"ჰაიტის მოკლულ პრეზიდენტზე თავდასხმა პირველი არ ყოფილა" - ვინ დგას გახმაურებული მკვლელობის უკან - კვირის პალიტრა

"ჰაიტის მოკლულ პრეზიდენტზე თავდასხმა პირველი არ ყოფილა" - ვინ დგას გახმაურებული მკვლელობის უკან

7 ივლისის ღამეს ჰაიტის პრეზიდენტის - 53 წლის ჟოვენელ მოიზის სახლში, რომელსაც დაცვა იცავდა, დაქირავებული მკვლელები შეიჭრნენ. მათ ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს, ხოლო მისი მეუღლე მძიმედ დაჭრეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. ჰაიტის ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მკვლელობის უკან უცხოელი დაქირავებული მკვლელები დგანან. სამართალდამცავები მათ დაკავებას ამ დრომდე ცდილობენ.

როგორც "ბიბისი" წერს, გავრცელებული კადრებით თუ ვიმსჯელებთ, თავდასხმისას სახლში ორმხრივი სროლა მიმდინარეობდა. კედლებზე კარგად ჩანს ნატყვიარები.

ჰაიტის უსაფრთხოების ძალებმა 4 თავდამსხმელი მოკლეს, ხოლო 2 -  დააკავეს. სამართალდამცავთა ვარაუდით, ჯგუფის სხვა წევრები შესაძლოა ამ დრომდე ქალაქის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში იმალებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ერთმანეთს ესპანურად და ინგლისურად მიმართავდნენ, ჰქონდათ კარგი აღჭურვილობა და იყვნენ კარგად მომზადებულები.

ბოში ედმონდმა რომელიც აშშ-ში ჰაიტის ელჩია, Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "მკვლელობა ჩაიდინეს კარგად ორგანიზებულმა უცხოელმა დაქირავებულმა და პროფესიონალმა მკვლელებმა, რომლებიც ჩაცმულნი იყვნენ აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს (DEA) აგენტების ფორმაში".

თუმცა, ვინ დგას მკვლელობის უკან, ჯერ კიდევ უცნობია. როგორც Sky News-ის ჟურნალისტს ადგილობრივებმა უთხრეს, მათ ეს ამბავი ძალიანაც არ გაჰკვირვებიათ, რადგან ყველაფერი ამისკენ მიდიოდა.

"ეს ქარიშხლის ამოვარდნამდე ჩამოვარდნილ სიწყნარეს უფრო ჰგავს", - უთხრეს ჟურნალისტს ადგილობრივებმა.

ვინ დგას მკვლელობის უკან?

"ეს შესაძლოა ადგილობრივი კრიმინალები ყოფილიყვნენ, მაგრამ მათ ასეთი ორგანიზებულობა არ აქვთ, შესაძლოა, ადგილობრივი პოლიტიკოსებიც ყოფილიყვნენ, მაგრამ მათ გამბედაობა აკლიათ", - უთხრეს Sky News-ის ჟურნალისტს, სტიუარტ რამსეის.

სახელმწიფო გადატრიალებები ჰაიტელებისთვის უცნობი არ არის, თუ ასე ხდება, გადატრიალების ხელმძღვანელები მაშინვე ტელევიზიით გამოდიან და მედიის საშუალებით ესაუბრებიან მოსახლეობას, ამ შემთხვევაში კი ასე არ მოხდა.

ქვეყანაში რამდენჯერმე სცადეს გადატრიალების მოწყობა, რადგან, როგორც ამბობენ, პრეზიდენტ მოიზის პრეზიდენტობის ვადა თებერვალში დასრულდა, ის კი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ თანამდებობა ერთი წლით გვიან უნდა დაეტოვებინა. ოპოზიცია მას დიქტატურის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებდა.

მოიზის ერთი წლით კიდევ სურდა ხელისუფლების სათავეში ყოფნა, მიზეზად იმას ასახელებდა, რომ მისი არჩევისას, ერთი წლის განმავლობაში, მოვალეობას ვერ ასრულებდა, რადგან ახალ პრეზიდენტს საარჩევნო ხმების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ.

სიღარიბე და კორუფცია

ბოლო პერიოდში ქვეყანაში განსაკუთრებით გაიზარდა კრიმინალი. შეიარაღებული პირები ჰაიტის ქუჩებში უპრობლემოდ გადააადგილდებოდნენ, ამას თან დაერთო უკიდურესი სიღარიბეც. ამ მიზეზების გამო, მოიზს 2017 და 2019 წლებში არჩევნებზე ძალიან ცოტა ადამიანი უჭერდა მხარს.

ეს თავდასხმაც არ ყოფილა პირველი ჰაიტის პრეზიდენტის ბიოგრაფიაში. 2018 წელს მას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს, ის გადარჩა, თუმცა დაცვის სამი წევრი გარდაიცვალა.

თებერვალსა და მარტში კი ხალხმა აქციები მოაწყო. პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის უმაღლესი პალატის გაუქმება, ხოლო საპრეზიდენტო ვადის - გაზრდა ჰქონდა ჩაფიქრებული. მისი ახალი ინიციატივის მიხედვით, პრეზიდენტი სათავეში 4 წლის ნაცვლად 5 წლით იქნებოდა და ზედიზედ კიდევ ორჯერ შეძლებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

BBC-ის ცნობით, ჰაიტის 10,6-მილიონიანი მოსახლეობის 60% დღის განმავლობაში 2$-ზე ნაკლები თანხით ცხოვრობს. Sky News-ის ჟურნალისტის ცნობით, 2010 წელს, დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქი ისევ ნაომარ ქალაქს ჰგავს. ქალაქი არ განახლებულა, მათ შორის დანგრეულია პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია, რის გამოც მოიზი საკუთარ სახლში ცხოვრობდა. (წყარო)