"უკვე განიხილება ავღანურ პროცესებში რუსეთის უფრო აქტიური მონაწილეობა. შევა თუ არა მეორედ იმავე მდინარეში რუსეთი, დრო გვიჩვენებს..." - კვირის პალიტრა

"უკვე განიხილება ავღანურ პროცესებში რუსეთის უფრო აქტიური მონაწილეობა. შევა თუ არა მეორედ იმავე მდინარეში რუსეთი, დრო გვიჩვენებს..."

ძველი "ბატონის" მოლოდინში?!

"შეიძლება ამერიკელები ავღანეთში ფლობენ საათებს, მაგრამ დროს ვფლობთ ჩვენ!"

მოძრაობა "თალიბანი"

"11 სექტემბრის შემდეგ ახალგაზრდა ამერიკელების ყველა თაობისთვის თავისუფლებამ ახალი არსი, ახალი ფასი და მისი დაცვის მეტი პასუხისმგებლობა შეიძინა. თავისუფლებისთვის ბრძოლა დღეს მრავალ ფრონტზე მიმდინარეობს... ჩვენ უკან არ დავიხევთ! ჩვენ არ დავიღლებით და არც წავბორძიკდებით! მშვიდობა და თავისუფლება გაიმარჯვებს! ღმერთო, დალოცე ამერიკა!" - ამ სიტყვებით დაამთავრა 2001 წლის 7 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავისი მიმართვა და ქვეყანას ამცნო, რომ აშშ-ისა და მათი მეგობარი ქვეყნების სამხედრო ნაწილები ავღანეთში საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთვნენ. თუმცა მაშინ პრეზიდენტი, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ტერორიზმის ჩაკვლას მისივე აკვანში - ავღანეთში აპირებდა, ვერც წარმოიდგენდა, რომ ზუსტად 20 წლის შემდეგ - 2021 წლის 11 სექტემბერს, უკანასკნელი ამერიკელი ჯარისკაცი ისე დატოვებდა ავღანეთს, რომ ქვეყანას მშვიდობისა და თავისუფლების ნაცვლად ისევ "თალიბანი" შერჩებოდა ხელთ.

2020 წლის თებერვალში დოჰაში (ყატარი) აშშ-მა და ტერორისტულმა დაჯგუფება "თალიბანმა" სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამერიკული შეიარაღებული ნაწილები ქვეყანას 1-ლი მაისიდან დატოვებდნენ, თუმცა მას შემდეგ ვადა კიდევ შეიცვალა. როგორც ცნობილია, ამერიკული ნაწილები ავღანეთს 11 სექტემბერს დატოვებენ, მანჰეტენის ტერაქტებიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ.

1-ლი მაისს ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გამოყვანის დაწყებას აშშ-ში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. საყოველთაო მღელვარების ფონზე პრეზიდენტმა ბაიდენმა სცადა, ამერიკელები დაერწმუნებინა, რომ ავღანეთში მიზანი მიღწეულია და ამერიკული შეიარაღებული ძალები უსასრულოდ ვერ შეძლებენ მხარი დაუჭირონ ავღანეთის ხელისუფლების მდგრადობას, ავღანელ ხალხს აქვს უფლება და ვალდებულებაც, უხელმძღვანელონ ქვეყანას."

30 ივნისს ავღანეთი გერმანიისა და იტალიის სამხედრო ნაწილებმა დატოვეს, 2 ივლისს კი ავღანეთის მთავრობას ბაგრამის ბაზა გადაეცა. საინტერესოა, რომ ავღანეთის ხელისუფლება არ იყო პირველი, ვინც ბაგრამში შევიდა. მანამდე ბაზა მოროდიორებმა მოინახულეს და უამრავი საყოფაცხოვრებო თუ სამხედრო ნივთი გააყოლეს ხელს... სანამ ამერიკელები მთავრობის გადაწყვეტილებას იწუნებენ და ავღანეთიდან სამხედრო ნაწილების გამოყვანას გაქცევად აფასებენ, ამასობაში "თალიბანმა" ორთვიანი შეტევის შედეგად ავღანეთის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, თოფის გასროლის გარეშე დაიკავა.

