკის ისტორია არ არის უნიკალური შემთხვევა, მისი აზრით, აზერბაიჯანის ციხეში, დაახლოებით, 300 სომეხი სამხედროა.

30-წლიანი დაპირისპირების ფონზე, რა დროსაც ორი ომიც მოხდა, ქვეყნებმა უამრავი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგეს. წლების წინ, როცა ტერიტორია სომხეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა, მედიაში წერდნენ, რომ ადამიანებს უმოწყალოდ ექცეოდნენ, ახლა კი, როცა ტერიტორია აზერბაიჯანის კონტროლქვეშაა, ამბობენ, რომ აზერბაიჯანული მხარე ტყვეებს არაადამიანურად უსწორდება.

ბაქოში გამართული სასამართლო პროცესი

BBC-ის ჟურნალისტებთან ამ საკითხზე კიდევ ერთმა სომეხმა სამხედრომ ისაუბრა, რომელიც ნამდვილი სახელის თქმისგან თავს იკავებს და მათ აკოპ ოვანესიანის სახელით ესაუბრა.

აკოპის თქმით, ისინი ტყვედ მას შემდეგ ჩავარდნენ, რაც რუსეთის დახმარებით ორ მხარეს შორის შეთანხმება მოხდა.

"დარწმუნებული ვიყავი, რომ რიგში დაგვაყენებდნენ და დაგვხვრეტდნენ. ამ შემთხვევისთვის ყველას თითო ყუმბარა გვქონდა, რომ აგვეფეთქებია, მაგრამ გმირულად სიკვდილი ვერ შევძელით. ტყვედ როცა მივყავდით, გაგვიკვირდა, არაფერს რომ არ გვიკეთებდნენ. პირიქით, წყალი და სიგარეტი მოგვაწოდეს. მაგრამ ბაქოში რომ ჩაგვიყვანეს, მანქანიდან გადმოყვანისას ჩვენი ცემა დაიწყეს", - იხსენებს აკოპ ოვანესიანი.

"კამერა დიდი იყო, იქ ლოგინები ელაგა, მე იქვე ხელბორკილით მიმაბეს. თავიდან ჩემს საკანში კიდევ ერთი პატიმარი იყო, მაგრამ შემდეგ გაიყვანეს. 4 დღის განმავლობაში, ყოველ ორ საათში მცემდნენ, თითქოს, ეს გრაფიკი იყო. არც საპირფარეშოში გასვლის საშუალება მქონდა, არც საჭმელს მაძლევდნენ, ბოლოს უკვე ჭამაც არ მინდოდა", - იხსენებს ტყვეობაში გატარებულ დროს აკოპი.

ყოფილი პატიმრის თქმით, მეხუთე დღეს ის აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს, სადაც დაკითხვასთან ერთად უფრო სასტიკად სცემდნენ. როგორც ის ამბობს, ეკითხებოდნენ, სად იყო განლაგებული ტანკები და მათი შეიარაღება, ასევე, სად მდებარეობდა არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის - არაიკ არუთინიანის ბუნკერი.

"საბოლოო ჯამში, მაინც ესმოდათ, სად მე და სად არაიკ არუთინიანი, საიდან უნდა მცოდნოდა? გვეუბნებოდნენ, გაგასამართლებთ და 25 წელს მოგისჯითო, მაგრამ რატომ? ჩვენ ხომ სამხედრო ტყვეები ვიყავით".

ბოლო პერიოდში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოებიც, სადაც კარგად ჩანს, როგორ ექცეოდნენ ტყვედ ჩავარდნილ სამხედროებს. Human Rights Watch-ის წარმომადგენლებმა კადრები შეისწავლა და აზერბაიჯანის მხარეს, კონვენციის დაცვა მოსთხოვა.

მათი თქმით, ზოგიერთი სამხედრო, რომელიც ვიდეოში მოხვდა, ოჯახს წერდა, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდა.

"გვეუბნებოდნენ, რომ წერილი არ გაიგზავნებოდა, თუ ტექსტში რამე მინიშნება იქნებოდა. ჩვენს წერილებს "წითელი ჯვარი" პირდაპირ არ გზავნიდა. ჯერ მათ აზერბაიჯანელები კითხულობდნენ, რომელთა შორისაც არიან ისეთებიც, ვინც სომხური კარგად იცის. ციხის კამერაში ექვსნი ვიყავით და ყველანი ვიღიმოდით. იქ მხნედ ვიყავი, რადგან სახლში დაბრუნების იმედი მქონდა. საკუთარ თავს ვეუბნებოდით: ჩვენ ამას გავუძლებთ! ღმერთს მადლობა, რისიც გვეშინოდა და რასაც ვფიქრობდით, რომ დაგვმართებდნენ, ის არ მოხდა", - ამბობს ტყვეობიდან დაბრუნებული სამხედრო.

"აღარაფერი მაინტერესებდა"

ომის კიდევ ერთი მსხვერპლი - კარინა სარკისიანია, რომელიც ნამდვილი სახელის გაჟღერებისგან თავს იკავებს. ის ტყვეობაში ჩავარდა და აზერბაიჯანელებმა დაავალეს, ვიდეოს გადაღებისას მხოლოდ ერთი წინადადება ეთქვა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც აზერბაიჯანელი სამხედროები სახლს უახლოვდებიან და ამბობენ: "ჩვენ, აზერბაიჯანელი სამხედროები, ჩვენს სამშობლოში დავბრუნდით", "კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება თქვენს სახლში", - პასუხობს მას სომეხი გოგონა.

თავდაპირველად, ვიდეოს ნახვისას ამბობდნენ, რომ გოგონას პერსონაჟი გამოგონილი იყო და არ არსებობდა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ის რეალური პიროვნებაა.

როგორც კარინა ამბობს, ტყვეობაში მოხვედრის შემდეგ მას წინააღმდეგობის გაწევის ძალაც აღარ ჰქონდა.

"ტყვედ რომ ჩავვარდი, მითხრეს, თქვენებს უნდა გავაგებინოთ, რომ შენ ჩვენთან ხარ. მხოლოდ ამ ტექსტის წაკითხვა მოგიწევს: "კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება თქვენს სახლში", მიტოვებულ ფარდულში პლედი ნახეს და მხრებზე მომაფარეს, დამამშვიდებელიც მომაწოდეს, მაგრამ, მგონი, სხვა რამ იყო, მისი დალევის შემდეგ აღარაფერი მაინტერესებდა", - იხსენებს გოგონა.

"ტყვეების გაცვლა"


თებერვალში სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მათ 69 სამხედრო და სამოქალაქო პირი ტყვეობიდან გამოიხსნეს. განცხადება გააკეთა ილჰამ ალიევმაც და თქვა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამხედრო ტყვეები აღარ ჰყავთ.

ივნისში გაიმართა სასამართლო პროცესები. ასამართლებდნენ იმ პირებს, რომლებსაც აზერბაიჯანული მხარე - ტერორისტებს, ხოლო სომხეთის მხარე - სამხედრო ტყვეებს უწოდებენ.

15 ივნისს საქართველოს მხარის ჩართვით, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე მოხდა ტყვეებისა და რუკების გაცვლა. ბაქომ ერევანს ხალხი გადასცა, ხოლო ერევანმა ბაქოს ის რუკები გადასცა, სადაც დანაღმული ტერიტორიებია აღნიშნული.

ადამიანთა რუკებში გაცვლა, სამხედროების ოჯახის წევრებს უსამართლობად მიაჩნიათ, თუმცა, როგორც ჩანს, სხვა გამოსავალი აღარ დარჩა. (წყარო)