მოსალოდნელი შურისძიების გამო ავღანური სამხედრო ნაწილები პოზიციებს თმობენ და გარბიან, მიუხედავად იმისა, რომ ავღანური არმია 187 000 ჯარისკაცს აერთიანებს და ქაბულის განკარგულებაში 300 000 ძალოვანია. ერთადერთ ბრძოლისუნარიან ძალად ისევ ამერიკელების მომზადებული და სრულად აღჭურვილი ავღანური სპეცრაზმები (30 000 ჯარისკაცი) აღიქმება. ავღანეთის ხელისუფლება, საჭიროების შემთხვევაში, ქაბულის დაცვას სწორედ მათ მიანდობს.

აშშ-ისა და ნატოს მოკავშირეების გასვლის შემდეგ "თალიბანი" ავღანეთში შეტევას რომ დაიწყებდა, მოულოდნელი არავისთვის იყო, თუმცა როდესაც ის ტაჯიკეთის საზღვართან გამოჩნდა და მდინარე პიანჯის ხიდზე ამ ქვეყანაში შესვლის შესახებ განაცხადა, ექსპერტები შეფიქრიანდნენ, რადგან "თალიბანს", რომელიც თავისი ისტორიის მანძლზე არასდროს ტოვებდა ქვეყნის საზღვრებს, შუა აზიაში შეჭრის ამბიცია გაუჩნდა (ამის შესახებ "კვირის პალიტრა" ჯერ კიდევ 2017 წელს წერდა). იმის გათვალისწინებით, რომ საზღვართან ახლოს არის 10 000-მდე მოჯაჰედიც, რომლებიც თავის დროზე სირიიდან და ლიბიიდან რატომღაც პირდაპირ ავღანეთის ტერორისტულ ბანაკებში აღმოჩნდნენ, ჩნდება კითხვა: რა დგას "თალიბანის" "ღირსების მარშის" უკან და უნდა ველოდოთ თუ არა უფრო ცხელ საომარ სეზონს ამჯერად ავღანეთსა და შუა აზიაში?

დღეს შუა აზიის ქვეყნებთან ავღანეთის სასაზღვრო ზოლს სრულად აკონტროლებს "თალიბანი". ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გამო ტაჯიკეთის საზღვართან უამრავი ლტოლვილი იყრის თავს. ავღანეთის მესაზღვრეების უმრავლესობა ტაჯიკეთში შესვლას ითხოვს. საზღვართან შექმნილი მდგომარეობის გამო ტაჯიკეთის მთავრობამ 20 000 რეზერვისტის მობილიზაცია და საზღვართან გადასროლა გადაწყვიტა. გაურკვეველია ტაჯიკეთში რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზის ბედიც. თუ გავითვალისწინებთ, რომ საომარი შეტაკებები სულ რაღაც 70 კილომეტრში მიმდინარეობს, შესაძლოა, მოვლენების ეპიცენტრში ეს ბაზაც აღმოჩნდეს.

აშშ-ის ადმინისტრაციამ სთხოვა ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის მთავრობებს, შეიფარონ ის 9000 თარჯიმანი, რომლებიც ამერიკელებთან თანამშრომლობის გამო შეიძლება "თალიბანის" სამიზნე გახდნენ. =ტაჯიკეთი ლტოლვილების მიღებას არ ჩქარობს იმის შიშით, რომ შეიძლება ლტოლვილებს "თალიბანის" მებრძოლებიც შეჰყვნენ და იქ მთვლემარე ისლამისტური ჯგუფები გაააქტიურონ. "თალიბანი", რომელმაც იცის, რომ ავღანეთისთვის ბრძოლა კიდევ კარგა ხანს მოუწევს, ავღანური არმიის ნაწილების რეკრუტირებას ცდილობს, რის შედეგად მას არა მარტო ნაალაფარი უახლესი სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო საშუალებები ექნება, არამედ მათი გამოყენებისთვის პროფესიონალებიც ეყოლება. "თალიბანი" თავის მხარდამჭერებს ჰპირდება, რომ როცა ამერიკელები საბოლოოდ დატოვებენ ქვეყანას, მათ ყველას თავიანთი მიწა ექნებათ, რაც ახალგაზრდებისთვის სატყუარაა. "თალიბანის" იდეებს, უკვე წლებია, მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს და ბოლო 20-მა წელიწადმაც დაგვანახა, რომ მისი ადამიანური რესურსი ამოუწურავია - დღეს "ტალიბების" რაოდენობა 2000 წლის მონაცემებს გაუთანაბრდა და 110 000 მებრძოლს მიაღწია (ზოგიერთი მონაცემით, ბოლო წლებში 10 000-ს არ აღმატებოდა). სწორედ იმის გამო, რომ "თალიბანს" მოსახლეობა მხარს უჭერს, მას აქვს საშუალება, პარტიზანული ომები წარმართოს, რასაც, როგორც არაერთხელ ვნახეთ, არმიით ვერ მოერევი, რადგან, ფაქტობრივად, შენს წინააღმდეგ იბრძვის არა ერთი დაჯგუფება, არამედ მთელი მოსახლეობა.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებს წინასწარმეტყველება უჭირთ, "თალიბანი" ცდილობს, მსოფლიო დაარწმუნოს, რომ მოლაპარაკებებს არ გაურბის და მხოლოდ კარგი ისლამური სახელმწიფოს შექმნას ითხოვს, სადაც ქალთა უფლებები გათვალისწინებული იქნება.(?!) გარდა ამისა, ცდილობს, თავის კეთილგანწყობაში დაარწმუნოს რუსეთიც. მოსკოვში შეხვედრაზე "თალიბანის" წარმომადგენელმა შიჰაბუდინ დელავარმა განაცხადა: "ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ "ისლამური ხალიფატი" ავღანეთის ტერიტორიაზე არ არსებობდეს". "თალიბანის" პოლიტოფისის წარმომადგენელმა სუჰელ შაჰინმა კი დასძინა: "ჩვენ ჩამოვედით რუსეთში, რათა ერთად გვემსჯელა ავღანეთში შექნილ სიტუაციაზე. გვინდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ ჩვენი მიზანი რუსეთზე ან ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმა არ არის".

როგორც სამხედრო წრეებში აცხადებენ, "თალიბანის" დაპირება დაპირებად რჩება, თუმცა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უკვე განიხილება ავღანურ პროცესებში რუსეთის უფრო აქტიური მონაწილეობა. შევა თუ არა მეორედ იმავე მდინარეში რუსეთი, დრო გვიჩვენებს.

ოფიციალური მონაცემებით

2018 წელს ავღანეთში ტერორიზმთან 18-წლიანი ბრძოლა აშშ-ს 2.36 ტრილიონი დოლარი დაუჯდა. დაიღუპა 2442 ამერიკელი ჯარისკაცი და მოკავშირე არმიების 1144 სამხედრო მოსამსახურე. ავღანეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგი 69000-ს სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს. "თალიბანის" დანაკარგი 51000 მებრძოლია, ავღანეთის მშვიდობიანი მოსახლეობისა კი 47000 ადამიანი.

* * *

1979-89 წლებში ავღანეთის ომს შეეწირა 14427 საბჭოთა ჯარისკაცი (200 დღემდე დაკარგულად ითვლება). დაიჭრა და დაშავდა 53000 სამხედრო. ტექნიკის ზარალი 109 თვიმფრინავი, 322 შვეულმფრენი, 147 ტანკი და 500-მდე ჯავშანმანქანაა. ფულადი ზარალი კი 70-80 მილიარდი დოლარია.

ნინო ბურჭულაძე